2020 წლის არჩევნები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

A+
A-

საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც "ახალგაზრდა" დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია კარგად იცოდნენ მათი საარჩევნო უფლებები, რათა სრულყოფილად ისარგებლონ ამ უფლებებით და უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით, სრულყოფილად ჩაერთონ ქვეყნის მართვა-გამგეობაში, რითაც შესაძლებლობა ექნებათ გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკის მათთვის მნიშვნელოვან სფეროებზე იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება თუ სხვა მიმართულებები.

საარჩვენო უფლებების სათანადო ცოდნისა და გამოყენების მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია საზოგადოების ისეთი დიდი უმცირესობის წევრებისთვის, როგორიც შშმ პირები არიან (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შშმ პირები მსოფლიო მოსახლეობის 12-15%-ია), რადგან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან მოითხოვს სწორად გააზრებულ დამატებით სპეციფიკურ ძალისხმევას. 

შესაბამისად, თუ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებაში არ იქნებიან ისეთი პირები,  რომელთაც  სწორად ესმით შეზღუდული შესაძლებლობის სპეციფიკა და შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევები (მგ. არა ადაპტირებული გარემო, ინკლუზიური განათლების აუცილებლობა, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ადეკვატური პირობები) მაშინ შშმ პირები მუდამ ამ მოუგვარებელი პრობლემების წინაშე იქნებიან.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის სრულყოფილად ჩაერთონ  სახელმწიფო თუ ადგილობრივი  ორგანოების არჩევნებში და აირჩიონ საზოგადოების ისეთი წარმომადგენლები ვისაც მათი საჭიროებები კარგად ესმის და შეუძლიათ ამ პრობლემების მეტ-ნაკლებად სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება. სწორედ  ამითაა განპირობებული შშმ პირებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა სათანადო ინფორმირების აუცილებლობა საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული საარჩევნო უფლებების შესახებ.

საქართველოს უმაღლესი კანონის,  კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად:

  1. "საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.                                                       
  2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში". 

როგორც კონსტიტუციის, ზემოთ აღნიშნული, მუხლიდან ჩანს, საარჩევნო ხმის  უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. 

როგორც ვხედავთ, საარჩევნო უფლების შეზღუდვის ორი მიზეზიდან ერთი, უკავშირდება საქართველოს მოქალაქის ისეთ შეზღუდულ შესაძლებლობას/ფსიქოსოციალურ საჭიროებას, რის გამოც, იგი მხარდაჭერის მიმღებადაა ცნობილი სასამართლოს მიერ და მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, მოთავსებულია სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთვევაში თუ მხარდაჭერის მიმღები პირი მოთავსებული არაა სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში მას ჩვეულებრივ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, "სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უნდა მოახდინონ საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ამომრჩევლისთვის. ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში კენჭისყრის დღეს, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოხდეს არსებული შენობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.11 ). ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.2).

დეტალური რეგულაციები დადგენილია ცესკოს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებითაც. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღის საარჩევნო პროცედურას და საუბნო სარჩევნო კომისიის წევრების ვალდებულებებს შშმ პირთა მიმართ შემდეგია: 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან  საუბრის დროს უნდა გამოიყენოს შემდეგი ტერმინები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • უსინათლო ან მცირემხედველი;
  • ყრუ ან სმენადაქვეითებული;
  • ეტლით მოსარგებლე.

არ შეიძლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან საუბრისას  გამოიყენოს ისეთი დამამცირებელი და დისკრიმინაციული ტერმინები როგორიცაა:  ინვალიდი,  ხეიბარი; ბრმა; ყრუ-მუნჯი; ეტლს მიჯაჭვული; გონებრივად ჩამორჩენილი; დაუნი; აუტისტი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან საუბრისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ამომრჩეველს მიმართოს პირდაპირ და არა მის თანმხლებ პირს;
  • ამომრჩეველს ჰკითხოს, საჭიროებს თუ არა სხვის დახმარებას;
  • დეტალურად აუხსნას ხმის მიცემის პროცედურები.

