შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და კლიმატის/გარემოს დაცვის თანაკვეთაზე სამწუხაროდ, არათუ ქართულ არამედ, საერთაშორისო დონეზეც ძალიან მწირი ინფორმაციაა, მაშინ როცა ეს ურთიერთკვეთა გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ, რა სპეციფიკური შეზღუდვები და საჭიროებები შეიძლება არსებობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რაც კლიმატთან ადაპტირების და გარემოს დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს კიდევ უფრო სიღრმისეულს გახდის.
თუ დავესესხებით ჰუკსის ფემინისტურ თეორიას - "საზღვრებიდან ცენტრისკენ" (Hooks, 2000), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ კლიმატზე ადაპტაციის ან/და გარემოს დაცვის მენეჯმენტში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს გავითვალისწინებთ, ამით ავტომატურად დავეხმარებით საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც.
მაგალითად, მოედნების, გზების, სკვერებისა და ა.შ. დაგეგმარების დროს, ეტლით მოსარგებლეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ ავტომატურად ვაუმჯობესებთ გარემო-პირობებს იმ მშობლებისთვის, რომლებიც ჩვილებისთვის ეტლს იყენებენ, მოხუცებისთვის, დროებით, ან პერმანენტულად ყავარჯნით მოსარგებლე ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც ხშირად აწყდებიან ფიზიკურ ბარიერებს.
კლიმატის ცვლილება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა კავშირია კლიმატის ცვლილებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კლიმატის ცვლილება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს ვიდრე სხვებზე, და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ამ პროცესს ყველაზე დიდი, არაპროპორციული და ნეგატიური გავლენა ქალებზე, ბავშვებზე, შავკანიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და დაბალი შემოსავლის მქონე თემებზე აქვს (Union of Concerned Scientists, 2017).
მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია და საკმაო პრობლემებსაც გვიქმნის. გლობალური ტემპერატურა იზრდება. დაფიქსირებული 20 ყველაზე ცხელი წლიდან-19, 2001 წლის შემდეგ აღირიცხა (climate.nasa.gov, 2021). გლობალური დათბობის გამომწვევი ყველაზე დიდი მიზეზი წიაღისეული საწვავის დაწვაა, რომლის დახმარებითაც, ვმართავთ მანქანებს, გამოვიმუშავებთ ელექტროენერგიას, ვინარჩუნებთ სახლებსა და ბიზნესებს (United States Environmental Protection Agency, 2020).
ექსტრემალურმა ამინდმა უპრეცედენტო სიცხე, წყალდიდობა და გვალვა გამოიწვია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას. მობილობის, სმენის, სწავლის ან მხედველობის შეზღუდვა ქმნის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელთა გათვალისწინებაც, იმ პირობებში, როდესაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მეთოდებს ისედაც შეზღუდული სახე აქვს, დამატებით დროს ან ევაკუაციის გეგმის ქონას მოითხოვს.
სამწუხაროდ, მწირია ისეთი კვლევების რაოდენობა, რომლებიც უფრო მეტს გვეტყვის შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე კლიმატის ცვლილების გავლენის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. თუმცა, მოცემული სტატია შეეცდება შეაჯეროს ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მონაცემები.
სიცხე
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკიდურესი სიცხის შემთხვევები ყოველწლიურად უფრო მეტ სიკვდილს იწვევს, ვიდრე ყველა სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენა ერთად (National Geographic, 2017). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილი განსაკუთებით დაუცველია უკიდურესი სიცხეების დროს, რადგან შესაძლოა, მათ ორგანიზმში, თერმორეგულაცია იყოს დარღვეული. მაგალითად, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს ცხელ დღეებში უფრო მეტი ტკივილი და დაღლილობა ახასიათებთ, ხოლო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ზოგიერთ ადამიანს, ოფლის გამოყოფის დარღვევის გამო, არ შეუძლია ორგანიზმის ტემპერატურა დაარეგულიროს (World Institute of Disability, 2018). შედეგად, უკიდურესი სიცხე ფიზიკურ საფრთხეს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალ ადამიანს.
ქარიშხლები
კლიმატის ცვლილება, რა თქმა უნდა, თავისთავად არ იწვევს ქარიშხლების წარმოქმნას, თუმცა, წყლის ზედაპირი, რომელიც უფრო ცხელდება ქარიშხალს აძლიერებს. ეს კი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხოებას. მაგალითად, 2005 წელს ქარიშხალ კატრინას დროს გარდაცვლილ ადამიანთა თითქმის, ნახევარი, 75 წელს გადაცილებული ადამიანი იყო, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 10%-ზე მეტი მოხუცთა თავშესაფრებში აღირიცხა (U.S. Global Change Reaserch Program, 2020). ამ პირთა უმეტესობას შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, რაც მათ ექსტრემალური ამინდის პირობებში, კიდევ უფრო დაუცველებს ხდიდა.
