ბათუმში ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა
2022 წლის 5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ქალაქ ბათუმში ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიას უმასპინძლეს. ღონისძიების მთავარი თემა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება, გამოწვევები და მხარდამჭერი სერვისები" იყო.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ლიდერებმა დამოუკიდებელი ცხოვრების არსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოწვევები და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მნიშვნელობა განიხილეს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები.
ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღე ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელმა (ENIL) 2014 წელს დააარსა. მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მხარდამჭერების გაერთიანებას მთელი ევროპის მასშტაბით.