შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს დღემდე არ აქვთ სათანადო წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა 2016 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისა და ქალების უფლებებზე მესამე ზოგადი კომენტარი გამოსცა, რომელშიც სხვა უფლებებს შორის, განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე გააკეთა. კომიტეტი ასევე, თანმიმდევრული იყო გაცემულ რეკომენდაციებში და არაერთ ქვეყანას მიუთითა ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ ამ მიმართულებით.
საქართველოდან კომიტეტში, 2017-2019 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ ალტერნატიულ ანგარიშებშიც მწვავედ აისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხაზი იყო გასმული, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს არ აქვთ სათანადო წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ვერ იღებენ შესაბამის ინფორმაციას ამ მიმართულებით და კვლავაც ძლიერია მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები.
კომიტეტში გაგზავნილ ალტერნატიულ ანგარიშებში საკითხი იმდენად მწვავედ გაჟღერდა, რომ კომიტეტმა 2020 წელს საკითხთა ჩამონათვალში საქართველოს მთავრობას ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებები გატარდა იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ყოვლისმომცველ ჯანდაცვის სერვისებზე სხვათა თანაბრად ჰქონდათ წვდომა.
მართალია, 2020 წელს, მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა საქართველოს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ: "სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად". თუმცა, რეალურად, არც კანონის მიღებამდე და არც კანონის მიღების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის რეგიონებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობისა და განვითარების კუთხით არაფერი შეცვლილა.
დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა სამედიცინო დაწესებულებების არაადაპტირებულობა, მიუწვდომლობა სამედიცინო მანიპულაციებზე, არ იცვლება ასევე, სამედიცინო პერსონალის დისკრიმინაციული და დამამცირებელი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ.
2021 წელი; ეტლით მოსარგებლე ბ.გ (ინიციალები შეცვლილია):
"ჩემთვის ტანჯვაა გინეკოლოგან ყოველი ვიზიტი. თავს დამცირებულად ვგრძნობ, მედპერსონალის ირონიული მზერა ყოველ ვიზიტზე დამყვება, როდესაც გინეკოლოგიურ სკამზე სხვისი დახმარებით მიწევს ასვლა. ვუყურებ პერსონალის სახეებს და გული მტკივა. ჩემი თავი საცოდაობა, არარაობა მგონია. მე ინვალიდი ვარ, საზოგადოებამ განაჩენი გამომიტანა. მათი აზრით, შეზღუდული შესაძლებლობის ქალებს სექსუალურობა არ უნდა გვქონდეს."
განსაკუთრებულ სირთულეს, ამ მხრივ, არაადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტები და სავარძლები წამოადგენს, რომლებიც ეტლით მოსარგებლე ქალთა საჭიროებებზე არ არის მორგებული. აღნიშნულის გამო, არამხოლოდ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებმა სათანადო ხარისხის სამედიცინო სერვისი მიიღონ არამედ, გინეკოლოგთან თითოეული ვიზიტი, მათთვის ღირსების შემლახავი დამოკიდებულებით და ღირსების შემლახავი სამედიცინო მანიპულაციით მთავრდება. უფრო მეტიც, თავად შეზღუდული შესაძლებლობის ქალები აცხადებენ, რომ ექიმების დამოკიდებულებების გამო, გინეკოლოგთან ყოველი ვიზიტი მათთვის ტანჯვაა. თითქოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს არ ჰქონდეს უფლება ჰყავდეს ქმარი, ოჯახი, სრულფასოვანი ცხოვრება, ისევე, როგორც სხვა ქალებს.
სოფლად მცხოვრები ქალები დამატებითი სირთულეებს ტრანსპორტირების გამოც აწყდებიან. სოფლად, როგორც წესი, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ხშირად, მუნიციპალიტეტბშიც კი შეუძლებელია ადაპტირებული კერძო ტრანსპორტის მოძიება. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამატებით ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა დგება, რადგან კერძო ადაპტირებული ტრანსპორტის დაქირავების სახსრები დამატებითი ხარჯია. ამ ბარიერების გამო, როგორც წესი, ისინი თავს არიდებენ გინეკოლოგთან ვიზიტებს, რაც უარყოფითად აისახება ქალების ჯანმრთელობაზე.
2022 წელი, რ.ხ (ინიციალები შეცვლილია). ქალბატონი დაუყონებლივ საჭიროებს გინეკოლოგთან ვიზიტს. თუმცა, თავს იკავებს:
"გინეკოლოგთან ვიზიტი დიდ ძალისხსმევასთანაა დაკავშირებული, ვინაიდან, სამედიცინო დაწესებულების, როგორც გარე ისე, შიდა ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის. განსაკუთრებით, პრობლემაა გინეკოლოგიური სავარძელი. ის არ არის ჩემთვის მისაწვდომი. მიწევს თანმხლების გაყოლება. მქონდა შემთხვევა, როდესაც ვერავის ვთხოვე გაყოლა. იმ დღეს გინეკოლოგს სანიტრის დახმარებით მოუწია ჩემი მომსახურება. ცალკე სულიერი და ფიზიკური ტკივილი იმის გამო, რომ "ტაფჩანზე" მომიწია გასინჯვა და ცალკე, მედპერსონალის დამამცირებელი მზერა და სიტყვები - მეორედ ვინმე გამოიყოლე, ჩვენ აქ იმდენი პაციენტი გვყავს, შენ გამო დროს ვკარგავთ."
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ინფორმირებულობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებით ძალიან დაბალია. ამ მხრივ, განსაკუთრებულ სირთულეებს ყრუ ქალები აწყებიან, რადგან სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სახელმწიფოს მხრიდან კვალიფიციური სურდო თარჯიმნის მომსახურება არ არის უზრუნველყოფილი. კერძო კლინიკებს კი, პირდაპირი ვალდებულება არ აქვს, რომ აღნიშნული სერვისი უზრუნველჰყონ.
აუცილებელია, სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს კონკრეტული ვალდებულებების აღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდის მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვისა და პაციენტის უფლებების შესახებ კანონებში გაიწეროს, როგორც მისაწვდომობის ვალდებულება ისე, გონივრული მისადაგების ფარგლების განსაზღვრა. აუცილებელია ასევე კანონმდებლობის დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ყრუ ქალებისთვის სურდო თარჯიმნის მომსახურების ვალდებულება, ეტლით მოსარგებლე ქალებისთვის კი, გინეკლოგიური მომსახურების სრული ადაპტირების ვალდებულება.
ავტორი:ეკა გოგაშვილი
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.