სულ ახლახანს მომხდარმა ქარიშხლებმა ჰარვიმ, ირმამ და მარიამ წვიმების ინტენსივობა გაზარდეს, რამაც ზღვის დონის მატება გამოიწვია, და ამ მატების კიდევ უფრო დიდხანს შენარჩუნებასაც შეუწყეს ხელი. ქარიშხლებმა მილიონობით ადამიანი დატოვეს ელექტროენერგიის გარეშე (მაგალითად, პუერტო რიკოს მოსახლეობის 34% ქარიშხალიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი) (Washington Examiner, 2017), რაც განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უამრავი პირისთვის ელექტროენერგიაზე მომუშავე სამედიცინო აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გვალვები
გვალვა, იგივე ზედმეტი სითბო, ოკეანიდან წყლის აორთქლებას უფრო ინტენსიურს ხდის, რაც თავის მხრივ, ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობებს იწვევს, აჩქარებს ნიადაგიდან სითხის აორთქლებას. ეს კი ხანგრძლივ გვალვებს იწვევს, რომელიც ნიადაგის შრეებში უფრო და უფრო ღრმად აღწევს. შედეგად, მსოფლიოს მრავალ ნაწილში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკვებისა და სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა. ისეთი სოციალური ფაქტორების გამო, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანები ხშირად არიან მოქცეულნი სიღარიბის ციკლში და კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან საკვების და სასმელი წყლის დეფიციტის დროს. (Yu, 2017)
ხანძრები
გლობალური ტემპერატურის მატება ხანძრების რაოდენობისა და ინტენსიურობის ზრდასაც იწვევს. ჩრდილოეთ კალიფორნიის ხანძრების შედეგად, 5,700-ზე მეტი სახლი და ბიზნესი განადგურდა, რის გამოც, მოცემული ხანძარი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დესტრუქციულად ითვლება (New York Times, 2017). ზუსტად არ ვიცით, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი შეეწირა ხანძარს, თუმცა, ხანძრის გამო, საჭირო გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხანძრის დროს დაკარგული დამხმარე ინვენტარის აღდგენა (ეტლები, ელექტრო ეტლები/სკუტერები, ხელჯოხები და ყავარჯნები, სმენის აპარატები, საკომუნიკაციო მოწყობილობები და ა.შ.) (Community Resources for Independent Living (CRIL), 2017).
გადაადგილება/მიგრაცია
ექსტრემალურმა ტემპერატურამ და კლიმატის შედეგად გამოწვეულმა კატასტროფებმა უკვე გამოიწვია და მომავალშიც გამოიწვევს არაერთი რეგიონის ისე დაზიანებას, რომ იქ საცხოვრებელი პირობების ქონა შეუძლებელი გახდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ მიგრაციას. შედეგად, უკვე ისედაც ხალხმრავალი ქალაქები კიდევ უფრო ურბანიზდება (The UN Refugee Agency, 2021).
გადაადგილება უარყოფითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურობაზე, რადგან ისინი საჭიროებენ ერთის მხრივ, ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას და მეორეს მხრივ კი, გრძელვადიან სამედიცინო, ფინანსურ და სოციალური დახმარების ქსელს. უფრო მეტიც, გადაადგილებამ შეიძლება ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ტრავმები გამოიწვიოს. როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ მიგრაციის საშუალება, ისინი იმ მოწყვლადი ჯგუფის ნაწილი ხდებიან, რომლებიც ყოველთვის „უკან რჩებიან“ - ისეთ ეკოლოგიურად საშიშ ან დეგრადირებულ გარემოსთან ახლოს, როგორიცაა ტოქსიკური ნარჩენები, დაბინძურება და მიტოვებული ქალაქები.
საცხოვრებელი ადგილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური განმსაზღვრელია. ის განსაზღვრავს ხელმისაწვდომობას საკვებზე, წყალმომარაგებასა და სუფთა ჰაერზე. ჰაერის დაბინძურება, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ყველას თანაბრად გვეხება, რადგან ფილტვების ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. არსებობს ადგილები, სადაც ე.წ. სმოგის, მტვრის ნაწილაკებისა და არატრადიციული, ბუნებრივი გაზის განვითარებისგან და ქვანახშირისგან გამოწვეული დაბიძნურებები მკვეთრ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე (ასთმა, ბრონქიტი, პნევმონია და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება). ჰაერის დაბინძურება მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კოგნიტურ უნარებზე განსაკუთრებით, ბავშვებში.
