პრესრელიზი

თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, 2010 წლის 10 მარტი, გაზეთ   PRIMETIME-ის    პრესკლუბი, მ. კოსტავას ქ. 68, 12:00 სთ. – მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის მართავს პრესკონფერენციას, რომელიც მიეძღვნება საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნასა და თანაბარი პირობების დამკვიდრებას.

მოძრაობას  თავისუფალი ადამიანები ქმნიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით, იზრუნონ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები - გადაადგილების, დასაქმების, თვითრეალიზაციის, კომუნიკაციის, ინფორმაცისა, თუ განათლების მიღების დროს.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტომასალა, საიდანაც ნათლად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც ფიზიკური გარემოსა და მთლიანად, ინფრასტრუქტურის ადაპტირების მხრივ არსებობს ქართულ რეალობაში. ისეთი ობიექტებიც კი, როგორებიცაა: სახალხო დამცველის ოფისი, ბანკები, აფთიაქები, დასასვენებელი ცენტრები, მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ობიექტები, რესტორნები, კინოთეატრები, გამაჯანსაღებელი, თუ გასართობი დაწესებულებები, სატრანსპორტო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, გამოუსადეგარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლად გადაადგილებისა, თუ სარგებლობისთვის.

წარმოდგენილ ფოტომასალაში ასახული ობიექტების უმეტეს ნაწილს იმისათვის, რომ იყოს თანაბრად ხელმისაწვედომი, არ სჭირდება განსაკუთრებული სახსრები. ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ კურიოზულია. ამასთანავე, მასალაში წარმოდგენლია ის ობიექტებიც, რომლებიც თითქოს ადაპტირებულია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები არ არის დაცული და ისეთივე შეუღწევადია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, როგორიც სხვა, ნებისმიერი არადაპტირებული ობიექტი. პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იქნება დადებითი მაგალითებიც, რაც მისასალმებელია.

უახლოეს მომავალში, მოძრაობის მიერ იგეგმება თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის საკუთარი სახსრებით ადაპტირება, რაც შექმნის პოზიტიურ პრეცენდენტს მომავალი თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით.

მოძრაობა არ იქმნება პოლიტიკური მიზნებისათვის, არ ითხოვს არანაირ ფინანსებს. მისი მიზანია - კანონის აღსრულება და თანაბარი გარემო-პირობების შექმნა.