შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოში  არსებული სტატისტიკური  მონაცემები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოში არსებული სტატისტიკური მონაცემები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები

A+
A-

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: "სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის".

გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3  პუნქტების თანახმად: "1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას..." "3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას გაავრცელონ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები და უზრუნველყონ მათი მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და ასევე სხვა პირთათვის".

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით: "ამ კანონით განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია, თავიანთი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ვალდებული არიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) მიაწოდონ საჭირო მონაცემები/ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი წლისათვის დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული ნუსხისა და პერიოდულობის შესაბამისად".

საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს 2006 წლის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს აქვს ვალდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  (შშმ) პირებს შეუქმნას ადეკვატური პირობები მათი უფლებებისა და ინტერესების განსახორციელებლად და ამის უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია სახელმწიფოს ვალდებულება აწარმოოს და მისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებული რეალური სტატისტიკური მონაცემები.  სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ვალდებულება გამომდინარეობს იმ აუცილებლობიდან, რომ სახელმწიფოს თუ არ ექნება რეალური მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის, შეზღუდვის კატეგორიის და ა.შ.,  შეუძლებელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  უფლებების დასაცავად ადეკვატური და რეალური პოლიტიკის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ეფექტიანი განხორციელება. ამიტომ  აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებული სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია. შესაბამისად, აუცილებელია გაანალიზდეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესახებ  არსებული სტატისტიკური მონაცემების მდგომარეობა და ეფექტიანობა, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვას საქართველოში. 

საქსტატის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით, (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა 2014 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით შეადგენდა 3 713 804 პირს. აღწერის ფარგლებში ხდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარაუდო რაოდენობის დადგენაც. პირის შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრა საყოველთაო აღწერისას ხდებოდა  მხოლოდ რესპოდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის – თვითშეფასების  საფუძველზე და არა შესაბამის სპეციალისტთა შეფასებით. შეზღუდვების კატეგორიზაცია შემდეგნაირი იყო - ნაწილობრივი, მნიშვნელოვანი და სრული. ამავდროულად, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი და ამიტომ, ეს მონაცემები არ არის სრულყოფილი და ზუსტი, თუმცა, აღწერის შედეგად გამოვლენილმა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა რაოდენობამ  1 301 675 პირი შეადგინა, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით, 35.05%-ია. გასათვალისწინებელია, რომ შეკითხვაზე შესაძლო შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ პასუხი არ გასცა 39 912 -მა გამოკითხულმა. უნდა აღინიშნოს, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (WHO) მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით, 10-15 %-ს შეადგენენ. 

ქვეყანაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხის განსაზღვრის ოფიციალური მეთოდოლოგიით, შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება იყოს მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული ე.წ. I, II და III ჯგუფი.  პოტენციური  1 301 675  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან, ყველაზე  მეტმა პირმა

  • 576 348  ანუ  44.2%-მა - მიუთითა მხედველობის დარღვევა;
  • 239 204 ანუ 18.3%-მა - სმენის დარღვევა;
  • გადაადგილების, დგომის დარღვევა 220 998-მა  ე.ი. დაახლოებით 17 %-მა;
  • ცნობიერების, კონცენტრირების, მეხსიერების დარღვევა - 100 724 ანუ 7.7%-მა;
  • თვითმომსახურების  უნარის დარღვევა - 98 452 ე.ი.  7.5%-მა; 
  • კომუნიკაციის უნარის დარღვევა 65 949 ე.ი. დაახლოებით 5 %-მა.  

ზემოთ აღნიშნული დარღვევებიდან სიმძიმის მიხედვით,  ყველა კატეგორიაში ყველაზე მეტი ნაწილობრივი შეზღუდვები იყო, რომელიც სხვადასხვა კატეგორიებში 8-ჯერაც კი აღემატებოდა მნიშვნელოვან შეზღუდვათა რაოდენობას და ცხადია, კიდევ უფრო მეტად აღემატება სრულ შეზღუდვებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი და სრული შეზღუდვების მქონე პირთა რაოდენობა 324 042 იყო (მოსახლეობის 8.7%), ხოლო ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა რაოდენობა 977 633 (მოსახლეობის 26.3%).  უნდა აღინიშნოს, რომ  მნიშვნელოვანი და სრული შეზღუდვის მქონე პირების აბსოლუტური უმრავლესობა,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების თანამედროვე/სოციალური მოდელის გამოყენების შემთხვევაში, დიდი ალბათობით მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის, 9%  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით (2014 წლის საყოველთაო აღწერა) ნაწილობრივი, მნიშვნელოვანი და სრული შეზღუდვის მქონე პირთა გადანაწილებას რეგიონის  მაცხოვრებელთა  შორის  და მათ წილს რეგიონის მაცხოვრებელთა შორის, რამდენიმე დიდი რეგიონის მაგალითზე ასეთია:  