შეჯამება და გადაჭრის გზები
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას შეგვეხება. განსაკუთრებით, როცა კლიმატის ცვლილების ეფექტებზე ვსაუბრობთ, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება.
კლიმატის აქტივიზმი კლიმატის ცვლილებას, იმ პრობლემად წარმოაჩენს, რომელიც მასთან ბრძოლის გზით უნდა მოგვარდეს. იგი მოგვიწოდებს შევამციროთ გამონაბოლქვი, წიაღისეული საწვავის გამოყენება, დავრგოთ მეტი ხე, რათა კლიმატის ცვლილება შემცირდეს ან თავიდან იყოს აცილებული.
ემისიების შემცირება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი ემისიები ტემპერატურის უფრო მცირე ზრდას გამოიწვევს. თუმცა, სხვადასხვა სამეცნიერო სცენარი არსებობს იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს კლიმატი და როგორ შეიცვლება გლობალური ტემპერატურა. ამ რიტორიკის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებას და ვერ ავიცილებთ თავიდან მის შედეგებს, თუნდაც, ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, სამყარო 2050 და 2100 წლისთვის მაინც განსხვავებული ადგილი იქნება.
2016 წელს Carbon Brief-მა კლიმატის ზემოქმედების ორი სცენარი გააანალიზა, რომლებიც გლობალური ტემპერატურის 1.5-2.0 ° C-ის მატებით გამოწვეულ შედეგებს პროგნოზირებს. ორივე სცენარმა აჩვენა, რომ ექსტრემალური ამინდის სიხშირე და ინტენსივობა (ქარიშხლების და სიცხეების ჩათვლით) გაიზრდება, შეიცვლება მოსავლიანობის მაჩვენებლები, მოიმატებს ზღვის დონე და ა.შ.
სხვა ექსპერტები გვიწინასწარმეტყველებენ, რომ გლობალური დათბობა გაცილებით საშინელ მომავალს გვიქადის. 2017 წლის კვლევის თანახმად, გლობალური ტემპერატურა 2.5°C-ით შეიძლება გაიზარდოს (Climate Change News, 2017). ამ გარდაუვალობისა და მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება არ არის საკმარისი, ამიტომ, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რაც წინ გველოდება.
როდესაც კლიმატის ცვლილებისთვის ვემზადებით, უნდა გავითვალისწინოთ ყველა, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ჯგუფები, რომელთაც ნაკლები რესურსები და ადაპტაციის უნარი აქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვა მომზადების პროცესში, მეორეს მხრივ კი, საჭიროა იმისი ანალიზი თუ რით ამდიდრებს თავად შეზღუდული შესაძლებლობა კლიმატის ადაპტაციის პოლიტიკას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი პოპულაციაა. მიზეზები, როგორც ვნახეთ მრავალმხრივია. სხვა საკითხებთან ერთად, ქარიშხლების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, ევაკუაცია ფოკუსირებულ დაგეგმვას მოითხოვს. სითბო განსაკუთრებით, მყიფე ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე იმოქმედებს, ამ ჯგუფისთვის მიგრაცია ფენომენალურად რთულია, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად პირველები არიან, ვისაც ტოვებენ.
ყველა ამ საკითხის საპასუხოდ, ადაპტაცია უნდა შეიცავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების იდენტიფიცირებას და დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებას. შედეგად, დღის წესრიგში კლიმატზე ადაპტაციის სამართლიანობის საკითხიც შემოდის.
ხალხი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, ხშირად ყველაზე მეტად განიცდის ადაპტაციის პრობლებს და ძალიან მცირე რესურსები აქვს (ამასთან, ისტორიულად, ყველაზე მცირე გამონაბოლქვს გამოყოფს) - ამ ქვეყნების მხარდაჭერა გლობალური, განსაკუთრებით, მდიდრი ქვეყნების მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობაა. ოფიციალურად, ამ მორალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას ისტორიულ თანასწორობასაც უწოდებენ, რაზეც უკვე წლებია გაეროს ყოველწლიურ პარტიულ ყრილობაზე (Conference of Parties) (UNFCCC, 2021) სერიოზული დებატები მიმდინარეობს, რადგან მდიდარ ქვეყნებს, რომლებსაც კლიმატის ცვლილებაში ყველაზე დიდი როლი შეაქვთ, ამ პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.