მიუღებელია - საარჩევნო კომისიის წევრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ამომრჩეველთან საუბრისას გამოხატოს სინანული და წუხილი მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კენჭისყრაში მონაწილეობის პროცედურები 

თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი გარდა (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 65.3):

  • საარჩევნო კომისიის წევრისა;
  • კანდიდატისა;
  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
  • დამკვირვებლისა;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.

უსინათლო და მცირემხედველ ამომრჩევლებთან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა მოიქცნენ შემდეგნაირად:

  • უსინათლო ამომრჩეველს ჰკითხონ გადაადგილებისას ხომ არ სჭირდება დახმარება და თანხმობის შემთხვევაში უნდა დაუდგნენ გვერდით და გაუწოდონ ხელი ისე, რომ ოდნავ შეეხონ მის მაჯას;
  • ესაუბრონ მკაფიოდ და ნელა.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი:

  • სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
  • უხსნის ამომრჩეველს იმ პროცედურას, რასაც რეგისტრატორი კომისიის წევრი  ახორციელებს;
  • უსინათლო ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს სპეციალურ ჩარჩო/ფორმაში ჩადებულ მდგომარეობაში;
  • მცირემხედველ ამომრჩეველს სთავაზობს გამადიდებელ ლინზას           

ყურადღება! რეგისტრატორი კომისიის წევრის მაგიდაზე აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო/ფორმა და გამადიდებელი ლინზა; ჩარჩო/ფორმაში არსებული ყოველი წრიული ჭრილი უნდა ემთხვეოდეს ბიულეტენში არსებული საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს; რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია უსინათლო ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენში არსებული საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ.    

ზედა კიდურების არმქონე ამომრჩევლებთან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა მოიქცნენ შემდეგნაირად (ცესკოს დადგენილება №20/2012):

  • არ გაატარონ მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურები;
  • ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში "ამომრჩევლის ხელმოწერა" აკეთებს  ჩანაწერს "ფიზიკური მდგომარეობა" და ხელმოწერით ადასტურებს;

ყურადღება! ზედა კიდურების არმქონე ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის  სჭირდება სხვისი დახმარება. მის მიერ არჩეული პირი, ზედა კიდურების არმქონე პირს ემხარება კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში. ასევე, მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს დებს სპეციალურ კონვერტში, რომელსაც ათავსებს საარჩევნო ყუთში.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებთან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა  მოიქცნენ შემდეგნაირად:

  • თუ საუბარი ერთ წუთზე მეტხანს გასტანს, დასხდნენ მის წინ და ესაუბრონ პირისპირ, ხოლო გადაადგილებისას გაუთავისუფლონ გზა, რათა  კენჭისყრის ოთახში  დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომლის მიხედვითაც ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა წერილობით ან ზეპირი ფორმით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 200).

ყურადღება!

  • თუ საარჩევნო უბანი ადაპტირებულია (შენობას გააჩნია პანდუსი ან/და მარტივი ადაპტაცია) აუცილებელია კენჭისყრის ოთახში განთავსდეს ხმის მიცემის სპეციალური კაბინა;
  • აკრძალულია ეტლზე დაყრდნობა ან ეტლით  მოსარგებლე ამომრჩევლის თვითნებური გადაადგილება                                                                                                           

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა მოიქცნენ შემდეგნაირად:

  • თუ ამომრჩეველი მიუთითებს, რომ მას არ ესმის ან არ შეუძლია საუბარი, ეკონტაქტონ  წერილობითი ფორმით;
  • თუ საარჩევნო უბანზე მოსულმა სმენის არმქონე ან/და სმენადაქვეითებულმა ამომრჩეველმა არ იცის კენჭისყრის პროცედურა, აჩვენონ კენჭისყრაში  მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

ყურადღება! სმენის არ მქონედა/სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს საუბრის დროს კომისიის წევრებმა უნდა უყურონ პირდაპირ. სმენის არ მქონე/სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეუძლია ცესკოს საინფორმაციო ცენტრში განახორციელოს ვიდეო ზარი და საარჩევნო უბანზე ისარგებლოს ჟესტური ენის  მცოდნე ოპერატორის მომსახურებით.