  • თბილისი - 1 108 717 პირიდან 301 371 (დაახლოებით 27%.1);
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 333 953 პირიდან  92 407 (დაახლოებით 27.6%);
  • იმერეთი - 533 906 პირიდან 248 448 (დაახლოებით 46.5%). 

ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს  სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოც აწარმოებს.  სააგენტოს  მონაცემები საქსტატის მონაცემებისგან განსხვავებით, უფრო ზუსტია, რადგან იგი ეფუძნება არა გამოკითხულთა პირად თვითშეფასებას, არამედ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამდგენი ოფიციალური კომისიების მიერ გაცემული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამდგენი დოკუმენტების რაოდენობას. თუმცა, იგი არ ასახავს რეალობას, რადგან აღრიცხავს მხოლოდ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც  სახელმწიფოსგან  სოციალურ პაკეტს/კომპენსაციას იღებენ და არ ეხება პირის ფაქტობრივ მდგომარეობას, მის შესაძლო შეზღუდულ შესაძლებლობას.

2015 წლის  მარტის თვის  მონაცემებით,  სააგენტოს მიერ აღრიცხული იყო მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღები 118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო  უკვე 2017 წელს ეს რიცხვი 125 104 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეადგენდა. 

როგორც ვხედავთ, ძალიან დიდი სხვაობაა საქსტატის 2014 წლის ნოემბრის, მხოლოდ მნიშვნელოვანი და სრული შეზღუდვის მქონე პირთა რაოდენობასა და სააგენტოს 2015 წლის მარტის (სხვაობა 36.6 %) და  2017 წლის სრულ მონაცემებს (სხვაობა 38.6%) შორისაც კი (აქ გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო მხოლოდ სოციალური პაკეტის დახმარების მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღრიცხავს განსხვავებით საქსტატისგან).  შესაბამისად, აუცილებელია შეიცვალოს სტატუსის მინიჭების დღევანდელი მოდელი. ამაზე მეტყველებს წინამდებარე სტატიის მომზადებისას სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციაც (სააგენტოს დორექტორის მოადგილის 2020 წლის 10 დეკემბრის N 04/25018 წერილი), რომ ,,სააგენტო ადმინისტრირებას უწევს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იმ პირთა პირად საქმეებს, რომელთაც სააგენტოს მომართეს სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია) დანიშვნის მოთხოვნით’’. 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა რაოდენობა 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 126 851 პირს შეადგენს, რომელსაც ემატება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები 18 წელს ზემოთ მყოფი 3195 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, 2020 წლის ნოემბრის  მდგომარეობით,  სააგენტოს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულია 130 046 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით,  3.5 %-ია და კვლავ უდიდეს სხვაობაშია WHO-ს ოფიციალურ 10-15 %-იან მონაცემებთან და საქსტატის 2014 წლის მინიმუმ 8.7 %-თან.

ზემოთ აღნიშნული 126 851 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან, 11 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 18 წლამდე ასაკისაა,  18 და მეტი ასაკის კი, 115 200 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.  

საინტერესოა, რომ სულ სოციალური პაკეტის მიმღები 126 851 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირიდან, მამრობითი სქესისაა 77 531  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირი,  ხოლო მდედრობითი სქესის 49 320. შესაბამისად, კარგად ჩანს, რომ 2020 წლის მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიდან, კაცი დაახლოებით, 22.2 %-ით (28 211 -ით) მეტია ვიდრე, ქალი.

