27 იანვარს 2021-2023 წლების პროექტის დახურვა და 2022- 2025 წლების ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
2023 წლის 27 იანვარს, ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 2021-2023 წლების პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში" დახურვა და 2022- 2025 წლების ახალი პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია ჰიბრიდულ ფორმატში შედგა და მასზე დასწრება, როგორც პირისპირ ასევე, ონლაინ რეჟიმში იყო შესაძლებელი.
2021-2023 წლებში განხორციელებული პროექტი, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში", მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე და მათ გამოწვევებზე.
თბილისში, აჭარასა და კახეთში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც მსურველებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფდნენ მათ წარმომადგენლობას სასამართლოში.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით, მოსამართლეთათვის სასწავლო მოდულიც შეიქმნა, რომლის დანერგვაც სამომავლოდ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობით სასწავლო პროგრამებში იგეგმება.
ადგილობრივ მკვლევრებთან თანამშრომლობით, პროექტმა შეისწავლა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა და მათ მხარდამჭერთა კონკრეტული საჭიროებები, ყოველდღიურ გამოწვევები და გამოცდილებები, რომლის საფუძველზეც, შეფასდა ქმედუნარიანობის რეფორმის პროგრესი და შემუშავდა რეკომენდაციები.
რაც შეეხება 2023-2025 წლების პროექტს - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის", იგი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ და წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების პერიოდული თემატური შეხვედრები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე, რათა გამოიკვეთოს ხარვეზები ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტებში და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები ცვლილებების ადვოკატირებისთვის.
მომზადდება საქართველოში პირველი პოდკასტი შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე, რომელიც უმასპინძლებს ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და თემის წარმომადგენლებს.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი რატი ოინათამიშვილი, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი,
იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი, გვანცა ხუციშვილი, შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, ალექსანდრა ბრაისონი.