ბერლინში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალური სამიტი გაიმართა
2-3 აპრილს, ბერლინში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალური სამიტი გაიმართა, რომელსაც "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამიტი საზეიმოდ გახსნეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და იორდანიის მეფემ აბდულა II-მ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 100 ქვეყნის 4,500-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ლიდერებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და აქტივისტებმა.
სამიტის ძირითადი თემები იყო: ინკლუზიური განათლება – სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრული ინტეგრაციის გზების განხილვა; სამუშაო გარემოს ადაპტაცია – გლობალური სტანდარტების დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; ტექნოლოგიური ინოვაციები – ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ხელმისაწვდომობა; დაცვა კრიზისების დროს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები ომის, კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების პირობებში.
სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი"ამან-ბერლინის დეკლარაციის" მიღება გახდა, რომელიც შემდეგ მთავარ მიზნებს მოიცავს: 2028 წლისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზია უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო განვითარების პროგრამების მინიმუმ 15%-ში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის ყველა ეტაპზე; სანდო და დეტალური მონაცემების შეგროვება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის ეფექტიანად შესაფასებლად და პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
გლობალური სამიტი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.