მხარდაჭერის მიმღებ/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებთან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა მოიქცნენ შემდეგნაირად:

  • თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს საუბარი არ შეუძლია და არ იცის ხმის მიცემის პროცედურა, აჩვენონ კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი

ყურადღება!  გახსოვდეთ, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 3 ა.გ; მუხლი 65.3).  

როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, საქართველოს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსისა და ცესკო-ს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები აშკარაა, რაც მისასალმებელია, თუმცა კვლავ რჩება მნიშნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შშმ პირთა აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლებების რეალიზების მხრივ.  

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი უწყება ცესკოა, მასაც კი აქვს დადგენილი რეგულაციების შესრულების პრობლემები. მაგალითიად შემიძლია მოვიყვანო ცესკოს მიერ შემუშავებული "შშმ ამომრჩეველთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების ინსტრუქციის" არასათანადოდ შესრულების ფაქტები და ჩვენი საკანონმდებლო თუ პროცედურული პროგრესის მთავრი "ნაკლიც" სწორედ ესაა.

ამის არაერთი მაგალითი მქონია, როგორც სამოქალაქო აქტივისტს  მაგ.:  ბათუმის ერთ-ერთ უბანზე მცირედხედველ ამომრჩეველს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამადიდებელი ლუპის ან/და ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმის მოძიების ნაცვლად, საკუთარი სათვალე შესთავაზა. ასევე, სმენადაქვეითებული პირებისთვის განკუთვნილი საარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერები უბნებზე არა თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული.

ხშირად, საარჩევნო უბნები შენობის მეორე სართულზე იხსნება მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი მოწყობა პირველ სართულზე.

მქონია შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნის შესასვლელი მხოლოდ იმიტომ არ გაუკეთებიათ შენობის პანდუსიანი მხრიდან, რომ პანდუსი შენობას უკანა ეზოს მხრიდან  ჰქონია, რის გამოც, უარი უთქვამთ მის გამოყენებაზე.

პრობლემურია აგრეთვე  გადასატანი ყუთით სარგებლობისას შშმ პირთა მიერ ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, რადგან არჩევნებში მონაწილე შშმ პირს ხშირად, მთელი ოჯახის და კომისიის წინაშე უწევს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. 

თვალშისაცემია პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობის საარჩევნო პროგრამებში შშმ პირთა საკითხებზე  ხედვების არარსებობა ან/და ისეთი ხედვების არსებობა, რომელიც მხოლოდ პენსიების მომატებით შემოიფარგლება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ

პოლიტიკური აქტიორების მხრიდან შშმ პირთა თემი განიხილება, როგორც  მხოლოდ დახმარების მიმღებ სუბიექტთა ერთობა და არა როგორც ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილის შემტანი ჯგუფი.

პარადოქსია, მაგრამ როგორც ჩანს, პარტიებს არ აქვთ გააზრებული ის პოტენციურად დიდი რესურსი, რაც შშმ პირთა თემს აქვს, როგორც პოტენციურ ამომრჩეველს, რადგან საქართველოში თუ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ, მინიმუმ 125 000 შშმ პირია (რაც გაცილებით ნაკლებია რეალურად არსებულ რაოდენობაზე) რომელთა უკან დგანან მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.

პარტიები თავიანთი პასიურობით კარგავენ მინიმუმ 200 000 პოტენციურ ამომრჩეველს. 

