დამხმარე საშუალებების როლი მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების ცხოვრებაში - ანა ხაჭაპურიძის ბლოგი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები მოსახლეობის დაახლოებით, 15%-ს შეადგენენ, თუმცა, მათ უფლებებსა და საჭიროებებზე ცნობიერება საკმაოდ დაბალია.
ბევრისთვის უცნობია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი დამხმარე საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, მათ საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, შესაძლებლობა ექნებათ დამოუკიდებლად იცხოვრონ და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ.
ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური და სენსორული შეზღუდვების მქონე ადამიანებს აერთიანებს. მხედველობის შეზღუდვა სენსორულ კატეგორიას მიეკუთვნება. მხედველობის შეზღუდვის სახეებია:
- მცირემხედველი - ეს ნიშნავს, რომ მხედველობის პროცენტულობა არც თუ ისე დაბალია. მხედველობა დაქვეითებულია, მაგრამ არა დაკარგული.
- ნარჩენი მხედველობა - მხედველობის შეზღუდვის ამ ფორმის მქონე ადამიანების მიმართ ასევე, გამოიყენება ტერმინი „ფუნქციური უსინათლო“. იგი ნიშნავს, რომ ადამიანს გარემოს აღქმა ნაწილობრივ შეუძლია. ამ შემთხვევაში, მხედველობის შესაძლებლობები ძალიან ინდივიდუალურია.
- ტოტალური უსინათლო - ამ შემთხვევაში, ადამიანს მხოლოდ სინათლის აღქმა აქვს, ან შესაძლოა, არც ჰქონდეს, ესეც ინდივიდუალური მახასიათებელია.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობისთვის, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს, სხვადასხვა დამხმარე საშუალებები ესაჭიროებათ.
არსებობს ორი სახის დამხმარე საშუალება, რომლებსაც მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების სოციუმში ჩართულობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ესენია: თეთრი ხელჯოხი, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილების უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და ხმოვანი პროგრამა, რომელიც მობილურისა და კომპიუტერის გამოყენების საშუალებას და შესაბამისად, უწყვეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
ადამიანის სოციალიზაციის საწყის ეტაპს განათლება წარმოადგენს. იმისათვის, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მისი შესაბამისად ადაპტირება და დამხმარე საშუალებებით აღჭურვაა საჭირო. უსინათლო და მცირემხედველი პირები განათლების მისაღებად ყველა სახის დამხმარე საშუალებებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი. გარდა ამისა, აუცილებელია სასწავლო მასალების ადაპტირებულ ფორმატში მისაწვდომობაც. ეს უკანასკნელი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ სახელმძღვანელოს, აუდიო ჩანაწერს ან წიგნის ელექტრონულ ვერსიას გულისხმობს. გარდა ბრაილის შრიფტისა, უსინათლოები ხმოვან პროგრამებსაც ვიყენებთ, რისთვისაც წიგნი დადგენილ ფორმატში უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა პროგრამამ მისი გახმოვანება შეძლოს.
ამჟამად, ზოგადი განათლების საფეხურზე საჭირო მასალები, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია, რასაც ვერ ვიტყვით სხვა საფეხურებზე.
უსინათლო ან მცირემხედველი პირისთვის განათლების მიცემა, მისთვის დამხმარე საშუალებების სწავლებით უნდა დაიწყოს, რადგან თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ესა თუ ის დამხმარე საშუალება, მისით ვერც ისარგებლებს.
ერთ-ერთი ძირითადი დამხმარე საშუალება, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ პირებს გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება - „თეთრი ხელჯოხია“. თუმცა, საზოგადოებისთვის ის ჯერ კიდევ უცნობი საშუალებაა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სიმბოლო და მობილობა-ორიენტაციის, შესაბამისად, დამოუკიდებელი ცხოვრების უალტერნატივო დამხმარე საშუალებაა.
