7- 8 მაისს ლიკანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებისთვის 2 დღიანი ტრენინგი გაიმართა

A+
A-

7-8 მაისს ლიკანში ორგანიზაციამ "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის"  პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრას ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელი თამარ კანაშვილი უძღვებოდა, მასში მონაწილეობა 8 აქტივისტმა მიიღო.

ტრენინგზე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, განიხილეს კომუნიკაციის ეტაპები, ისაუბრეს პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობაზე. თამარ კანაშვილმა აქტივისტებს ლიდერობის, საჯარო გამოსვლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, ტრენერმა მონაწილეებთან ერთად, ადამიანების ფსიქოტიპები განიხილეს, იმუშავეს ლიდერობის მოდელზე. ამასთან, ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელმა აქტივისტებს საჯარო გამოსვლისათვის საჭირო ტექნიკები გაუზიარა.

პროექტის ფარგლებში, თბილისში, აჭარასა და კახეთში შერჩეული აქტივისტების ძირითადი ფუნქცია შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების ჯგუფისთვის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნის საფუძველზე გამოწვეული ინტერსექციური დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენაში დახმარების აღმოჩენა იქნება. აქტივისტები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ცნობიერების ამაღლების სემინარების დაგეგმვასა და ჩატარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. მათ მოვალეობაში შევა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობა თვითადვოკატირების უნარების გასაძლიერებლად, საზოგადოების ინფორმირება პროექტის ფარგლებში არსებული მხარდაჭერის სერვისების შესახებ, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კონსულტაციის გაცემა და სამართლებრივი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში იურისტთან გადამისამართება და ა.შ. 

პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით. 

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით. 

 

 

სხვა სიახლეები