მიმოხილვა სმენის აპარატების ბრენდებისა და მათი ხარისხის შესახებ

A+
A-

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტს, (360 მილიონი ადამიანი) სმენის სრული დაკარგვით ან ნაწილობრივი დაზიანებით, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. სმენის შეზღუდვის მქონე პირი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სმენის აპარატს საჭიროებს. ამ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვები სასმენი აპარატების ბრენდებისა და ხარისხის შესახებ. 

ამჟამად, მსოფლიო ბაზრის თითქმის, 80%-ს ხუთი დიდი ტექნლოგიური კომპანია ფლობს. რომელი მათგანი აწარმოებს უკეთეს პროდუქტს და რა უპირატესობები აქვს თითოეულს? როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სასმენი აპარატი? 

ზოგადად, სმენის აპარატი ოთხი ნაწილისგან შედგება: მიკროფონი, გამაძლიერებელი, მიმღები და  კვების წყარო (ელემენტი). 2005 წლიდან აპარატების წარმოების ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ბაზარზე არსებული "ანალოგური" მოდელები, "ციფრულმა" აპარატებმა მთლიანად ჩაანაცვლა. განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ყოველივე. 

"ანალოგი" სასმენი აპარატები მხოლოდ ხმის აღქმას და მის გაძლიერებას უზრუნველყოფდა. ის ხმებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდა (მაგ. მუსიკას და ჩვეულებრივ საუბარს), ბგერების ჟღერადობას ვერ ყოფდა, შესაბამისად, დაბალი თუ მაღალი ჟღერადობის ყველა ხმა ერთნაირად ძლიერდებოდა. გარდა ამისა, "ანალოგურ" სმენის აპარატებს, მხოლოდ გარკვეული გზებით შეეძლო საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირება, ძირითადად სადენით. 

დღეისათვის, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. ტექნოლოგიურმა განვითარებამ საშუალება მოგვცა სასმენი აპარატები "ციფრულ" ანუ მცირე, მაგრამ მძლავრ კომპიუტერად გვექცია. დიახ, სწორად მიხვდით, თანამედროვე სმენის ტექნოლოგიები მიკრო ჭკვიანი კომპიუტერია (მადლობა პატარა მძლავრო კომპიუტერო!). 

ეს ტექნოლოგიური რევოლუცია საშუალებას იძლევა ტექნოლოგია ინდივიდუალურად მოვარგოთ ჩვენი სმენის დაზიანების სპეციფიკაციას, რომელიც მიუხედავად არსებული კლასიფიცირებისა, მაინც სხვადასხვა ტიპისაა.

თანამედროვე ბრენდულ "ციფრულ" სასმენ აპარატებს "ანალოგებისგან" რამდენიმე უპირატესობა განასხვავებს: 

 1. სმენის ტექნოლოგიის ინდივიდუალური მორგება-პროგრამირება (კომპიუტერით, აპლიკაციით) - სმენის დაზიანების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ აპარატი კომპიუტერის დახმარებით ან შესაბამისი აპლიკაციით პროგრამულად უზრუნველყონ და თავიანთ აუდიომეტრიულ მონაცემებს ინდივიდუალურად მოარგონ.

2. ხმის შერჩევითი გამაძლიერებელი - სმენის აპარატს შეუძლია გარემოდან შემომავალი ხმების, ბგერების, ჟღერადობისა და ინტონაციის გარჩევა, არასაჭირო ხმაურის დახშობა, რითიც მომხმარებელისთვის მნიშვნელოვან ხმებზე ავტომატურ ფოკუსირებას უზრუნველყოფს.

3. ფუნქციები საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით - აპარატს უამრავი ფუნქცია აქვს. თუმცა, ბოლო წლების ბრენდულ მოდელებში, ძირითადად საერთოა:

(მიმართულებითი) მიკროფონები: ეს სმენის ტექნოლოგიების ის კომპონენტებია, რომელიც ყურადღებას იმ ხმებზე ამახვილებს, რომელთა მოსმენაც გვინდა და სხვა გარშემო ხმებს ამცირებს. (სტანდარტული სიტუაციები: აუდიტორია-გესმის მხოლოდ ლექტორის, ტრენერის, მენტორის ხმა; TV-გესმის ელექტრონულ მოწყობილობიდან მომავალი ხმები და საუბარი, გარშემო არსებული სხვა ხმები დახშულია და ა. შ.)  სმენის ციფრულ ტექნოლოგიებს გარემოს აღქმა და შესაბამისი მიკროფონების ავტომატურად ჩართვა შეუძლიათ. ზოგ შემთხვევაში, ციფრულ ტექნოლოგიას და მიკროფონებს შეუძლიათ გაჩვენონ მიმართულება, საიდანაც ხმა მოდის. 