კლიმატის ჭეშმარიტმა სამართლიანობამ ასევე უნდა უზრუნველყოს რესურსები, რომლებიც ყველასთვის მისაწვდომი გარემოს და სამართლიანობის შესაქმნელად არის საჭირო, რაც ასევე საჭიროებს არსებული სისტემების გარდაქმნას. კლიმატზე ადაპტაციის სამართლიანობამ უნდა განსაზღვროს მოწყვლადი ჯგუფები, დაადგინოს მათი მოწყვლადობის მთავარი მიზეზები კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოს რესურსები და მეორეს მხრივ, თავადვე შეცვალოს ის სისტემები, რომელიც კლიმატის ცვლილებაზეა პასუხისმგებელი (Union of Concerned Scientists, 2017).
ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ გამოყონ რესურსები და დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარებით ან გვალვაგამძლე მცენარეების მოყვანით დაწყებული, ადამიანებისთვის საცხოვრებლი პირობების შექმნით, მათთვის, ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ან/და თუნდაც, კონდიცირებაზე წვდომის უზრუნველყოფით დამთავრებული.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში, ჯანმრთელობის ფაქტორების გამო. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეიძლება იზოლირებულნი იყვნენ კატასტროფის დროს და ვერ შეძლონ საკუთარი ჯანმრთელობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შენარჩუნება.
კლიმატთან დაკავშირებული მიგრაცია განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, შეიძლება დაკარგონ პირადი დახმარების ქსელები, დაკარგონ მთავრობისა და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი სერვისები, ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, შეიძლება უბრალოდ, საზღვრებიდან გააბრუნონ.
კლიმატის სამართლიანობის მიღწევა გლობალურ თანამშრომლობას, ინკლუზიურ დაგეგმვას, რესურსებსა და ფართო საზოგადოებრივ განათლებას (განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და კლიმატის ცვლილების თემებისთვის) საჭიროებს. ამასთან, მოცემული ვალდებულება ისედაც ნათელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით, რომლის მე-11 მუხლი პირდაპირ მიგვითითებს კლიმატის ცვლილებაზე, როგორც სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციებიაზე, რომელიც მოგვიწოდებს გავითვალისწინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებს დააზარალებს.
ავტორი: თორნიკე კუსიანი
ბიბლიოგრაფია:
Carbon Brief. (2016). GLOBAL TEMPERATURE. N/A: Carbon Brief. Retrieved from https://www.carbonbrief.org/scientists-compare-climate-change-impacts-at-1-5c-and-2c
Climate Change News. (2017). Global 2C warming limit not feasible, warns top economist. Climate Change News, Climate Change News.
climate.nasa.gov. (2021, 01 20). https://climate.nasa.gov/. Retrieved from https://climate.nasa.gov/: https://climate.nasa.gov/vital-signs/global-temperature/
Community Resources for Independent Living (CRIL). (2017, 10 12). Community Resources for Independent Living (CRIL). Retrieved from https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10155651543760928&id=205081375927
Hooks, B. (2000). Feminist theory: From margin to center. Pluto Press.
National Geographic. (2017, 06 19). www.nationalgeographic.com. Retrieved from www.nationalgeographic.com: https://www.nationalgeographic.com/news/2017/06/heatwaves-climate-change-global-warming/
New York Times. (2017, 10 14). Northern California Fires Have Destroyed at Least 5,700 Buildings. New York Times, p. N/A. Retrieved from https://www.nytimes.com/interactive/2017/10/14/us/california-fire-building-damage.html
The UN Refugee Agency. (2021, 01 20). www.unhcr.org. Retrieved from https://www.unhcr.org/en-us/climate-change-and-disasters.html
U.S. Global Change Research Program. (2020, 01 20). health2016.globalchange.gov. Retrieved from health2016.globalchange.gov: https://health2016.globalchange.gov/
UNFCCC. (2021, 01 21). United Nations: Climate Change. Retrieved from https://unfccc.int/process/bodies/supreme-bodies/conference-of-the-parties-cop
Union of Concerned Scientists. (2017, 04 27). blog.ucsusa.org. Retrieved from https://blog.ucsusa.org/guest-commentary/climate-adaptation-adaptive-climate-justice-and-people-with-disabilities
United States Environmental Protection Agency. (2020, 01 20). www.epa.gov. Retrieved from www.epa.gov: shorturl.at/lwIRW.
Washington Examiner. (2017, 12 02). www.washingtonexaminer.com. Retrieved from https://www.washingtonexaminer.com/puerto-rico-wont-have-full-power-back-until-february
World Institute of Disability. (2018, 11 25). wid.org. Retrieved from wid.org: https://wid.org/2018/09/25/ned/
Yu, T. (2017). It’s Time to Recognize Climate Change as a Disability Rights Issue. Rooted In Rights, N/A. Retrieved from https://rootedinrights.org/its-time-to-recognize-climate-change-as-a-disability-rights-issue/
"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."