დეტალური ინფორმაცია უსინათლოთა დამხმარე საშუალებებზე

A+
A-

უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მისაწვდომი ფიზიკური გარემოსა და  ვებსივრცის, სერვისების მრავალფეროვნებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი დამხმარე საშუალებებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობაა. მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანების  დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის, მათვის  ხარისხიანი განათლების მიღებისა და ღირსეული დასაქმებისთვისა თუ ზოგადად, სრულფასოვანი რეალიზებისთვის, დამხმარე საშუალებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ.

აქედან გამომდინარე, ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ უსინათლოთა რამდენიმე მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებასა და თანამედროვე ტექნოლოგიაზე. განვმარტავ თითოეული მათგანის დანიშნულებას და ფუნქციონირების არსს. განვიხილავ იმ მოწყობილობებს, რომლებიც საქართველოში მოიპოვება და ფინანსდება სახელმწიფოს ცენტრალური თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ავხსნი, თუ როგორ შეიძლება მათი მიღება. მოკლედ შევეხები საქართველოსა და მსოფლიოში გავრცელებული ეკრანის წამკითხველი კომპიუტერული პროგრამების მუშაობის პრინციპს, დავახასიათებ თითოეულ მათგანს. ამას გარდა, განვიხილავ საქართველოში ნაკლებად ცნობილ უსინათლოთა აპლიკაციასა და მოწყობილობას. ბოლოს, დასკვნით ნაწილში, შევაჯამებ აღნიშნულ სტატიას.

პირველ რიგში, მსურს ყურადღება გავამახვილო უსინათლო ადამიანის განუყოფელ დამხმარე საშუალებაზე, რომელიც მისი  მობილობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია. ხსენებული დამხმარე საშუალების სახელია - თეთრი ხელჯოხი. იგი უსინათლოთა უმნიშვნელოვანესი დამხმარე საშუალებაა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო ადამიანს  დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარება. 

თეთრი ხელჯოხი სხვადასხვაგვარია, მაგ. დასაკეცი, რომელიც პრაქტიკულია შესანახად; ბურთულიანი დაბოლოების, რომელიც რელიეფურ ზედაპირზე ამარტივებს თეთრი ხელჯოხის გამოყენებას; მყარი დაბოლოების კი, გლუვ ზედაპირზე გადაადგილებისას არის უფრო მოსახერხებელი. განსხვავებებია თეთრი ხელჯოხის მეტალში და წონებშიც, რაც მათ შორის, ხარისხობრივ განსხვავებებსაც იწვევს. ხელჯოხის შერჩევა სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად ხდება უსინათლო ადამიანისთვის, როგორც მაგ. მხედველობის სათვალის, პროთეზის და ა.შ. 

თეთრი ხელჯოხის ფერი შერჩეულია იმის გამო, რომ სხვებისთვის მარტივად აღსაქმელი/შესამჩნევი იყოს, დღისა და ღამის შუქის, სხვადასხვა განათების მიუხედავად.

მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორი უზრუნველყოფს უსინათლოსთვის თეთრი ხელჯოხის მორგებას და ასწავლის მის გამოყენებას, რათა მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანი უსაფრთხოდ გადაადგილდეს სივრცეში. 

ზოგადად, თეთრი ხელჯოხის სიმაღლე მის მომხმარებელს მხრებამდე უნდა წვდებოდეს. თეთრი ხელჯოხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, იგი უსინათლოს დაახლოებით, ორი ნაბიჯის რადიუსში ატყობინებს ბარიერებს, რაც უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

თეთრი ხელჯოხი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად გამოიყენება. არსებობს მოსმითი ტექნიკა, რომელიც გლუვ ზედაპირზე უფრო პრაქტიკულია. რელიეფურ ზედაპირზე წერტილოვანი გამოყენება უფრო კომფორტულია. კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას კი, ხელჯოხის გამოყენება განსხვავებულად ხდება. 

თეთრ ხელჯოხს სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს მოქალაქე უსინათლო ადამიანებს და ამავდროულად, უფინანსებს მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორის ერთჯერად ტრენინგს.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს ვაუჩერს, რომელიც მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ თეთრი ხელჯოხის, ისე ტრენინგის მიწოდების კომპონენტებს, თბილისსა და რეგიონებში. სამინისტროს დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი მომსახურებას იღებს უსინათლოთა კავშირისგან.

საქართველოს უსინათლოთა კავშირს ქვეყანაში შემოაქვს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული უსინათლოთა თეთრი ხელჯოხი. ჯამში, ორი ტიპის. ერთი, დასაკეცი, მსუბუქი, მყარ დაბოლოებიანი და მეორე სახეობის, რომელიც შედარებით მძიმე და ანალოგიურად, დასაკეცია. ამ უკანასკნელს, დაბოლოება ბურთულიანი აქვს. 