18 და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან 70 395 მამრობითი სქესის  და   44 805 მდედრობითი სქესის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ე.ი. 2020 წლის მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიდან, კაცები დაახლოებით, 22.2 %-ით (25 590 -ით) მეტია ვიდრე ქალები, ხოლო 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებში მამრობითი სქესისაა 7 136 პირი, ხოლო მდედრობითი სქესის 4 515. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 11 651 პირიდან,  18 წლამდე სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან, მამრობითი სქესის პირი დაახლოებით, 22.5%-ით (2621 პირით) მეტია მდედრობითი სქესის პირებზე. შესაბამისად,  სოციალური პაკეტის მიმღებ, როგორც სრულწლოვან ისე არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში,    რაოდენობრივი სხვაობა მამაკაცთა სასარგებლოდ საკმაოდ მაღალია (დაახლოებით 22 %), რაც ზოგადად დამაფიქრებელი მონაცემია და ამ მხრივ სპეციალურ  დამატებით კვლევებს საჭიროებს. 

2014 წლის საყოველთაო აღწერით დადგენილი  მნიშვნელოვანი და  სრული შეზღუდვის მქონე პირთა რაოდენობა 2015 წლის მარტის მონაცემებზე 205 391-ით (63.4 %),  2017 წლის მონაცემებზე 198 938-ით (61.4 %), ხოლო 2020 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა რაოდენობაზე 193 996-ით (59.9 %)მეტია. 

საგენტოს 2020 წლის მონაცემები საინტერესოა რეგიონების, გენდერული და ასაკობრივი კუთხითაც.   სააგენტოს მონაცემებით, თბილისში სოციალური პაკეტის მიმღები სულ 30 262 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. აქედან, მამრობითი სქესისაა 18 421, ხოლო მდედრობითი სქესის 11 841 პირი (სხვაობა მამაკაცთა სასარგებლოდ 6580 პირი, დაახლოებით 21.7 %-ია). თბილისში სრულწლოვანი სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  26 392 პირია  (მამაკაცი 16 063, ქალი  10 329, სხვაობა 5734 პირია, რაც დახლოებით  21.7 %-ია), ხოლო  არასრულწლოვანი  3 870, რომლიდანაც,  მამრობითი სქესის 2358, ხოლო მდედრობითი სქესის 1512  პირია (სხვაობა სქესთა შორის 846 პირი, დაახლოებით 21.9 %-ი).

იმერეთში სულ 23 407  სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირია. აქედან მამრობითი სქესისაა 14 499, ხოლო მდედრობითი სქესის 8 908 პირი (სხვაობა, მამაკაცთა სასარგებლოდ 5591 პირი, დაახლოებით 23.8 %-ია).  იმერეთში 18-წლამდე  1603  სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, საიდანაც 976 მამაკაცი, 627 კი ქალია (სქესთა შორის სხვაობა 346 პირი,  დაახლოებით, 21.7%-ია). 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, სულ 15 321 სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირია (8617 მამაკაცი და 6704 ქალი, სხვაობა 1913 პირი, დაახლოებით,  12.5 %-ია), რომლიდანაც 1433  არასრულწლოვანი (მამაკაცი 896 და ქალი 537. სქესთა შორის სხვაობა 359 პირი, დაახლოებით, 25% მამაკაცთა სასარგებლოდ), ხოლო 13 888 სრულწლოვანი (7721 მამაკაცი  6167 ქალი. სქესთა შორის სხვაობა 1554 პირი, დაახლოებით 11.1% მამაკაცთა სასარგებლოდ) სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირია.

როგორც ვხედავთ, 2020 წლის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხვედრითი წილი, თბილისის მაცხოვრებელთა შორის, დაახლოებით, 2.72%-ია (2014 წლის აღწერით დაახლოებით, 27.1%),   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში - 4.58% (2014 წლის აღწერით დაახლოებით, 27.6 %), იმერეთში - 4.38 % (2014 წლის აღწერით დაახლოებით, 46.5 %). 

სააგენტოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2020 წლის სტატისტიკა, საქსტატის  2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა,  განსხვავება უმნიშვნელოა 2015, 2017 და 2020 წლის სააგენტოს საერთო სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის, კერძოდ, 2015 წელს სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საერთო მოსახლეობის დაახლოებით, 3.19 %-ია.  2017 წელს სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საერთო მოსახლეობის 3.36% იყო, ხოლო 2020 წელს სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები საერთო მოსახლეობის 3.41 %-ია. თუკი, სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს გავაერთიანებთ, ამით დიდად არაფერი შეიცვლება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა პროცენტული წილი საქართველოს მოსახლეობაში  3.50% იქნება.  შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში საშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  3-4-ჯერ ნაკლებ რაოდენობას უთითებს, ვიდრე ეს  საქსტატის ან WHO-ის  მონაცემებით უნდა იყოს. 