მუსიკის პროგრამა: მეტყველება ძალიან განსხვავდება მუსიკისგან. ახალ ციფრულ სმენის Muse ტექნოლოგიებს, მეტყველებისა და მუსიკის განსხვავება და მათი განსხვავებულად წარმოჩენა შეუძლია. მელომანებს,  სმენის ციფრულ ტექნოლოგიებში, მუსიკის პროგრამის ჩატვირთვაც შეუძლიათ. 

ხმაურის მართვა: ეს ფართო კატეგორიაა, რომელიც მრავალფეროვან გარემოში ადამიანებისთვის კომფორტული სასმენი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. (სტანდარტული სიტუაციები: კლუბი-გესმის გვერდით მოსაუბრის ხმა, დინამიკის ხმა დახშულია; კონცერტი-გესმის სცენაზე გამომსვლელის ხმა, დინამიკის ხმა დაწეულია დასაშვებ დეციბელამდე და ა. შ.) ხმაურის მართვა ძირითადად დატვირთულ გარემოშია საჭირო, სადაც გვსურს, გავიგოთ და ავყვეთ საუბარს. სხვა ტიპის ხმაურს, რომელიც ადვილად სამართავია – დაბალი ხმები ეწოდება (მაცივრის, კომპიუტერის), რაც შეეხება მაღალ ხმებს, ისინი მოიცავს დინამიკის, მანქანის მოძრაობის, ელექტრო მოწყობილობების ხმას.

Bluetooth კავშირი: ეს არის ახალი ტექნოლოგიის უნარი, სხვა მოწყობილობებს სადენის გარეშე დაუკავშირდეს. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა მობილური კავშირია. თქვენ შეგიძლიათ მობილურის ზარი პირდაპირ სმენის აპარატში გაიგოთ. ბლუთუზ კავშირის დახმარებით, შესაძლებლობა გაქვთ მოუსმინოთ ტელევიზორს, მუსიკას ... პირდაპირ თქვენი სმენის აპარატით, ეს კი დამეთანხმებით დიდი უპირატესობაა. 

მრავალჯერადი დატენვის ინსტრუმენტი (კაფსულა): თანამედროვე "ციფრულ" აპარატებს არა ცვლადი დენის წყარო, არამედ მუდმივი დენის ელემენტი ესაჭიროებათ, რომელიც მაღალი ხარისხის ლითიუმ-იონის ხსნარისგან მზადდება. ასეთი ელემენტები  48 საათიან სამუშაო გამძლეობას უზრუნველყოფენ. ელემენტების დატენვა  მრავალჯერადი დატენვის ინსტრუმენტით ხდება, რომელსაც ენერგიის მიღება, როგორც სადენით, ასევე უსადენო ტექნოლოგიით შეუძლია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკული ბრენდი Starkey, რომელმაც სმენის ტექნოლოგიის "ბუნებრივ ხმასთან" ყველაზე მიახლოებული სენსორული აპარატი შექმნა. ამ ბრენდს  წლების მიხედვით შექმნილი აქვს მოდელები: 

2018 Starkey Livio; 

2017 Starkey Halo iQ; 

2016: Starkey SoundLens Synergy, Starkey Muse, Starkey Halo 2; 

2015 Starkey Z Series; 

2014 Starkey Halo; 

2013 Starkey 3 Series; 

2011 Starkey Xino. 

განსაკუთრებულ ყურადღებას უახლესი (2017-2018 წლის) მოდელები იმსახურებს. ესენია Halo iQ და Livio. 

Starkey Halo iQ-აპარატი სპეციალურად iphone-სთვისაა შექმნილი. უსადენოდ უკავშირდება ამ კომპანიის ყველა ტიპის მოწყობილობას და geotagged GPS მეხსიერებები აქვს, რომლითაც პროგრამის რეჟიმებს ავტომატურად, გარემოს შესაბამისად ცვლის.