ვაუჩერის მიღება შეუძლიათ უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მკვეთრად გამოხატულ შშმ უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ შშმ პირებს. აგრეთვე, მხედველობის შეზღუდვის მქონე შშმ ბავშვებს.

თეთრი ხელჯოხის ვაუჩერის მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მსურველს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატელეფონო ცხელ ხაზზე, 1505 დარეკვით. ამას გარდა, საქართველოს უსინათლოთა კავშირი ვაუჩერის მსურველ უსინათლო მოქალაქეებს დოკუმენტაციის  შედგენასა და ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვაშიც ეხმარება. 

უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, გარდა თეთრი ხელჯოხისა, სხვა დამხმარე საშუალებებსაც დიდი როლი აქვთ. თანამედროვე ტექნოლოგიების მორგებამ უსინათლოების საჭიროებებზე, გაამარტივა მათი ყოველდღიური ცხოვრება. 

სპეციალურ დამხმარე მოწყობილობებს შორის, მაღალი საჭიროება ფიქსირდება უსინათლოთა სამედიცინო ტექნიკასთან მიმართებითაც. 

სტატიის ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებ იმ მოწყობილობებზე, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი. კერძოდ, სიცხის საზომი თერმომეტრის, შაქრის საზომი გლუკომეტრისა და წნევის საზომი აპარატის შესახებ.  აქვე აღვნიშნავ, რომ მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის მსგავს მოწყობილობებზე მისაწვდომობა, უზრუნველყოფს, რომ მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე დამოუკიდებლად ზრუნვა შეეძლოთ. ეს კი, უსინათლოების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ინიციატივით, შაქრის საზომი გლუკომეტრი და წნევის საზომი  აპარატი ქართულ ენაზე გახმოვანდა. ამ მოწყობილობებთან ერთად, ამავე ორგანიზაციამ, საქართველოში ქართულ ენაზე გახმოვანებული თერმომეტრებიც  შემოიტანა. აღნიშნული ტექნიკა ხმოვანი შეტყობინების მეშვეობით, მომხმარებელს ორგანიზმში წნევის, ტემპერატურის თუ შაქრის მდგომარეობას ატყობინებს. თითოეული მათგანი მარტივია გამოსაყენებლად, როგორც უსინათლო, ისე მცირემხედველი პირისთვის.

ხსენებული ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან, რათა ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებში, გაითვალისწინონ უსინათლოთა სამედიცინო ტექნიკის დაფინანსების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ზემოხსენებული დამხმარე საშუალებების აღება შესაძლებელია საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და მისი ფილიალების მხარდაჭერით, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, ხონი, ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ხელვაჩაური, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, მცხეთა, რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, თელავი, ყვარელი და ახმეტა.

მუშაობა მიმდინარეობს სხვა მუნიციპალიტეტებთანაც, რათა  ხსენებული მოწყობილობების ხელმისაწვდომობა შესაძლებელი გახდეს საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვისაც. 

დამატებით, ამავე ორგანიზაციამ შეიმუშავა თანადაფინანსების სუბსიდირების შიდა პროგრამა. რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაცია სხვადასხვა საშეღავათო ტარიფით, სამედიცინო უსინათლოთა ტექნიკას სთავაზობს მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე უსინათლო წევრებს. პროგრამის კრიტერიუმებში გათვალისწინებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კომპონენტიც. ხოლო ორგანიზაციის არაწევრ უსინათლოებს ნივთების მიღება შეუძლიათ სტანდარტული ტარიფით. რაც შეეხება უსინათლოთა კავშირის იმ არაწევრ უსინათლო მოქალაქეებს, რომლებიც წარმოდგენილ მუნიციპალიტეტებში  ცხოვრობენ, ხმოვანი სამედიცინო ტექნიკის მიღებისთვის, მათ შეუძლიათ განცხადებით მიმართონ, როგორც უსინათლოთა კავშირსა და მის ფილიალს, ისე მუნიციპალიტეტს. 

ტექნოლოგიებზე საუბრისას, აუცილებელია სტატიაში ყურადღება გავამახვილოთ ისეთ დამხმარე ტექნოლოგიაზე, როგორიც ეკრანის წამკითხველი პროგრამები და ხმოვანი სინთეზატორებია. 

ხსენებულმა პროგრამებმა უზრუნველყო უსინათლოების მისაწვდომობა კომპიუტერულ მოწყობილობებზე. მისმა მოხმარებამ კი, მხედველობის შეზღუდვის ადამიანებს გაუმარტივა ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობა. თანამედროვე ეპოქაში კომუნიკაციის, ხარისხიანი განათლების, დასაქმებისა თუ ზოგადად, ფუნქციონირებისთვის, უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება. უსინათლოების ციფრულ მოწყობილობებზე მისაწვდომობამ, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი რადიკალურად გაზარდა და მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო მხედველობის შეზღუდვის ადამიანების სოციალიზაციას საზოგადოებაში. 

