შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოების მნიშვნელობა და მათი გამოწვევები

A+
A-

გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის 29-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეფექტურად და თავისუფლად მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო საქმეთა მართვაში. ამასთან, 33-ე მუხლის (განხოციელება და მონიტორინგი ეროვნულ დონეზე) მიხედვით, სახელმწიფოებმა სხვადასხვა დონეზე ისეთი უწყებები და მაკოორდინირებელი მექანიზმები უნდა შექმნან, რომლებიც კონვენციის განხორციელებას შეუწყობენ ხელს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მეშვიდე ზოგადი კომენტარი, რომელიც კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგის პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობას ეხება (წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) ყურადღებას ამახვილებს გამოწვევაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული და მათ ცხოვრებაზე გავლენის მქონე გადაწყვეტილებები უმეტესად თავად თემის წარმომადგენლების ჩართულობის გარეშეა მიღებული. მაშინ, როდესაც

კონვენცია აღიარებს თუ რამდენად მნიშვენლოვანია თემის წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება და მათი შეზღუდვის ტიპის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულყოფილად ჩართვა.

Პრაქტიკაში აღნიშნული საკითხი გულისხმობს სახელმწიფოში არსებულ სახელმწიფო ორგანოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვას. ერთ-ერთ მაგალითად, მეშვიდე კომენტარში, მუნიციპალურ დონეზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები სახელდება. 

2014 წელს საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის  სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ასახული იყო რეგიონალურ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი წარმომადგნელობითი ორგაზანიციების ჩართვა მათ მუშაობაში. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სამოქმედო გეგმით, საქართველოს რეგიონალურ და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრათ. შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო თავად ამტკიცებს საკონსულტაციო საბჭოს შექმნის აქტს ბრძანების საფუძველზე. 

ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესავალ ნაწილში,  ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის უფლებას. Სამოქმედო გეგმა ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს განახორციელოს ინკლუზიური ღონისძიებები, რომელიც შესაძლებელს გახდის თითოეული ადამიანის მონაწილეობას საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში.  

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების მიხედვით, საბჭო "წარმოადგენს (...) მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს (..) მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი, სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს."

საბჭოს ამოცანები

საბჭოს მიზანია განიხილოს მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული თემები, მათი ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობდეს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკა და მისი კოორდინაციისთვის საბჭო ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება. საბჭომ უნდა დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები  ყველა სფეროში - საგანმანათლებლო, დასაქმების, სოციალური, თუ სხვა მიმართულებით. ამისთვის კი, მან კონკრეტული რეკომენდაციები, გეგმები და წინადადებები უნდა შეიმუშაოს. მაგალითად, თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს დებულებაში განსაზღვრულია, რომ საბჭოს ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა. მნიშვნელოვანია, საბჭო თანამშრომლობდეს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის. 

ამ ამოცანების შესასრულებლად, საბჭომ უნდა შეისწავლოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მუნიციპალიტეტში არსებული რესურსები და სერვისები, პოლიტიკის დოკუმენტები და ნორმატიული აქტები.

საინტერესოა თბილისის მუნიციპალიტეტის საბჭოს დებულების მაგალითი, რომლის თანახმადაც, თემის წარმომადგენელმა საბჭოს წევრმა ყოველ 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროს შეხვედრა იმ ჯგუფის წვერებთან, ვისაც წარმოადგენს საბჭოში და მათი საჭიროებების შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს. საბჭო იკრიბება 2-3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ და განიხილავს არსებულ მდგომარეობას.

