შეუზღუდავი არჩევანის უფლება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ემზადებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოახლოებული არჩევნები შედარებით ხელმისაწვდომსა და თანაბარ გარემოში ჩატარდება, თუმცა, ბევრი სასარგებლო სიახლის მიუხედავად, საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც თავს არიდებს უბანზე მისვლას და საარჩევნო ყუთის შინ მიტანას მოითხოვს. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა იცოდნენ ინვალიდობის მქონეებმა და საუბნო კომისიის წევრებმა იმისათვის, რომ არჩევნები ხელმისაწვდომ და თანაბარ გარემოში ჩატარდეს?
კოალიცია „დამუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელს უწყობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მაქსიმალურ ჩართულობას. კოალიციამ, მისი თავმჯდომარის გიორგი ძნელაძის თქმით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოახლოებული არჩევნების წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო საჭიროებები დაადგინა:
„არჩევნების დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აწყდებიან ყველა იმ პრობლემას, რასაც დანარჩენ დღეებში! პრობლემა იგივეა: გარემოს არაადაპტირება, საზოგადოების მიუღებლობა... ბევრს რცხვენია გარეთ გამოსვლა, ზოგი თვალს აყოლებს შეძახილით „ვაი, შე საწყალო“ და ასე შემდეგ. ამის გამოც ბევრი არ გამოდის გარეთ. არის სხვა ბევრი პრობლემაც, მათ შორის, დაკავშირებული ტრანსპორტთან, საარჩევნო უბნების არაადაპტირებულობასთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3650 უბნიდან მხოლოდ 108 არის ადაპტირებული.“
სულ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 138 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს, თუმცა პირველ ეტაპზე კოალიციამ 8 ათას 500 პირის საჭიროებები შეისწავლა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის სოფიო სიჭინავას ინფორმაციით, დაახლოებით 4 ათასმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა საარჩევნო ყუთების შინ მიტანა მოითხოვა:
ესაუბრეთ ბენეფიციარს და არა მის თანმხლებ პირს. როცა ესაბურებით და ეს საუბარი ერთ წუთზე მეტ ხანს გრძელდება, შეეცადეთ დაიკავოთ მასთან თანაბარი პოზიცია, ანუ თქვენც დაჯექით ან ჩაიმუხლეთ და ისე ესაუბრეთ ...
„ეს დაკავშირებულია სხვადასხვა სახის პრობლემებთან, პირველ რიგში -არაადაპტირებულ გარემოსთან. ასევე მათ არ ჰყავთ დამხმარე, რომელიც მიიყვანს საარჩევნო უბანში, თუმცა მათთვის, ვინც გამოთქვა უბანზე მისვლის სურვილი, თბილისში 39 უბანზე, მთავრობისა და თბილისის მერიის დახმარებით, მოეწყო მუდმივი პანდუსები, დამზადდა სპეციალური კაბინები ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თანასწორი საარჩევნო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს.“
თუმცა თანასწორი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად მხოლოდ უბნების მატერიალური კეთილმოწყობა არ კმარა. ცესკოსა და კოალიციის წევრებმა სპეციალური საგანმანათლებლო სემინარები ჩაუტარეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს.