Starkey Livio-აპარატში ჩატვირთულია Livio AI ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით, "რეალური სმენა" (Hearing Reality™). "რეალული სმენის" შექმნა  სენსორებისა და პროცესირების სამყაროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა განაპირობა, კომპიუტერისა და გარემოს კავშირის ახალმა ერამ. ამ აპარატს სხვა დანარჩენი აპარატებისგან ორი ფუნქცია გამოარჩევს: 1. Translate (თარგმნა) - Thrive აპლიკაციის თარჯიმნის საშუალებით, შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს, რომლებიც სხვა ენებზე საუბრობენ. 2. Brain tracking (ტვინის დიაგნოსტიკა) - აკონტროლებს ტვინის ჯანმრთელობის მდგომარეობას სმენის აპარატის აქტიური მოხმარებისას. 

შემდეგია შვეიცარიული ბრენდი Phonak, რომელმაც შექმნა უნივერსალური უსადენო კავშირის მქონე აპარატები, მოდელების წარმოების დოსიე ასე გამოიყურება:

2020: Phonak Audéo Paradise, Phonak Naída M, Phonak Virto M, Phonak Brio 4; 

2019 Phonak Bolero M; 

2018: Phonak Audéo Marvel, Phonak Naída B; 

2017: Phonak Bolero B, Phonak Virto B; 

2016 Phonak Audéo B; 

2015 Phonak Bolero V; 

2014: Phonak Lyric 3, Phonak Audéo V; 

2013 Phonak Naída Q; 

2012: Phonak Dalia, Phonak Virto Q, Phonak Audéo Q, Phonak Bolero Q; 

2009 Phonak Milo. 

აქედან ყველაზე საინტერესოა 2020 წლის Audéo Paradise და 2018 წლის Audéo Marvel. 

Phonak Audéo Marvel-აპარატს, ნებისმიერი ტიპის ელექტრონულ მოწყობილობასთან უნივერსალური უსადენო კავშირი გააჩნია, აქვს სმარტფონების სპეციალური აპლიკაცია-myPhonak, რომელიც დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი, სმენის სპეციალისტს საშუალებას აძლევს, აუდიოლოგიური მონაცემების მიხედვით, რეალურ დროში, პერსონალურად მოარგოს მომხმარებელს სმენის აპარატი.

Phonak Audéo Paradise-უახლესი მოდელია, რომელსაც წინა მოდელისგან განსხვავებით, 6 ახალი ფუნქცია ემატება, ხოლო სხვა აპარატების ბრენდებისა და მოდელებისგან, ხელით სენსორული მართვა გამოარჩევს. ორჯერადი შეხებით შესაძლებელია სატელეფონო ზარების მიიღება, შეჩერება, დასრულება, შედეგების სტრიმინგი. ასევე შესაძლებელია წვდომა ხმოვან ასისტენტებზე: Siri, Alexa და Google Assistant.

შემდეგი საუკეთესო ბრენდები დანიურია: Widex, Oticon, Resound, თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და საინტერესო მახასიათებლების გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Widex-ის ბრენდი სხვა აპარატებისგან ხმის დამუშავების კლასიფიკაციის ტექნოლოგიით გამოირჩევა. Sound Class Technology გარემოს გამოცემულ სიგნალს, ცხრა განსხვავებულ ხმოვან კლასად ყოფს, იმისათვის რომ მომხმარებელმა საკუთარი ხმის ჟღერადობის კომფორტი იგრძნოს. ამ ბრენდის სერიების დოსიე წლების მიხედვით, ასე გამოიყურება: 

2020 Widex MOMENT; 

2018 Widex EVOKE; 

2016 Widex BEYOND; 

2015 Widex UNIQUE; 

2013 Widex DREAM; 

2012: Widex CLEAR, Widex SUPER; 

2009 Widex Mind; 

2008 Widex Passion. 

აქედან ყველაზე საინტერესო 2020 წლის MOMENT მოდელია, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბევრ სიახლეს გვთავაზობს და სხვა ბრენდებისგან ულტრა მაღალი სიჩქარით გამოირჩევა. აპარატმა ბუნებრივთან მიახლოებული ხმების აღქმას ZeroDelay ™ და PureSound ™ ტექნოლოგიების შექმნითა და დანერგვით მიაღწია. 

