"ვაკანსიაზე განაცხადი რომ შემოიტანე, რატომ არ თქვი რომ კოჭლობდიო"- აქტივისტი დეა ერემაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე
დაბადების შემდეგ, თითოეული ადამიანი ცხოვრების გზაზე სტანდარტულ ციკლს გადის: ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, დასაქმება და ოჯახის შექმნა. თუმცა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი ხარ, მშობელს (მშობლების უმეტესობას) არ აქვს მოლოდინი, რომ შენც სხვათა თანასწორად ჩაებმები ცხოვრების ამ ციკლში. შესაბამისად, ისინი მთელ თავის დროს, ფულსა და ენერგიას, შენს "გამოჯანმრთელებას" ახარჯავენ და როდესაც უკან მოიხედები, უკვე 30 წელს გადაცილებული ადამიანი ხარ, რომელსაც ბევრი მეგობარი მხოლოდ იმიტომ არ ჰყავს, რომ მთელი ცხოვრება თერაპიებსა და მკურნალობის კურსებზე სიარულს შეალია. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ სკოლის 9 კლასის ატესტატი გაქვს, რადგან ითვლება, რომ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, "მეტი არც არაფერი გჭირდება", სამწუხაროდ, მშობლებისგან ბევრჯერ მომისმენია მსგავსი ფრაზები.
უმეტესწილად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ უმაღლესი განათლება, პროფესია და ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ქუჩაში მარტოც ვერ გადაადგილდებოდნენ. სამწუხაროდ, ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ და ეს მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური ბარიერებით.
ჩემი ცხოვრებაც ანალოგიური სქემით მიდიოდა. ბაღში არ მივლია, იმიტომ რომ მობილობის შეზღუდვა მქონდა, სკოლა კი, 11 კლასის ჩათვლით დავასრულე. ჩემ ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ვგრძნობდი, რომ პედაგოგები ჩემ მიმართ ნაკლებად მომთხოვნები იყვნენ. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ საგნებს, რომლებიც მიყვარდა, საშუალოზე კარგად ვსწავლობდი. 12 წლის ასაკში, ერთ-ერთ სასწავლო კურსზე მითხრეს, რომ გამოცდის ჩაბარება არ იყო აუცილებელი და უმაღლეს ნიშანს ისედაც დამიწერდნენ. მახსოვს, მაშინ ძალიან გავბრაზდი და პირველად მივხდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება გავაპროტესტე და გულმოდგინე მეცადინეობის შემდეგ, 4-იანი მივიღე. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვინაიდან, ეს ნამდვილად ჩემი დამსახურება იყო და არა ვინმეს "მოწყალების" შედეგი. ამ პატარა გამარჯვების მიუხედავად, კვლავაც ვაგრძელებდი არაფრისმომცემი რეაბილიტაციის კურსების გავლას, რაშიც მთელი დრო და ენერგია მეხარჯებოდა.
16 წლის ასაკში, სამოქალაქო აქტივიზმში ჩავები, რამაც "ფრთები შემასხა". გამიმართლა, რადგან ოფისი ჩემ სახლთან ახლოს მდებარეობდა. სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დამოუკიდებლად მგზავრობა დავიწყე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აქტივისტებს შორის, თავს განსხვავებულად არ ვგრძნობდი.
პატარა ერთჯერად პროექტებშიც ჩავერთე, მივიღე მცირე, მაგრამ საკუთარი სახარჯი ფული და სრულფასოვნად შევიგრძენი დამოუკიდებლობის ძალა. როგოც ზემოთ აღვნიშნე, ოჯახის წევრებს ჩემ მიმართ ,"სტანდარტული" მოლოდინები არ ჰქონიათ, მაგრამ მე საკუთარი თავის მჯეროდა და ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვება გადავწყვიტე. მომზადებისა და სხვების მხარდაჭერის გარეშე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და იურიდიულ ფაკულტეტზე მოვხვდი, რაც 2006 წელს, საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან, იმ წელს აბიტურიენტების მხოლოდ 42%-თვის იყო ადგილები.
