ღია წერილი და კითხვები საქართველოს ხელისუფლებას შშმ პირთა მდგომარეობაზე "კოვიდ-19"-ის პანდემიის პირობებში ბეჭდვა ელფოსტა

                                 

_.jpg

  

 

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მისი წევრი ორგანიზაციები და ნეიროგანვითარების ცენტრი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ღია წერილით მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა, პრევენციული ღონისძიებები და სოციალური დისტანცირება არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ უფრო მარგინალიზებულად აქცევს ამ თემს.

  

    

 

ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინება:

· პანდემიასთან და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული უახლესი და სწორი ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დაინფიცირების პრევენციის,  ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ ხელმისაწვდომ ფორმატში, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. დამატებითი სპეციალური ზომები უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

კითხვა: აქვთ თუ არა მედია საშუალებებს ვალდებულება გაავრცელონ პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომ ფორმატში, ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით?

   

· პრევენციული ღონისძიებების ყველა სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ინკლუზიური და თანაბრად ითვალისწინებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების საჭიროებებს.

· დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციონალიზაცია ან მიტოვება.

· იზოლაციაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ უნდა დარჩნენ  პირველადი მოხმარების პროდუქტის, დახმარებისა და ადამიანური კონტაქტის გარეშე.

იზოლაციის შემთხვევაშიც კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ იქნებიან სრულად იზოლირებული. ოჯახის წევრების/დამხმარე პირების დროებით არყოფნამ, დაინფიცირების ან სხვა ავადმყოფობის გამო, შესაძლოა, სასიცოცხლოდ აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე დატოვოს ისინი.

კითხვა: რა რესურსებია მობილიზებული იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ დარჩნენ საკვების, მხარდაჭერისა და აუცილებელი სერვისების გარეშე?

  

· უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადაპტირებული საკარანტინო და სამედიცინო სერვისები.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადაპტირებული საკარანტინო სივრცეები, სადაც მათ ექნებათ წვდომა მხარდაჭერის, პერსონალური ასისტენტის, თარჯიმნის სერვისებსა და ინფორმაციაზე.

კითხვა: არის თუ არა მობილიზებული ადაპტირებული სამედიცინო/საკარანტინო სივრცეები და შესაბამისი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადასაყვანად? რამდენად ექნებათ მათ წვდომა მხარდაჭერის, პერსონალური ასისტენტის, თარჯიმნის თუ სხვა სერვისებზე?

  

· სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მუდმივი შეხება აქვთ დამხმარე საშუალებებთან, გარემოსთან და უწევთ ახლო კონტაქტი დამხმარეებთან, ამიტომ ისინი გაზრდილი რაოდენობით საჭიროებენ სადეზინფექციო და ჰიგიენურ საშუალებებს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კითხვა: არის თუ არა შესაბამისი რესურსი (მოხალისეები, ბიუჯეტი) იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდოთ ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები?

  

·თვითიზოლაციის/კარანტინის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აუცილებელი სოციალური სერვისების უწყვეტობისთვის უნდა შემუშავდეს სერვისების ალტერნატიული ფორმატი. აგრეთვე, უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე ორიენტირებული  ადაპტირებული  ელექტრონული რესურსების  შექმნა, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მისი წევრი ორგანიზაციები და ნეიროგანვითარების ცენტრი მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ სამუშაო პროცესში პრევენციული ღონისძიებების ინკლუზიურობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მივაწოდოთ ონლაინ ინსტრუქტაჟი სამედიცინო პერსონალს, დამხმარეებს, ასისტენტებს, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს და მოხალისეებს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე.

ამასთან, ვინაიდან კოალიციას აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაცია  თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და აჭარის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, მზად ვართ მოხალისეთა ჯგუფებთან თანამშრომლობისათვის.