კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია

A+
A-

25 მარტს, 12 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უმასპინძლა განათლების, კულტურის, სპორტის, საგზაო მოძრაობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელი საკანომდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მომზადდა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის ფარგლებში. 

საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისთვის მიძღვნილ ღონისძიებას გაუძღვა საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია და მას დაესწრნენ საქართველოს განათლების, სპორტის, იუსტიციის, კულტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა და კონვენციის განხორციელების მექანიზმების დახვეწა/შექმნა.

ცვლილებების პაკეტი - სრულ სინქრონიზაციაში უწყებების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებთან, მომზადდა მათთან კონსულტაციების საფუძველზე, ორიენტირებულია უკვე არსებულ/მოქმედ მექანიზმებში კონკრეტიკის შეტანაზე, განსაზღვრავს აღსრულებისათვის გონივრულ ვადებს, არ იწვევს დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფას (ამ ეტაპზე) და გულისხმობს შშმ პირთა ორგანიზაციების სრული ჩართულობით ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმები საშუალებას მისცემს თითოეულ უწყებას სწორად დაგეგმოს როგორც იმპლემენტაციის ეტაპები და გონივრული ვადები, ასევე ეფექტურად განსაზღვროს საჭირო საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა 2017 და შემდგომი წლებისათვის.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის მიზანი, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, არის შშმ პირთა უფლებების დაცვის გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციისა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა თბილისში, გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და იურიდიული სერვისების განვითარების გზით.

სხვა სიახლეები