კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონს

A+
A-

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის გამოქვეყნებასა და ძალაში შესვლას.

კოალიციის გამგეობა მიიჩნევს, რომ მიღებულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფას და უფლებრივ მდგომარეობას. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის კი იქნება ქმედითი ბერკეტი თემის ადვოკატირების წარმატებით განხორციელებისათვის.

კანონის მიღება მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია, რასაც წლების წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადებული კანონპროექტის პირველადი ვერსია. თუმცა ეს დოკუმენტი მაშინ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური შეხედულებების გამო, არ იქნა მხარდაჭრილი მთავრობის მიერ. 

ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ინიცირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, კანონპროექტზე მუშაობა განახლდა. დოკუმენტში ძირეული ცვლილებები შევიდა, დამატებით აისახა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტებისა, რომლითაც შემოდის ახალი ვალდებულებები და ცნებები, როგორიცაა გონივრული მისადაგება, უნივერსალური დიზაინი, უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო მექანიზმი -  სპეციალური მოსარჩელე, ა.შ. 

კანონი ავალდებულებს საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნასა და შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვას, ამჟამად მოქმედი სამედიცინო მოდელის ნაცვლად (თუმცა არ ვეთანხმებით განხორციელების ვადებს და მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მისი მნიშვნელოვნად შემცირება).

კანონი ცნობს ქართულ ჟესტურ ენას, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის და განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებას და ავალდებულებს სახელმწიფოს, შექმნას ყველა აუცილებელი პირობა მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის. 

გვსურს, აქვე აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტის გარშემო არაერთხელ გაიმართა ცხარე დებატები, წარმოდგენილ იქნა ბევრი შენიშვნა და რეკომენდაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა საბოლოო დოკუმენტში. თუმცა, აგრეთვე, ვიზიარებთ იმ შეფასებასაც, რომ არ მოხდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის, საკითხისა და შეთავაზებული ვადების გათვალისწინება, რაც შეიძლება ჩაითვალოს კანონის ხარვეზად, რომელიც საჭიროებს კორექტირებას კანონქვემდებარე აქტებში და შემდგომი მუშაობის საგანს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რაც უნდა იდეალური იყოს კანონი, შესაბამისი უწყებებისა და დაინტერესებული პირების ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნება მისი ეფექტური აღსრულება. დღეს გამოქვეყნებული კანონიც გუნდურ მუშაობას და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, მისი ეფექტური დანერგვის მიზნით.

გამოვხატავთ მზაობას თანამშრომლობისთვის კოლეგა ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, კანონქვემდებარე აქტების ერთად შექმნისა და კანონის ეფექტურად ამოქმედების მიზნით. 

აქვე მოგიწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გავერთიანდეთ საერთო საქმის სასიკეთოდ. კანონის ძალაში შესვლიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, უკეთ გამოიკვეთება კანონის სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ გააზრებული და საჭიროებებზე მორგებული, შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ზემოაღნიშნულ პროცესებში ჩართულ ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელთაც წვლილი შეიტანეს კანონპროექტის გაუმჯობესებასა და მის მიღებაში.

 

სხვა სიახლეები