დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ახლად შერჩეულ ლიდერებთან პირველი შეხვედრა გაიმართა

A+
A-

9 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ახლად შერჩეულ ლიდერებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ჩამოყალიბება და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა. 

შერჩეულ ლიდერებთან გამართული საორიენტაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მისი მთავარი თემა დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპები და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მთავარი ფუნქციები იყო 

გარდა ამისა, დრო დაეთმო საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის სტატუსის მინიჭების სისტემაში არსებულ ხარვეზებს, სამედიცინო მიდგომასა და ინდივიდუალურად მორგებული სერვისების არარსებობას. სამომავლოდ, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები ერთგვარ პლატფორმებად იქცევა, სადაც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განახორციელებენ საკუთარი უფლებების ადვოკატირებას.

დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების არსებობას და მის სერვისებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრებისთვის, მათი ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის. 

ცენტრების ურთიერთშეთანხმებულად მუშაობა, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთდახმარება და გაძლიერება ერთგვარი ბირთვი იქნება, რომელიც ბიძგს მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონსოლიდაციას და  გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამა დაფინანსებულია USAID მიერ და ხორციელდება მაკ ჯორჯიასა (MAC Georgia) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) პარტნიორობით

სხვა სიახლეები