აუცილებელია, თეთრი ხელჯოხი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით შეირჩეს. იგი ადამიანის სიმაღლის შესაბამისად უნდა დამზადდეს და მფლობელს, მხრის სიმაღლეზე წვდებოდეს, რათა მისი მოძრაობის არეალი სრულად იყოს დაცული. ხელჯოხის მთავარი მახასიათებელი, თეთრი ფერია.
მნიშვნელოვანია, დამატებითი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებაც, რაც ხელჯოხზე წითელი აღნიშვნების დატანას გულისხმობს, რათა მხედველობასთან ერთად, სხვა შეზღუდვის არსებობის შესახებაც გაკეთდეს მინიშნება. საზოგადოებას ამ აღნიშვნათა შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რათა აღნიშვნების სხვადასხვა რაოდენობამ გაკვირვება არ გამოიწვიოს.
ხელჯოხზე მხოლოდ ერთი აღნიშვნა ნიშნავს, რომ პირს მხედველობის შეზღუდვასთან ერთად, წონასწორობის შენარჩუნების პრობლემაც აქვს და ქუჩაში მარტო მოძრაობისას, ასეთი ადამიანის მიმართ, სიფრთხილეა გამოსაჩენი, რათა არ მოხდეს დაჯახება, უეცარი შეხება და გზაზე მოულოდნელი დაბრკოლებების შექმნა.
მოულოდნელ დაბრკოლებებში ის ცვლილებები იგულისხმება, რომლებიც შესაძლოა, დაუგეგმავად მოხდეს და უსინათლო ადამიანს მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. როგორც წესი, საქართველოში, უსინათლო ადამიანები სრულიად დამოუკიდებლად, მხოლოდ ნაცნობ ტერიტორიებზე გადაადგილდებიან, რადგან ქალაქები ადაპტირებული არ არის.
რამდენიმე აღნიშვნა მიუთითებს, რომ მხედველობასთან ერთად, სმენის შეზღუდვაც არსებობს და დამოუკიდებლად გადაადგილების დროს, პირს სხვაგვარი ასისტირება თუ ხელშეწყობა ესაჭიროება.
თეთრი ხელჯოხის მიღება, მხედველობის შეზღუდვის მქონე ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც ოფიციალურად არის რეგისტრირებული. ხელჯოხის მისაღებად „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს” სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა მოქმედებს.
სამწუხაროდ, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ, ყველა მომხმარებელმა სრულიად არასტანდარტული ხელჯოხი მიიღო, ვერცხლისფერი და განსხვავებული ფორმის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები აღმოიფხვრას, რათა მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს გარემოს ხელმისაწვდომობის კუთხით ბარიერები არ შეგვექმნას.
იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა დამხმარე საშუალებები საჭიროებისამებრ და ეფექტურად გამოიყენოს, აუცილებელია, მათი გამოყენების შესახებ სათანადო ინფორმაციას ფლობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამების დანერგვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაში, სამწუხაროდ, დღეისთვის, თეთრი ხელჯოხის სწავლების პროგრამა აღარ მოქმედებს, რის გამოც, მსურველები სერვისის მიღმა რჩებიან. კურსის გავლა მხოლოდ კერძოდ დაქირავებულ ინსტრუქტორებთანაა შესაძლებელი, რაც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა აანაზღაუროს. გარდა ამისა, არ მოქმედებს წამკითხველი ხმოვანი პროგრამის შემსწავლელი კურსებიც. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანერგვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაში.
შეჯამების სახით აღვნიშნავ, რომ ზემოთ დასახელებულ და სხვა ნებისმიერ დამხმარე საშუალებას, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებლობას სძენს. თუ ხმოვანი პროგრამის ფუნქციას მეგობარი ან ოჯახის წევრი შეასრულებს და პირადი მიმოწერა მხოლოდ მესამე პირის საშუალებით იქნება შესაძლებელი, გარემო ბარიერების გამო, ჩვენი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდება.
ავტორი: ანა ხაჭაპურიძე
"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."