შედეგად ვიღებთ იმას, რომ შშმ პირთა ხმა საქართველოს პარლამენტში სათანადოდ არ "ისმის". ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ მოქმედი მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთადერთი შშმ პირი დეპუტატი იყო და ისიც მმართველი პარტიის  საარჩევნო სიით მოხვდა პარლამენტში, რაც ნამდვილად არაა საკმარისი საკანონმდებლო დონეზე შშმ პირთა უფლებების ეფექტიანად დასაცავად. 

შშმ პირთა ჩართულობას საარჩევნო პროცესებში აფერხებს საარჩევნო პროცესების არაინკლუზიურობა და მისი მიმდინარეობა არა ადაპტირებულ გარემოში მგ. არაადაპტირებული საარჩევნო სააგიტაციო მასალები, პოლიტიკური დებატების და საინფორმაციო გადაცემების ჟესტურ ენაზე მთარგმნელობა, შეხვედრების ჩატარება შშმ პირთათვის მიუწვდომელ გარემოში. ამას ემატება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები  შშმ პირთა "დაბალი" შესაძლებლობების შესახებ და არჩევნებზე შშმ პირთა დაბალი აქტიურობა, რაც, რა თქმა უნდა, მეტწილად ისეთი ობიექტური ფაქტორებითაა გამოწვეული, როგორიცაა მგ. ტრანსპორტისა და საარჩვენო უბნების შშმ პირთათვის მიუწვდომლობა და არა შშმ პირთა გულგრილი დამოკიდებულებით არჩევნების მიმართ. 

ყოველივე ეს ერთობლიობაში შშმ პირთა თემს ტოვებს საარჩევნო პროცესებს მიღმა და შესაბამისად, უკვე

ათეულობით წლებია სამთავრობო გუნდთა ცვლა შშმ პირთა უფლებების დაცულობაზე "კოსმეტიკურ" ცვლილებების ეფექტის გარდა სხვა გავლენას ვერ ახდენს. 

ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია ჩვენ, შშმ პირთა თემი გავაქტიურდეთ და მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა მაქსიმალურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესებში, იქნება ეს აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლებებით სარგებლობა, საარჩევნო სუბიექტთა შეხვედრებზე დასწრება და აზრის, ჩვენი პოზიციების გამოხატვა სხვადასხვა საკითხებზე თუ სხვა.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკურ აქტორებს, რომ ჩვენც შეგვიძლია არჩევნებზე ისეთივე მნიშვნელოვანი  გავლენა ვიქონიოთ, როგორც ასაკით პენსიონერ ამომრჩეველს ან მასწავლებლებს.

სწორედ ჩვენი გააქტიურებითაა შესაძლებელი პოლიტიკური აქტორების დაინტერესება ჩვენი, როგორც პოტენციური ამომრჩევლის დიდი ნაწილის, რასაც პარალელურად აუცილებლად მოჰყვება შშმ პირთა ჩართულობის გაზრდა საარჩევნო პროცესებში თუნდაც, პასიური საარჩევნო უფლებებით სარგებლობის დონეზე, ეს კი პარტიათა საარჩევნო პროგრამებში შშმ პირთა საჭიროებების ადეკვატური ასახვას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ორგანოში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებულ კვალიფიციურ კადრებს გააჩენს.

ეს კი თავის მხრივ გამოწვევს შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემების ეტაპობრივ მაგრამ რეალურ მოგვარებას. ამის ნათელი დადასტურებაა დასავლეთის ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც აშშ-ია. ის უდიდესი პროგრესი, რაც აშშ-ს აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით აქვს სწორედ, რომ ამერიკელი შშმ პირების იმ აქტივობის შედეგად, რაც მათ ჯერ კიდევ 50 წლის წინ დაიწყეს ედ რობერტსთან და სხვა ცნობილ შშმ პირ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. 

                                     ავტორი: რამინ მაჭარაშვილი                                                       

*ბლოგი მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის, საარჩევნო კანონმდებლობის და ცესკო-ს შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

 

 "ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

სხვა სიახლეები