სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამი შეხვედრა გაიმართა
28 ნოემბერს ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 შეხვედრა ჩაატარა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ მშობლებს, სოციალური სამსახურების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს შეხვდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან და მათ მშობლებთან ჩატარებულ შეხვედრაზე საუბარი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, პერსონალური ასისტენტის სერვისის აუცილებლობას და სახელმწიფო სერვისებს შეეხო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და შშმ პირთა მშობლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე და ინფორმაციის სიმწირეზე ისაუბრეს.
სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარ პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ასევე, ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს, ჯანდაცვის, განათლების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა სრული რეალიზებისთვის.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო რწმუნებული დაინტერესდა რეგიონში დაგეგმილი აქტივობებით და ორგანიზაციას მიზნების განხორციელებაში მხარდაჭრა აღუთქვა.
შეხვედრები პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტს "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ახორციელებს" ახორციელებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, უფლებების და შრომის ბიუროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური
ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.