ეკრანის წამკითხველი პროგრამები ხმოვანი სინთეზატორის მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლის კომპიუტერული ბრძანებებისა და ეკრანზე განთავსებული ინფორმაციის გახმოვანებას. მათი მრავალფეროვნება, საშუალებას აძლევს უსინათლოებს აირჩიონ მათ საჭიროებებსა და სურვილზე მორგებული დამხმარე ტექნოლოგია. არსებობს როგორც ფასიანი, მაგ. (JAWS),  ისე უფასო NVDA (NonVisual Desktop Access) პროგრამები. ორივე პროგრამა Windows-ის ოპერაციული სისტემის მოწყობილობებისთვისაა მორგებული. ქართული ენა ინტეგრირებულია NVDA-ს პროგრამაში. Apple-ის მოწყობილობებში ჩაშენებულია (VoiceOver) ეკრანის წამკითხველი პროგრამა, რომელსაც ESPEAK-ის დაყენების შედეგად ქართული ენის მხარდაჭერაც გააჩნია. Android-ის  ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობებში  ჩაშენებულია Talkback ეკრანის წამკითხველი პროგრამა. რაც შეეხება ESPEAK-ს, ის ტექსტის წამკითხველი ხმოვანი სინთეზატორია და მისი დაყენება შესაძლებელია როგორც JAWS-სა და  NVDA-ში, ისე, Talkback-სა და VoiceOver-ში. ხსენებული სინთეზატორი უნივერსალურია და გააჩნია სხვადასხვა ენების მხარდაჭერა მათ შორის, ქართულის. საქართველოში ნაკლებად იყენებენ Linux-სა და Unix-ს სისტემებს, თუმცა, მათზე მორგებული ეკრანის წამკითხველი პროგრამებიც არსებობს. მაგ. როგორიცაა Speakup და Orca.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის მხარდაჭერით, ქართველმა უსინათლო პროგრამისტებმა, ქართული ტექსტის წამკითხველი ხმოვანი სინთეზატორი, "GeoTTS" შექმნეს, რომელიც ინტეგრირებულია NVDA-სა და Talkback-ის ეკრანის წამკითხველ პროგრამებში. ხსენებული პროგრამები, როგორც ზემოთ ვახსენე, თავსებადია Windows-სა და  Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ამას გარდა, ქართული სინთეზატორი, "GeoTTS" ჩაშენებულია სხვადასხვა სახელმწიფო ვებგვერდებზე. მაგ. როგორიცაა: voice.matsne.gov.ge; 1tv.ge.

აღნიშნული ეკრანის წამკითხველი პროგრამები და ხმოვანი სინთეზატორები არასრული სიაა დღეს არსებულ უსინათლოთათვის შექმნილ სპეციალურ პროგრამებს შორის. მათი ჩამოტვირთვა შესაბამისი ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერული მოწყობილობებისთვის, სმარტფონის, პლანშეტის, კომპიუტერისთვის, თუ სხვა ტექნიკისთვის, შესაძლებელია  Google Play Store-იდან და   App Store-იდან.

ეკრანის წამკითხველი პროგრამებისა და ხმოვანი სინთეზატორების ჩაწერასა და სწავლებას უსინათლოებისთვის საქართველოს უსინათლოთა კავშირი  შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობით უზრუნველყოფს. თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მოსწავლეები  ხსენებული პროგრამების გამოყენებას სწავლობენ.

ვიზუალურ ინფორმაციას უსინათლოები სხვადასხვა საშუალებით იღებენ. მისი ცოდნა ზოგიერთ შემთხვევაში, ცოცხალ პროცესში, ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ხსენებული გამოწვევის აღმოსაფხვრელად,  საქართველოში ნაკლებად ცნობილი, უსინათლოთა აპლიკაციაა შექმნილი, რომლის სახელია: "Be My Eyes". ეს არის დანიური მობილური აპლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს უსინათლო და მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებს ობიექტების ამოცნობასა და ყოველდღიურ სიტუაციებთან გამკლავებაში. 

