3 დეკემბერი, როგორც პრობლემებზე საუბრის და არა ზეიმის დღე
1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. თუმცა, ეს დღე საზეიმო თარიღად ნამდვილად არ მიიჩნევა, რადგან მიუხედავად პროგრესისა, ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დისკრიმინაციას, გარიყვასა და ჩაგვრას განიცდიან.
ეს დღე გვახსენებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეუწყოს ხელი თანაბარი და ყველასთვის მისაწვდომი გარემოს ჩამოყალიბებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად დამატებითი ბარიერების გადალახვა და არაადაპტირებულ გარემოში ყოფნა უწევთ.
ამ თარიღის დაწესებამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემმა ხანგრძლივი და მძიმე გზა გაიარა, 1940-იანი წლებიდან, მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე.
სწორედ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ევროპასა და აშშ-ში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გააქტიურება საკუთარი უფლებების დასაცავად. ამის მიზეზი მე-2 მსოფლიო ომში მიღებული დაზიანებების გამო გაჩენილი უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანი გახდა. ეს ხალხი, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: არაადაპტირებული და მიუწვდომელი გარემო, სამედიცინო და სოციალური პროგრამების არარსებობა, საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება...
სწორედ ევროპასა და აშშ-ში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო მოძრაობები გახდა იმ პროგრესის მიზეზი, რომელიც დღეს ევროპასა და აშშ-ია მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად შექმნილი სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობით, ევროპაში განსაკურებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოირჩეოდა, სადაც ეტლით მოსარგებლე სოციალურმა მუშაკმა გუსტი შტაინერმა და ცნობილმა პუბლიცისტმა ერნსტ კლეემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობები დააარსეს. რაც შეეხება აშშ-ს, იქ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისთვის ბრძოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და სამოქალაქო აქტივისტს ედ რობერტს უკავშირდება.
სწორედ აქტივისტების დაუღალავმა ბრძოლამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთიანობამ და არსებული პრობლემების წინ წამოწევამ გამოიწვია სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში.
პროგრესი საერთაშორისო დონეზეც აისახა. 2006 წელს გაერომ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია", რომელიც საერთაშორისო და ხელმომწერი ქვეყნების დონეზე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.
თუკი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის ისტორიას გადავავლებთ თვალს, კარგად ჩანს, რომ 3 დეკემბერი არა საზეიმო დღე, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე დაფიქრების დღეა. შესაბამისად, თუ პროგრესის მიღწევა გვსურს, 3 დეკემბერს უნდა ვისაუბროთ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.
საქართველო, მიუხედავად გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ შორსაა იმ პროგრესისაგან რომელიც ევროპამ თუ აშშ-მა განიცადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენთან კვლავ მწვავედ დგას ისეთი გამოწვევები, როგორიცაა: მიუწვდომელი და არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, არასაკმარისი და ხშირად საჭიროებების გაუთვალისწინებლად დაგეგმილი სოციალური პროგრამები თუ სერვისები, დასაქმება და განათლების მიღებასთან დაკავშირებული ბარიერები და სხვა. შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ძველი, სამედიცინო მიდგომებითა და მეთოდოლოგიით ხდება, რის გამოც ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ აქვს სტატუსი და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მცირე შეღავათებსაც ვერ იღებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის შედეგად შექმნილმა რთულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამაც გააუარესა, რის გამოც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკთან ერთად აგრეთვე გაუარესდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც. სახელმწიფოსა თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არასაკმარისი და ძირითადად არსებული მდგომარეობის მოკლევადიან შემსუბუქებაზეა მიმართული.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობას პანდემიის პერიოდში ამძიმებს სხვადასხვა სახის სერვისის/პროგრამების სრული ან ნაწილობრივი შეჩერება და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 3 დეკემბერი პრინციპულად უნდა იყოს გამოწვევებზე საუბრისა და პრობლემების დაძლევის გზებზე საუბრის დღე.
აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თემი და მათი მხარდამჭერები მეტად გააქტიურდნენ და სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შექმნილი პროგრამებში მეტი ინდივიდუალური საჭიროებების ასახვა მოსთხოვონ, რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევას.
ავტორი: რამინ მაჭარაშვილი
"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."