WHO-ს მონაცემებთან შედარებით ახლოს დგას საყოველთაო აღწერით 2014 წელს გამოვლენილ მნიშვნელოვნად და სრულად შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სტატისტიკა (როგორც პოტენციურ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემები), რადგან მათი წილი საქართველოს მოსახლეობაში 8.7 %-ია. სააგენტოს მონაცემები კი მასზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებ რიცხვს აჩვენებს.

მიგნებები რომელიც  სტატიაზე მუშაობისას გამოიკვეთა:   

1.  2014 წლის საყოველთაო აღწერისას 39 902 რესპოდენტის უარი, დაეფიქსირებინა ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის არსებობა-არარსებობა რეალურ სურათს  კიდევ უფრო ამძიმებს. თუკი მხოლოდ მნიშვნელოვნად და სრულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რიცხვს ავიღებთ მაშინ ეს რიცხვი საქართველოს მოსახლეობის 8.7 %-ია (სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით კი მაქსიმუმ 3.5 %). მაჩვენებლებს შორის შეუსაბამობა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს 2014 წელს  UNCRPD-ის  31-ე მუხლით აღებული ვალდებულების შესრულებას აწარმოოს სრულყოფილი და რეალური სტატისტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესახებ  ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების მიზნით. თუკი გავითვალისწინებთ 39 902 რესპოდენტის უარს პასუხზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს.

 2. საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესახებ არსებული  სტატისტიკური მონაცემებიდან მისაწვდომია მხოლოდ მცირე ნაწილი, კერძოდ, ჯანმრთელობის ,,პრობლემებთან’’ დაკავშრებული ინფორმაცია (იხ. http://census.ge/ge/results/census1/health). ამ მხრივ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე (იხ. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=610), რადგან აქ საერთოდ არ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესახებ სააგენტოში არსებული  სტატისტიკური ინფორმაცია და მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომაც და საქსტატმაც ცხელ ხაზზე და ელექტრონულ რესურსებზე კომუნიკაციისას ეფექტიანად მოახდინეს იმ ინფორმაციის მოწოდება რაც სტატიის ფარგლებში იყო მოთხოვნილი, ეს უწყებები   მაინც ვერ უზრუნველყოფენ UNCRPD-ის  31-ე მუხლით აღებული ვალდებულების შესრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესახებ არსებული სრულყოფილი  სტატისტიკური მონაცემები  გაავრცელონ და ხელმისაწვდომი გახადონ არამარტო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამედ სხვა პირთათვისაც, ამაზე მეტყველებს ის, რომ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად საჭირო გახდა უწყებებზე ოფიციალურად მიმართვა და ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.

3. საქსტატის 2014 წლის სტატისტიკური მონაცემების მაქსიმალური რაოდენობის დაშვებით,   საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა შესაძლო რაოდენობა 8.7-დან 35.05 %-მდე მერყეობს, ხოლო სააგენტოს 2020 წლის  მონაცემებით, იგი 3.5%-მდეა.  ორივე შემთხვევაში, მონაცემები პრობლემურია, რადგან საქსტატის მონაცემები, რომელიც უფრო რეალური ჩანს, მაინც არაოფიციალური ხასიათისაა და  ცდომილობის ფარგლები 8.7 - 35.05%-ს შორისაა. შედარებით უფრო ოფიციალური სააგენტოს მონაცემები კი, აშკარად  მცდარი ხასიათისაა, რადგან რეალურად ქვეყანაში  არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რიცხვს კი არა, მხოლოდ სახელმწიფო შემწეობისა და კომპენსაციის მიმღებ პირთა რიცხვს  ასახავს. ამის დასტურია WHO-ს მონაცემებთან სააგენტოსა მონაცემთა სხვაობა და ის, რომ 30 წლის განმავლობაში მომხდარი საომარი მოქმედებების მიუხედავად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა რიცხვი ასე მცირეა.

