კოალიციის წარმომადგენლების ვიზიტი კომიტეტის 28-ე სესიაზე

A+
A-

5-10 მარტს, ჟენევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, კომიტეტის 28-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ პირველ ანგარიშთან დაკავშირებით,  შეხვედრები გაიმართა.

მომხსენებლებმა კომიტეტის წინაშე ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ყველა ასპექტზე გაამახვილეს, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა სერვისების არ არსებობაზე, ქმედუნარიანობის რეფორმის ხარვეზებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებებსა და მათთვის ჯანდაცვის სერვისების მიუწვდომლობაზე, კანონების იმპლემენტაციის ხარვეზებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების მიმართულებით  არსებულ ბარიერებზე. 

ხაზი გაესვა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა წინაშე არსებულ მთელ რიგ გამოწვევებს, დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისების ხელშეწყობას, რეგიონებში არსებულ საჭიროებებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მისაწვდომობის ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმის არსებული სახით მუშაობის არაეფექტურობას/მის გაძლიერებას, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის საჭიროებას.

კომიტეტის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს  დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებიც დაუსვეს.

ამასთან, 2023 წლის 6 მარტს, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს ხელისუფლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების თაობაზე.

23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" კომიტეტს პირველად ალტერნატიული ანგარიში 2017 წელს წარუდგინა. 

სესიის დასრულების შემდეგ, კომიტეტი საქართველოს მიერ კონვენციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით, შემაჯამებელ დასკვნას გამოსცემს.

 

 

სხვა სიახლეები