თელავსა და ახმეტაში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე სამი შეხვედრა გაიმართა
20 დეკემბერს თელავსა და ახმეტაში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე სამი შეხვედრა გაიმართა. თელავში, "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შეხვდნენ. შეკრებაზე დასასწრებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახმეტიდან, თელავიდან, ყვარლიდან ჩამოვიდნენ.
თელავში კაოლიციის თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე და პროექტის მენეჯერი ნინო ტაბიძე თელავის მერის მოადგილეს, ფიქრია ყუშიტაშვილს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა იყო.
ამავე დღეს, შეხვედრა გაიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუნიციპალიტეტის მერმა ახმეტაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტების როლს კონვენციის იმპლემენტაციის საქმეში.
შეხვედრები პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური
ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.