ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მობილური მხარდაჭერის ჯგუფების სერვისს გაეცნო

A+
A-

აჭარაში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ორგანიზაციას "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ეწვია.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ კარლ ჰარცელს პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში", შესახებ უამბო. ელჩთან შეხვედრის დროს, კოალიციის თავმჯდომარემ დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზეც ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეგახსენებთ, რომ მობილური მხარდაჭერის ჯგუფებმა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, მუშაობა 2021 წლის 11 იანვრიდან განაახლა. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უფასოდ ემსახურება. 

მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას, როგორიცაა: ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაცია, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.

მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ People in Need Georgia-ის (PIN) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით.

 

 

სხვა სიახლეები