აპლიკაცია მუშაობს შემდეგი პრინციპით: მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანი იწყებს პირდაპირ სტრიმინგს, რომელიც აჩვენებს მის ხედს მობილურის კამერიდან. მათ, სატელეფონო ზარის ან ჩეთის საშუალებით, ენიშნებათ შემთხვევითი მოხალისე, რომელიც საუბრობს მითითებულ ენაზე და აპლიკაციაში იმყოფება იმავე დროის მონაკვეთში. ეს საშუალებას აძლევს მოხალისეს აღწეროს ობიექტი და დაეხმაროს მხედველობადაქვეითებულ ადამიანს მისთვის მნიშვნელოვანი ვიზუალური ინფორმაციის აღწერაში. მაგ. მოხალისემ უსინათლოს წაუკითხოს რაიმე წარწერა, არის თუ არა საგანი სუფთა ან დასვრილი, აღუწეროს რაიმე ნივთის ვიზუალი და ა.შ. ამას გარდა, აპლიკაციის უსინათლო მომხმარებლებს შეუძლიათ ვიდეო და ფოტო  განათავსონ აპლიკაციაში, რომელსაც შემთხვევითი მოხალისე გახსნის და პირდაპირი ჩეთის მეშვეობით ვიზუალურ ინფორმაციას წერილობით აღუწერს მასს. 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ რეკომენდებული არაა აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების, მაგ. საბანკო ბარათის, პასპორტის, და ა.შ. ჩვენება/განთავსება. იმის გამო, რომ  აპლიკაცია პერსონალური მონაცემების დაცულობას ვერ უზრუნველყობს და შესაძლებელია მესამე პირებმა ხსენებული ინფორმაცია ბოროტად გამოიყენონ. 

მსოფლიოს მაშტაბით, აპლიკაციას 6,8 მილიონზე მეტი მოხალისე და 520 000-ზე  მეტი უსინათლო ან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანი იყენებს. წარმოდგენილია 180-ზე მეტი ენა და 150 ქვეყანა. დღესდღეობით, აღნიშნულ აპლიკაციას ყავს მცირერიცხოვანი ქართველი მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებიც და მოხალისეებიც. 

Be My Eyes ამჟამად ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმართფონებისთვის, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია  Google Play Store-იდან და   App Store-იდან.

დამოუკიდებლად ცხოვრებისას ნებისმიერი ადამიანი და მათ შორის უსინათლოც, სხვადასხვა ნივთს იყენებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, ფორმით არ განსხვავდება. ეს შეიძლება იყოს კონსერვის ქილები, თავის მოვლის საშუალებების ბოთლები, მედიკამენტის ყუთები ან სხვა ნებისმიერი რამ. მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები  სხვადასხვა გადაწყვეტებს  მიმართავენ იმისთვის, რომ მაგალითად, მსგავს ჭურჭელში მოთავსებული ლოსიონი, შამპუნი, თმის დამატენიანებელი, თუ აბაზანის ტანის გელი განასხვავონ და შესაბამისად გამოიყენონ. ამ სირთულის გადასალახად შექმნილია სპეციალური დამხმარე მოწყობილობა, რომლის სახელია: panfriend/პენფრენდი, (მეგობარი კალამი). 

ხსენებულ მოწყობილობას გააჩნია ეტიკეტებზე აუდიო ფაილების ჩაწერისა და დაკვრის ფუნქცია. რისი მეშვეობითაც, შესაძლებელია საკუთარი ხმით ჩავწეროთ ეტიკეტზე ნივთის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ დავამაგროთ ნივთზე და პენფრენდთან დაკავშირების შემთხვევაში, პენფრენდი დაუკრავს ეტიკეტზე განთავსებულ აუდიო ფაილს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეტიკეტები მრავალჯერადია და შესაძლებელია მათზე განთავსებული აუდიო ფაილების წაშლა და შემდეგ ახალი ინფორმაციის ჩაწერა. 

სამწუხაროდ, პენფრენდი ქართველი უსინათლოებისთვის ხელმისაწვდომი არაა. მსურველებს მისი შეძენა ინდივიდუალურად, ამაზონიდან, ან სხვა ონლაინ მაღაზიებიდან შეუძლიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაჯამებლად, ხაზგასასმელია ის, რომ მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის, დამხმარე საშუალებების მრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტს. იმისთვის, რომ მათ შეძლონ ავტონომიურობა, თვითმყოფადობა და საზოგადოებაში რეალიზება. 

სტატიაში წარმოდგენილი  მცირეოდენი ინფორმაცია უსინათლოთა თეთრი ხელჯოხის, ხმოვანი სამედიცინო ტექნიკის, ეკრანის წამკითხველი პროგრამებისა და ხმოვანი სინთეზატორების, თუ "ბი მაი აიზ", ან "პენფრენდის", შესახებ, მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის უსინათლოთა დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების გარშემო. აგრეთვე, ხსენებული დამხმარე საშუალებები და ტექნოლოგიები არ ამოწურავს მათ მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას.

ავტორის მიზანია საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთათვის შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

 

ავტორი: დავით ბიბილეიშვილი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა სიახლეები