გიორგი ძნელაძე: „ესაუბრეთ ბენეფიციარს და არა მის თანმხლებ პირს. როცა ესაბურებით და ეს საუბარი ერთ წუთზე მეტ ხანს გრძელდება, შეეცადეთ დაიკავოთ მასთან თანაბარი პოზიცია, ანუ თქვენც დაჯექით ან ჩაიმუხლეთ და ისე ესაუბრეთ. უყურეთ მას და განმარტებებიც მიიღეთ მისგან. არ ეცეთ ეტლს და არ დაიწყოთ მისი დახმარება! პირველ რიგში, ჰკითხეთ, უნდა თუ არა თქვენი დახმარება და მხოლოდ დაზუსტების შემთხვევაში დაეხმარეთ ისე, როგორც ბენეფიციარი გთხოვთ.“
სემინარის მსვლელობისას, რომელსაც ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია მასპინძლობდა, ასევე დაზუსტდა საუბნო კომისიის წევრთა ქცევის წესები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების მიღებისას. ნაჩვენები იქნა სპეციალურად არჩევნებისათვის დამზადებული სარეკლამო რგოლი, რომელიც ტელეეთერითა და ინტერნეტით ვრცელდება:
„არჩევნების დღეს თბილისში, რუსთავში, გორსა და ახალციხეში შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების ტრანსპორტირებას საარჩევნო უბანზე, ხოლო სმენადაქვეითებულთათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს სურდოთარჯიმანთა ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სკაიპის საშუალებით აღმოუჩენს დახმარებას არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. თუ გსურთ ისარგებლოთ მობილური ჯგუფის დახმარებით, 25 სექტემბრამდე უნდა დატოვოთ ინფორმაცია ცესკოს ცხელ ხაზზე: 2510051 ან კოალიციაში „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“: 2356609.“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის ვერ მოესწრო ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენილი ძვირად ღირებული აპარატურის ჩამოტანა მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლებისათვის.
საუბარია მოწყობილობაზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე რელიეფურ ბეჭდვას, რაც, თავის მხრივ, სპეციალური ჩარჩოების გამოყენებით, უსინათლოებს ხმის დამოუკიდებლად მიცემის საშუალებას აძლევს, თუმცა ვიდრე საარჩევნო ადმინისტრაცია ამგვარი აპარატით აღიჭურვება, საარჩევნო კოდექსი მხედველობაშეზღუდულ ამომრჩეველს საშუალებას აძლევს დახმარება მიიღოს თანმხლები პირის ან სხვა, მის მიერ შერჩეული, ამომრჩევლისგან.
სემინარის მსვლელობისას მიღებული ეს და სხვა ინფორმაცია მნიშვნელოვნად გაუადვილებს მუშაობას საუბნო კომისიებს, მათ შორის, თბილისის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიასაც, რომლის თავმჯდომარე თამილა მესხორაძეა:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რომ გვეგონა, ბევრი რამ ვიცოდით, ასე არ ყოფილა. ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღე, რაც არ ვიცოდი. ამ საქმეში მნიშვნელოვანია, არ იყო დილეტანტი, რათა დახმარების ნაცვლად არ მიაყენო ზიანი.“
ჩვენს პარლამენტში არ არის არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება არ არის აქტიური და არ აქვს შესაბამისი მოთხოვნა... ჩვენს ქვეყანაში ეს თემა არ ითვლება კარგ ტონად ...
საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს ასევე განემარტათ, რომ, თუ ამომრჩეველს არ აქვს ზედა კიდურები, ის არ გადის მარკირების პროცედურას, ხოლო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ კონვერტში და აგდებს საარჩევნო ყუთში მის მიერ შერჩეული პირის დახმარებით, რომელიც არ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი, კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და დამკვირვებელი.
კოალიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რატი იონათამიშვილი იწონებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არ უნდა შემოიფარგლოს.
საზოგადოდ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხარისხი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გააქტიურებასა და სოციალურ ინტეგრაციას. რატი იონათამიშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ იყენებენ პასიურ საარჩევნო უფლებას და ამ კუთხით სცოდავენ პოლიტიკური პარტიებიც.
„ჩვენს პარლამენტში არ არის არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება არ არის აქტიური და არ აქვს შესაბამისი მოთხოვნა... ჩვენს ქვეყანაში ეს თემა არ ითვლება კარგ ტონად... შესაბამისად, რეალობა ასეთია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ არიან საარჩევნო სიებში და ეს თემატიკა არც საარჩევნო პროგრამებშია ადეკვატურად ასახული“, უთხრა რატი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
სწორედ ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მოუწოდებს ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველს, საარჩევნო ყუთის შინ მოტანას ამჯობინოს საარჩევნო უბანზე მისვლა და ამით აჩვენოს ყველას, რომ საზოგადოების სურლფასოვანი წევრია და აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.