ამ ეტაპზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს შესახებ არ არის დამტკიცებული ერთიანი სახელმწიფო სტანდარტი და შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შესახებ თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავად შეიმუშავებენ ბრძანებასა და საბჭოს დებულებას, სადაც განსაზღვრულია საბჭოს მუშაობის წესი. 2018 წელს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის მიერ ჩატარებული კვლევის "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში" მიხედვით, დებულებების ეფექტურად აღსრულება არ ხდება. რაც სხვადასხვა გამოწვევებთან ერთად, გულისხმობს რომ საბჭოები არ იკრიბებიან რეგულარულად, არ ხდება სისტემური საკითხების განხილვა და ძირითადად, ინდივიდუალური შემთხვევებზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

საბჭოს შემადგენლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში მერი ან მერის მოადგილე ხელმძღვანელობს. მუნიციპალიტეტის მხრიდან საბჭოში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთვებიან, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები მულტი უწყებრივ ასპექტებს ფარავს და მნიშვნელოვანია, ყველა სამსახურს გააზრებული ჰქონდეს მისი ვალდებულებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში. 2015 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში გამოწვევად სახელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ნაკლები ინფორმირებულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, საბჭოების ფუნქციონირებისა და მათში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ.

საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

საბჭოებში ასევე ხშირად მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებიც. საუკეთესო პრაქტიკა იქნებოდა, რომ ყველა საბჭო დაკომპლექტებული იყოს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა ჯგუფების წარმომადგენლობით, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა ჯგუფის საჭიროება და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაჟღერებული იყოს მათი ხმა.  საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საბჭოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაკლები ჩართულობაა. Ასევე, საბჭოებში უმეტესად არ არიან წარმოდგენილები ყველა შეზღუდვის მქონე ჯგუფები.  საკონსულტაციო საბჭოებში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაკლები ჩართულობის მაგალითებზეა საუბარი სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები და საბჭოში ეფექტურად მუშაობისთვის და  გაძლიერებას საჭიროებენ.  

საინტერესოა, რომ 2018 წლის კვლევის თანახმად, უმეტესწილად, საბჭოებში შეიძლება მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში აქტიური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წევრები. კვლევა ასევე განიხილავს არასამთავრობო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების, სერვისის მიმწოდებლების ჩართულობის შესახებ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რადგან შესაძლოა მათი მხრიდან მიკერძოებული, კრიტიკული ან/და საკუთარი ინტერესის დამცველი პოზიციონირება მოხდეს საბჭოს სხდომაზე. 

რეკომენდაციები:

საბჭოების ეფექტურად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  1. მნიშვნელოვანია, რეგიონებში მერთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოებში გაწევრიანებული იყოს ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე პირი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი, რათა დაიცვან თემის ინტერესები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და უკეთ შეძლონ საკითხების ადვოკატირება;
  2. მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოები უნდა  ითვალისწინებდეს თანაბარი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობისა და მხარდაჭერის სხვადასხვა ასპექტში. საბჭოს მუშაობა უნდა ეხებოდეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლებას, ჯანდაცვას, ტრანსპორტირებას, დასაქმებასა და სოციალურ ინტერაქციას;
  3. მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საბჭოს მნიშვნელობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და მათი საბჭოში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, საინტერესო იქნება არსებობდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. 

ზოგადი ასპექტები, რომელიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული საბჭოს მუშაობის პროცესში:

  1. ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საზოგადოებრივი ადგილების, ტრანსპორტის და სხვა ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს შეიძლება მოიცავდეს ტროტუარების შეკეთებას, პანდუსების დამონტაჟებას, ხელმისაწვდომ ლიფტებს და ა.შ.
  2. განათლება: ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. აღნიშნული მოიცავს წვდომას სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ადაპტირებულ ტექნოლოგიებსა და სწავლების მეთოდებზე.
  3. დასაქმება: ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.
  4. სოციალური მხარდაჭერა: სოციალური სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფა, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.  აქ იგულისხმება ოჯახის მხარდაჭერა, კონსულტაცია და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება.
  5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს ალტერნატიული ფორმატების გამოყენებას, როგორიცაა ბრაილი, აუდიო წიგნები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ინტერნეტში.
  6. მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლების ჩართვა მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.

ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების ეფექტური განხორციელება, საზოგადოების ყველა წევრისთვის უფრო ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი ხელისუფლების, სათემო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს.

 

ავტორი: ეკა მჭედლიშვილი

 

 

სხვა სიახლეები