შშმ პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

A+
A-

2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგი განხორციელდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Disability Rights International“-თან პარტნიორობითა და  „ღია საზოგადოება - საქართველოს“  ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება სახალხო დამცველმა გახსნა. მისი განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა იკვეთება. მათ შორის ძირითადია: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენები, განათლება და სოციალური დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის მექანიზმები, ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული ბარიერები, სახელმწიფო ინსტიტუტებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების დაბალი ჩართულობა.

ამ პრობლემათა გადაჭრა აუცილებლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციუმში სრულყოფილ ინტეგრაციისათვის, რაც თავისთავად გულისხმობს დისკრიმინაციული პოლიტიკის უარყოფას და ყველა სახის ბარიერის მოხსნას.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები დაცული იყოს ადამიანის უფლებების ყველა არსებული კონვენციის რეალიზაციის ფარგლებში. ამავე დროს, მან მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიში ანა არგანაშვილმა წარმოადგინა.

11 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგისას სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობა როგორც ბავშვთა, ისე ზრდასრულ შშმ პირთა დაწესებულებებში. დაფიქსირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური შეზღუდვის ფაქტები საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით.

განსაკუთრებით მძიმე დარღვევები დაფიქსირდა შშმ ბავშვთათვის სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის კუთხით. მათ შორის, ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვთათვის სამედიცინო ჩარევისა და პალიატიური ზრუნვის განხორციელებაზე უარის თქმა. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურება შეზღუდული იყო უკლებლივ ყველა დაწესებულებაში.

ფაქტობრივად, არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ეძლევა საშუალება განივითაროს ფუნქციური უნარები და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვევები. შშმ პირებს შეზღუდული აქვთ როგორც სამართლებრივი დახმარების, ისე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. ისინი ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ კავშირები საკუთარ შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან.

გარემოს ხელმისაწვდომობის გლობალური შეზღუდვა მათ ხელს უშლის სრულფასოვნად იცხოვრონ იმ მიკროგარემოშიც კი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილი დაწესებულება ჰქვია.

აღსანიშნავია პერსონალის რაოდენობრივი სიმცირე, შესაბამისი პროფესიული მიდგომებისა და კვალიფიციური ცოდნის ნაკლებობა, რაც აჩენს საფრთხეს, განხორციელდეს ძალადობა როგორც პერსონალსა და ბენეფიციარს, ასევე თავად ბენეფიციართა შორის. მსგავს ფაქტებს შესაძლოა მოჰყვეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სხვა ლეტალური შედეგი.

მონიტორინგის პროცესში მიმდინარე ინტერვიუებისას ბენეფიციარები ძალადობის სხვადასახვა ფორმებზე საუბრობდნენ. მათი თქმით, ხშირია: ცემა; საწოლზე მიბმა; სახაზავით ცემა; ჭამიდან ჭამამდე კორიდორში დაყენება; თმის მოწიწკვნა; თავში წამორტყმა; პლასტმასის თეთრი და გრძელი ჯოხით ცემა; სახეში გარტყმა; ყურის აწევა; თავში წამოთაქება; საპირფარეშოს დალაგებისა და სხვა ბენეფიციარებისთვის ჭუჭყიანი საცვლების გამოცვლის იძულება.

სერიოზულ პრობლემად სახელდება ადმინისტრაციის მიერ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება სამუშაო საათებში და დაწესებულების ტერიტორიაზე. დაწესებულებაში ალკოჰოლის მოხმარების ფაქტებს პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი და ბენეფიციართა მშობლებიც ადასტურებენ.

იყო ფსიქოლოგიური ზიანი, მუქარა, ინტერვენცია, რომელიც არღვევს პირის ხელშეუხებლობას; აშინებენ უგულებელყოფით, მიტოვებით, ზღუდავენ საკვების მიწოდებასა და სხვა ყოველდღური საჭიროების დაკმაყოფილებაში და ა.შ.

პრევენციული ჯგუფის წევრებმა მონიტორინგისას სამედიცინო დახმარების შეზღუდვის ფაქტები აღმოაჩინეს. იყო უარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების განხორციელებაზე; დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურება; დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია; უარი სამედიცინო მომსახურებაზე.

* ანგარიში სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე 

დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, თანამომხსენებელმა კობა ნადირაძემ დაწესებულებებში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ხედვა  და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე მოხდა სფეროში არსებული პრობლემების გაანალიზება და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.

აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში სკოლებს აღარ აწვდიან ბრალის შრიფტით დაბეჭდილ წიგნებს და სპეციალურ აპარატურას, რომელიც შშმ ბავშვების განათლებისთვის არის აუცილებელი. გამოითქვა სურვილი, უფრო მეტად ჩაერთონ განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში.

ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ აღნიშნა, რომ სფეროში ბევრი პრობლემაა და მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მათ მოსაგვარებლად. ასევე ისაუბრა სახალხო დამცველსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობაზე და სთხოვა სახალხო დამცველს, მიაწოდოს კონკრეტული საქმეები, რათა სწრაფი რეაგირება შესძლონ. მინისტრის მოადგილის თქმით, დახურული ინსტიტუციებისთვის კვალიფიციური პერსონალის შესარჩევად დაგეგმილია კონკურსები; სრული ძალისხმევა მოხმარდება დეინსტიტუციონალიზმის პროცესის გაგრძელებას.

დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან, რათა შედეგზე ორიენტირებული საქმიანობით მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ლობირება და რეალიზება.მან ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების კვლევის მიმართულებით, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით.

სხვა სიახლეები