მიუხედავად იმისა, რომ ფასიან ფაკულტეტზე მოვხვდი, საკუთარი შრომით გადავიხადე რამდენიმე სემესტრის თანხა, თუმცა, სწავლა ვერ დავასრულე (დავხურე მხოლოდ 3 კურსი). დღეს, იმ პერიოდისგან განსხვავებით, განათლების მიღების ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის, გაცვლითი პროგრამები. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს უმაღლეს განათლებას, რაც საბოლოოდ, დასაქმების პერსპექტივას, საკუთარი შემოსავლის ქონის შესაძლებლობას და დამოუკიდებლად ცხოვრებას უშლის ხელს.
მე რაც შემეხება, ვინაიდან კომპიუტერს კარგად ვფლობდი სამსახურის ძებნა დავიწყე. იმ დროს, ფაქტობრივად არ ვიცოდი რას ნიშნავდა CV და სადაც აღნიშნულ მოთხოვნას ვხედავდი, იმ ადგილზე არ ვგზავნიდი მეილებს. გარკვეული დროის შემდეგ, ამ საკითხშიც გავერკვიე და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც შევადგინე CV ინგლისურ ენაზე და გავაგზავნე ყველგან, სადაც ვთვლიდი, რომ შემეძლო მუშაობა და სამუშაო აღწერილობის შესასრულებლად საჭირო უნარები გამაჩნდა. ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენიმე ვაკანსიაზე დამიბარეს, თუმცა, ტესტირებაში მაღალი ქულების მიღების მიუხედავად, გასაუბრების ეტაპებს ვერ ვცდებოდი. ბოლოს, ერთ-ერთმა დამსაქმებელმა პირდაპირ მითხრა:"ვაკანსიაზე განაცხადი რომ შემოიტანე, რატომ არ თქვი რომ კოჭლობდიო".
გადავწყვიტე, ქართველ დამსაქმებლებთან არ დამეკარგა დრო და სამსახური ონლაინ სივრცეში მეპოვა. შესაბამისად, გავდიოდი სერტიფიცირების ყველა იმ პროგრამას, რომელიც უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, მქონდა არასტაბილური, მაგრამ საკუთარი შემოსავალი. ამ ყველაფერმა მეტი თავდაჯერება და მოტივაცია მომცა. შედეგად, ადგილობრივ შრომის ბაზარზეც დავსაქმდი. მომხდარმა ჩემი ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხი გაზარდა, რასაც პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებიც მოჰყვა. დავამსხვრიე იმ დროს, ყველაზე მეტად ფესვგადგმული სტერეოტიპი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ოჯახის შექმნა არ შეეძლოთ.
2012 წელს შემოსავლების სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი გაეშვა და "დავების დეპარტამენტში" დავიწყე მუშაობა. აღნიშულ პოზიციაზე 5 წელი ვიმუშავე, მაგრამ ოჯახური საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მომიწია და სამსახურიდანაც წამოვედი. ამდენი ბრძოლის შემდეგ, ისევ უმუშევარი დავრჩი. მახსოვს, ბათუმში გადმოსვლისას, ყველაზე მძიმე უსამსახურობა და საკუთარი ფულის არქონა იყო.
მოგვიანებით, ახლობელმა მითხრა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა ჰქონდა. ვაკანსიას რამდენიმე თვე ველოდე, ამ პერიოდში, არაერთხელ დავეკონტაქტე დასაქმების აგენტს, არა იმიტომ რომ ფინანსურად მიჭირდა, არამედ იმიტომ, რომ კვლავ სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და შინაგანი თავისუფლება მქონდა შეზღუდული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით, 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში, კონსულტანტის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა. ამან საშუალება მომცა სხვა პროექტებშიც ჩავრთულიყავი, მიმეღო გამოცდილება, რომელმაც საბოლოოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტივისტად მაქცია.
ჩემი ისტორიის გაზიარების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ შეუძლებელი არაფერია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ავტორი: დეა ერემაშვილი
"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."