4. 2014 წლის საყოველთაო აღწერით გამოვლენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებიდან მნიშვნელოვნად გამოხატული  (პოტენციური ე.წ.  II ჯგუფი) 264 966 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც საქართელოს მოსახლეობის 7.1 %-ია და ამ მიგნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კოვიდ -19 პანდემიის პირობებში, რადგან  მოსახლეობის დასახმარებლად შემუშავებული სახელმწიფო თუ ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ბენეფიციარები ძირითადად, მკვეთრად გამოხატული  ე.ი. I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და სათანადო ყურადღების მიღმა რჩებიან ე.წ. მე-2 და მე-3 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უდიდეს ნაწილს რეალური სოციალური დახმარების გარეშე ტოვებს. ამას ემატება ის 977 633 პირი, რომელიც საკუთარი შეფასებით, ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად მიიჩნევს თავს (ე.წ.III ჯგუფი).  შესაბამისად, შეიძლება ითქვვას, რომ კოვიდ -19 პანდემიის დროს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა    დაახლოებით, 1 242 599 (33.4 %) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირი რჩება.

5. რეგიონებში სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა ხვედრითი წილი ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ყველაზე მეტი სწორედ 2020 წელს იყო. მაგ. თბილისში 2.72%-ი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში 4.58%-ი, იმერეთში 4.38 %-ი. ეს მონაწემები კი 2014 წლის აღწერის შედეგებთან 5-ჯერ და 10-ჯერ ნაკლებ რიცხვს აჩვენებს, რაც იმაზე მეყველებს, რომ შესაძლოა, სტატუსის შეფასების სისტემის ხარვეზის გამო, რეგიონებში ამჟამად აღრიცხულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობაზე მინიმუმ 5-ჯერ მეტი პირი, სტატუსის და ბენეფიტების გარეშეა დარჩენილი.

6. სტატიის მომზადებისას გამოიკვეთა, რომ როგორც სრულწლოვან ისე არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში   2020 წლის მონაცემებით, მამაკაცები მნიშვნელოვნად  ჭარბობენ ქალებს და მათი პროცენტული სიჭარბე დაახლოებით,  22%-ია. ეს მონაცემი  საყურადღებოა გენდერული თანასწორობისა  და ბავშვთა უფლებების ჭრილში,  რადგან საქართველოში ქალების რიცხვი ზოგადად, მამაკაცებზე 2-3%-ით მეტია. ამიტომ, სამომავლოდ საინტერესო იქნება მამაკაცთა ასეთი სიჭარბის გენდერულ ჭრილში შესწავლა. აუცილებელია დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი გენდერულ დისკრიმიანციას ან უფლებების სხვაგვარ დარღვევას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  სტატუსის მაძებელთა მიმართ. 

7.  ზემოაღნიშული სტატია და ზოგადი გამოცდილება აჩვენებს, რომ არ არსებობს სათანადო კოორდინაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის მწარმოებელ უწყებებსა (საქსტატი/სააგენტო) და ამ სტატისტიკით მოსარგებლე უწყებებს (სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები და  სხვა) შორის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სამინისტროებს ან მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განახლებული სტატისტიკის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთათვის განკუთვნილი პროგრამების ეფექტიანობაზე. 

8. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის შესახებ სააგენტოს 2015, 2017 და 2020 წლის მონაცემების დიდმა სხვაობამ, საქსტატის 2014 წლის მონაცემებთან, (რასაც ამყარებს  WHO-ს  მონაცემები)  ცხადი გახადა  ქვეყანაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელის სოციალური მოდელით შეცვლის აუცილებლობა, რადგან ამ ხარვეზიანი მოდელის გამო, ასეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სხვადასხვა სახის ბენეფიტების მიღმა რჩება, რაც კოვიდ -19 პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მწვავედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისედაც რთულ მდგომარეობაზე. 

სტატიის  ავტორი:

                                             რამინ მაჭარაშვილი                                                 13/12/2020 წ. 

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული მასალები/დოკუმენტები (საჯარო ინფორმაცია):

1. 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების შესახებ  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებ-გვერდზე არსებული  ინფორმაცია. (იხ.1. http://census.ge/ge/results/census1/health, 2. http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf

2. ინფორმაციის თვისუფლების განვითარების ინსტიტუტის  (IDFI) 2017  წლის  კვლევა ,, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი(იხ.https://idfi.ge/ge/data_analysis%20_on_persons_with_disabilities_living_in_georgia

3. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის ნოემბრის  სტატისტიკა ქვეყანაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის შესახებ (2020 წლის 10 დეკემბრის № 04/25018  წერილი და დანართები). 

 

 "ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

სხვა ბლოგები