"ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორია ვინმესთვის მოტივაციის მომცემი აღმოჩნდება" - გიორგი ხიზანიშვილის პერსონალური ბლოგი

A+
A-

მე ვარ გიორგი ხიზანიშვილი, 27 წლის. ამ ბლოგის დაწერის მიზანი საზოგადოებისთვის საკუთარი თავის წარდგენაა და ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორია ვინმესთვის მოტივაციის მომცემი აღმოჩნდება. 

ყველაფერი 18 წლის წინ დაიწყო, 2003 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ოჯახში საახალწლო სამზადისი იყო დაწყებული. მე და ჩემი და ბიძასთან ვიყავით სტუმრად, ეზოში ტრაქტორი იყო გაჩერებული, რომელსაც ცისტერნა ჰქონდა მიბმული, მასთან დამაკავშირებელი ნაწილი კი სწრაფად ტრიალებდა. ერთ მხარეს მე ვიდექი, ხოლო მეორე მხარეს  ჩემი და იდგა და გადასროლილ წნელს იჭერდა. რაღაც მომენტში წნელი ჩავარდა იმ ნაწილთან, რომელიც სწრაფად ტრიალებდა. მე მის ამოსაღებად წავიღე ხელი. მოხდა ის რაც მოხდა და ორივე ხელი ადგილზე დავკარგე. 

ამ შემთხვევას დეტალურად იმიტომ ვყვები, რომ დიდწილად ის გახდა შემდგომში  ჩემი წარმატების მიზეზი. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც გარკვეულ ადამიანებს ჩემი პარასპორტში ჩართვის აზრი გაუჩნდათ. თავდაპირველად, ცურვით დავიწყე, რადგან სპორტის ამ სახეობაში წარმატების არაერთი პრეცედენტი არსებობდა. თუმცა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მალევე შევწყვიტე ცურვა და სპორტის ისეთ სახეობაში გადავედი, რომელიც ჯერ მხოლოდ „იდგამდა ფეხს“ საქართველოში, ეს იყო კორეული საბრძოლო ხელოვნება - ტაეკვონდო. 

თავდაპირველად, სკეპტიკურად ვუყურებდი საკუთარ თავს. ჩემი თავი სპორტსმენად ვერ წარმომედგინა, ამიტომ თავიდან ისე ვვარჯიშობდი, როგორც მოყვარული და უბრალოდ,  ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვებოდი. ხშირად ვაცდენდი ვარჯიშებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან ახალი მწვრთნელი, შოთა გოჩიაშვილი მოვიდა. მან ნამდვილად "ახალი სისხლი გადაუსხა" გუნდს და სრულიად გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ "სული შთაბერა" კიდეც. მან დიდი შრომა ჩადო ჩვენში და ზოგადად, სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, რაც აისახა კიდეც ჩვენ შედეგებზე.

ჩემი პირველი წარმატება თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მოპოვება იყო, გავედი და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. 

შემდეგ იყო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქრო ევროპის თასზე და ბოლოს, წარმატება 2022 წლის ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, სადაც ოქროს მედალი მოვიპოვე. 

ამ ყოველივეს შემდეგ, დავიჯერე ჩემი სპორტსმენობის ამბავი, ვირწმუნე საკუთარი თავის. დავიჯერე, რომ ცხოვრებაში ჩვენი ოცნებები შეიძლება ასრულდეს და ეს სავსებით რეალისტურია. როდესაც მეკითხებიან, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, ვპასუხობ - მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ! შეიყვარე ყველა და ყველაფერი! იყავი მომთმენი, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გახდე წარმატებული და რეალიზებული.

როცა შეგრძნებებსა თუ განცდებზე მისვამენ კითხვებს, ვეუბნები, რომ აქამდე განცდილ ყველა შეგრძნებას გადააჭარბა იმან, რაც დაჯილდოების ცერემონიაზე ვიგრძენი: სიხარული, კმაყოფილება, სიყვარული, მადლიერება და მაინც, ამ ყველაფერთან ერთად, გამოვარჩევდი უმთავრესს: ეროვნულობის შეგრძნებას, რადგან ვუყურებდი საკუთარი ქვეყნის ხუთჯვრიან დროშას  და მესმოდა საქართველოს ჰიმნი.

დღეს ჩვენ ქვეყანაში, ქალაქებსა თუ სოფლებში, არიან ადამიანები სხვადასხვა შეზღუდვით, რომელთაც ჩემ მსგავსად ვერ წარმოუდგენიათ თავი სპორტის რომელიმე სახეობაში. ამიტომ, მინდა მათ ვუთხრა: ნუ იქნებით პასიურები, პირიქით, იყავით აქტიურნი, დაკავდით სპორტით, ვინაიდან ეს არის რესოციალიზაციისა და წარმატების საუკეთესო გზა.

ბლოგის ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყანა მისი თითოეული მოქალაქისგან შედგება, მათი ფიზიკური განსხვავებულობითა თუ მსგავსებებით. ყველას გვსურს თანაბარ გარემოში, სხვათა თანასწორად ღირსეული ცხოვრება, ამისთვის კი, საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა საკუთარი საქმით  შევძლოთ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვლა. 

 

ავტორი: გიორგი ხიზანიშვილი

 

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

 

სხვა სიახლეები