ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე
28 ივლისს, სასტუმრო "რედისონ ბლუ-ივერიაში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების თემასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის', "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების შესახებ. მოხსენებები ასევე წარმოადგინეს კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ და კოალიციის წარმომადგენელმა რატი იონათაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიკა ზაქარეიშვილმა, არასამთვრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლის წარმომადგენელმა ელენა ფილეევამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია ვერძეულმა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, პოლონეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებს და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან. ამასთან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
კონფერენციის მონაწილე ორგანიზაციებს შორის მსვლელობისას გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების კამპანიას შეუწყობს სამომავლოდ ხელს.
კონფერენცია ჩატარდა ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” და პროგრამის “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით, გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციაა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.