შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებრივი გაძლიერების სტრატეგიები და ამოცანები

A+
A-

2018 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  შეიმუშავა სტრატეგია, რომლის დახმარებითაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებრივი გაძლიერება და გადაყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლება მოხდებოდა. სტრატეგია პეკინის დეკლარაციაზე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე დაყრდნობითაა შექმნილი. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ არის გაწერილი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებები, ისინი კვლავაც რჩებიან ინტერსექციური დისკრიმინაციის ობიექტებად. სტრატეგიის მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა გაძლიერებაა მათი თანდაყოლილი უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის.

მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს გარკვეული ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. 18 წლის და უფროსი ასაკის ქალების 19,2% შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, კაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი, მსოფლიო მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ. 2020 წლის სოციალური სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 47 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია, რაც იმ დროისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობის 36%-ს შეადგენდა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების მშობელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, უარს ამბობს მათთვის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან მიჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მათ შვილებს სტიგმისა და სტერეოტიპების ობიექტად აქცევს. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  გოგონები მოკლებულნი არიან მათთვის საჭირო სერვისებს და არ ხდება  მათი სრულფასოვანი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალებისა და გოგონების უმრავლესობას არ აქვს მიღებული შესაბამისი განათლება, ვინაიდან, მშობლებმა ვერ დაინახეს განათლების მიცემის აუცილებლობა, შედეგად, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უმრავლესობა, ფინანსურად ოჯახის სხვადახვა წევრზე თუ ნათესავზეა დამოკიდებული, რის გამოც, მათ გადაწვეტილების მიღების ავტონომია ეზღუდებათ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებრივი გაძლიერების სტრატეგიის ხედვაში ოთხ ძირითად მიზანს ვკითხულობთ:

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ლიდერობენ, მონაწილეობენ და თანაბრად სარგებლობენ მმართველობის სისტემებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ლიდერების ჩამოყალიბება, რომლებიც სხვათა თანასწორად მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის მართვის პროცესში, ხელისუფლების ყველა დონეზე. ისინი  ჩართულები იქნებიან ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების და პროგრამების შემუშავებაში, გაიზრდება მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის ხარისხი, იწარმოებს რეალური სტატისტიკა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე დაინერგება სერვისები.

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ გარანტირებული შემოსავალი, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ავტონომია.

ეს შედეგი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ჰქონდეთ  ღირსეული სამუშაო და სოციალური დაცვა; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გაზრდის მათ სახელზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რაოდენობას. მიზნის მისაღწევად აუცილებელია, გონივრული მისადაგების ეფექტიანი გამოყენება განათლების და დასაქმების სექტორში, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სრულფასოვანი ჩართულობა.

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ცხოვრობენ დამოუკიდებლად და თავისუფლად, ისინი დაცულები არიან ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან.

ეს შედეგი, ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციაში შეუწყობს ხელს. გაიზრდება სერვისების ხარისხი, რომელიც მიეწოდებათ ძალადობის მსხვერპლ ან რისკ ჯგუფში მყოფ ქალებს და შესაბამისად, გაჩნდება უფრო მეტი უსაფრთხო სივრცე.

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ხელს უწყობენ და უფრო დიდი გავლენა აქვთ მსოფლიოს მდგრადი მშვიდობის განვითარებაში, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადახვა ჰუმანიტარულ აქციაში, სხვათა თანასწორად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

ეს შედეგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ხელს შეუწყობს გაზარდონ მათი როლი და წვლილი აღნიშნული საკითხების მოგვარებაში და იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

დავბრუნდეთ და განვიხილოთ თითოეული მისაღწევი შედეგი, საქართველოს კონტექსტში, რათა შეძლებისდაგვარად ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. 

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ლიდერობენ, მონაწილეობენ და თანაბრად სარგებლობენ მმართველობის სისტემებით.

საქართველოში არც ერთ პარტიას არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის გაზრდის ან ინტეგრაციის სტრატეგიული გეგმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისთვის არის ცნობილი. გარდა ერთი პოლიტიკური სუბიექტისა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გეგმის შემუშავებაში არ იყვნენ ჩართულები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის წარმომადგნლები შესაბამისად, ეს ეწინააღმდეგება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მთავარ პრინციპს არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რეიტინგების მიხედვით, 3 ყველაზე მსხვილი პარტიის საარჩევნო სიაში არცერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი არ არის წარმოდგენილი. ამაში ერთგვარ როლს ის ფაქტიც თამაშობს, რომ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ბენეფიციარებად ხედავენ და არა პარტნიორებად.

შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციები და აქტივისტები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკაში, ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩრდილიდან გამოსასვლელად. ამასთან ერთად, ისინი განიცდიან ადამიანური  და ფინანსური რესურსების ნაკლებობას, ამის გარეშე კი, რთულია ხელშესახები და რეალური ცვლილებების მოხდენა. სასურველი იქნება დონორი ორგანიზაციები უფრო აქტიურად მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციებისა და აქტივისტების გაძლიერებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს საბჭოები, რომლებიც იმუშავებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე და მათ ინტეგრაციაზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ გარანტირებული შემოსავალი, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ავტონომია.

საქართველოში არ არსებობს რეალური სტატისტიკური მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა შესახებ. ქალებს არ გააჩნიათ მათზე მორგებული განათლების სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის არაერთი ნაბიჯია გადადგმული, კვლავაც არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: კადრების სიმცირე, გარემოს და სივრცის მისაწვდომობა. ამის გამო, ხშირია შიდა მიგრაცია, რომელიც ხელს უშლის რეგიონის განვითარებას. ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნიათ კვალიფიკაცია და ცოდნა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, მათ უჭირთ კონკურენცია გაუწიონ სამსახურის სხვა მაძიებლებს. 

თუ არ მოხდება სერვისების მისაწვდომობის გაზრდა დასახლებული პუნქტების მიხედვით,  შეუძლებელი იქნება ამ მიზნის მიღწევა. დიდ გამოწვევას წარმოადგენს ასევე 1990 - 2000 წლამდე დაბადებული შეზღუდული შესაძლებლობის ქალების საკითხი, რომელთაც არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ჩართულიყვნენ ინკლუზური განათლების პროცესში, არ გააჩნიათ სკოლის ატესტატი და ამის გამო, ეზღუდებათ პროფესიული სასწავლებლების გრძელვადიან კურსებში ჩართვა. ამის შესაცვლელად, აუცილებელია გამოვიყენოთ დისკრეცია, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, რათა მათ შეძლონ განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე არსებობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმი, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად რჩება. 

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ცხოვრობენ დამოუკიდებლად და თავისუფლად, ისინი დაცულები არიან ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან.

საქართველოში არსებობს მახინჯი პრაქტიკა, როდესაც მემკვიდრეებად მხოლოდ მამრობითი სქესის შვილები სახელდებიან, შესაბამისად,  ხშირია შემთხვევები, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი მშობლიურ სახლში სამადლობლად ხდება შეკედლებული და მის სოციალურ მისაღებლებს და დღის წესრიგს ოჯახის წევრები განკარგავენ. ყველას გვესმის რომ ეს ეკონომიკური ძალადობის სახეა, თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალების ცნობიერების დაბალი დონის გამო, ისინი ხშირად ვერ ახდენენ აღნიშნული დისკრიმინაციული საკითხების იდენტიფიცირებას და რომც მოახდინონ, სახელმწიფო არ სთავაზობს ალტერნატიულ სერვისებს, რათა თავი დააღწიონ მათთვის  უსიამოვნო გარემოს.  

როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ ძალადობაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ხშირად სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახდენენ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ფსიქოსოციალური საჭიროების ან მენტალური შეზღუდვის მქონე ქალებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის ადაპტირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების განხორციელებასთან. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს პასიურობა მისაწვდომი სერვისების დანერგვაში შეგვიძლია პირდაპირ ძალადობად აღვიქვად, რომელიც ძალაუფლების მქონე პირების უმოქმედობითაა გამოწვეული.

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალები და გოგონები ხელს უწყობენ და უფრო დიდი გავლენა აქვთ მსოფლიოს მდგრადი მშვიდობის განვითარებაში; აქტიურად მონაწილეობენ სხვადახვა ჰუმანიტარულ აქციაში. სხვათა თანასწორად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით:

საქართველოში არსებული ფემინისტური მოძრაობები საკმაოდ ჩაკეტილია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სამწუხაროდ, ვერ იკავებენ სხვათა თანაბრად საკუთარ ადგილს. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არ ჩანან არც ერთ მსგავს აქტივობაში, რის გამოც, მათი ინტერესების გათვალისწინება არ ხდება.

შეჯამება:

საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვის შემდეგ, მკვეთრად დავინახავთ ისეთ მნიშვნელოვან ბარიერებს, როგორიცაა:  საზოგადოება, ხელისუფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  თემი, სადაც დომინირებენ მამაკაცები ან ქალთა ორგანიზაციები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ საქველმოქმედო მიდგომა აქვთ და მათ პატნიორებად არ განიხილავენ.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებმა აუცილებად უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ჩვენ სათქმელს აღარ უნდა ამბობდეს სხვა. თუ არ ვიაქტიურებთ დღეს, ხვალ არაფერი შეიცვლება და ყოველთვის დავრჩებით მოწყვლად ჯგუფად, რომელზეც ძალადობა და ჩაგვრა ყველაზე მარტივია და ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

 

ავტორი: დეა ერემაშვილი

 

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

სხვა სიახლეები