მეორე დანიური ბრენდი Oticon-იც საკმაოდ პოპულარული და საინტერესოა. ის მეტყველების რამდენიმე წყაროს ერთდროული გვთავაზობს, მოქმედების ბალანსის და ხმაურის გარეშე. ამისთვის კომპანიამ Velox-ის ტექნოლოგიური პლატფორმა დანერგა. ბრენდის სერიული წარმოების დოსიე ასეთია:  

2020 Oticon Ruby; 

2019: Oticon Xceed, Oticon Opn S; 

2018 Oticon Siya; 

2016 Oticon Opn; 

2015: Oticon Ria2, Oticon Nera2, Oticon Alta2; 

2013: Oticon Nera, Oticon Alta; 

2011: Oticon Intiga, Oticon Ino; 

2010: Oticon Chili, Oticon Acto, Oticon Agil; 

2008 Oticon Dual Mini.  

მესამე დანიური ბრენდი Resound სიმძლავრით დანარჩენ ორს არ ჩამოუვარდება და  თავისი უსადენო აქსესურებითა და აპლიკაციით, ReSound Smart 3D-ით გამოირჩევა. აპლიკაცია აქსესურების ტარების გარეშე სივრცეში ლავირების საშუალებას იძლევა. ბრენდის სერიების დოსიეც ფართოა: 

2020 ReSound One; 

2019 ReSound Enzo Q; 

2018 ReSound LiNX Quattro; 

2017 ReSound LiNX 3D; 

2016 ReSound ENZO2; 

2015 ReSound LiNX2; 

2014 ReSound ENZO; 

2013 ReSound LiNX; 

2012: ReSound Vea, ReSound Verso; 

2010 ReSound Alera; 

2008: ReSound Sparx. 

აქედან ყურადღების გამახვილება 2020 წლის მოდელზე - One  ღირს, რომელიც სხვა ბრენდის და სერიის აპარატებისგან  თვითგანახლებადი პროგრამითა და თვითგამწმენდი (დამატენიანებელი) ტექნოლოგიით, IP68-ით განსხვავდება, რომელიც აპარატს მტვრის შეღწევისგან იცავს, რის გამოც, ის დამატებით გამწმენდ საშუალებებს აღარ საჭიროებს.

შემდეგი არის კანადური ბრენდი Unitron. მასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია აპარატების წარმოების სფეროში, რადგან ის ერთადერთი მოდელია, რომელმაც მომხმარებელს 2017-2019 წლების  სერიებში Discover-სა და Tempus-ში, Flex ტექნოლოგიით მომსახურება შესთავაზა, რაც  გულისხმობს შემდეგს: მომხმარებელს შეუძლია აპარატი საკუთარი აუდიოლოგიური მონაცემებით საწყისი ხმოვანი პარამეტრებით დააპროგრამოს და ერთი კვირის განმავლობაში, აპარატი ბუნებრივ გარემოში ხმოვანი პარამეტრების დასაგროვებლად ამუშაოს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალისტის რეკომენდაციით, საუკეთესო ხმოვანი პარამეტრები შეირჩევა. აპარატის შეძენა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება. ამ ბრენდის სერიებია: 

2019 Unitron Discover; 

2017 Unitron Tempus; 

2015: Unitron N Moxi, Unitron Stride; 

2013 Unitron Moxi Kiss;

2012: Unitron Max 20, Unitron Quantum 6, Unitron Quantum E, Unitron Quantum Pro; 

2011 Unitron Moxi

ბოლო წლებში გამოსული აპარატებიდან, ყველაზე  არაორდინალური  ბრენდია Signia, რომლის სამშობლოც სინგაპურია. ბრენდის ისტორია 2015 წელს იწყება, დანიური Widex-ის, გერმანული Simens-ისა და ამერიკული Miracle-Ear-ის ბრენდების ტექნოლოგების სინგაპურულ Sivantos-სთან გაერთიანებით. რამდენიმე ბრენდის ტექნოლოგიურმა კოლაბორაციამ უნივერსალურ მიზანს მიაღია, მაღალ სიხშირის სმენის დაზიანების მქონე პირებისთვის ყოველგვარი მორგების გარეშე, აპარატების მაქსიმალურ მინიმალიზაციას.  ბრენდის სერიულ დოსიესაც გადავავლოთ თვალი: 

2020: Signia Silk X, Signia Styletto X; 

2019: Signia Pure X, Signia Styletto Connect; 

2018: Signia Silk Nx, Signia Styletto; 

2017: Signia Motion Nx, Signia Pure Nx; 

2016: Signia Silk primax, Signia Cellion primax, Signia Pure primax. 

სერიებიდან ყველაზე საინტერესო 2020 წლის მოდელებია.

Signia Silk X-ახალი მიმართულებაა სმენის ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში. ეს ყველაზე პატარა და უხილავი მოწყობილობაა, რომელიც მაღალი სიხშირის სმენის დაზიანებას ფარავს და უნივერსალურად ერგება ნებისმიერი ყურის შიდა არხს. განსხვავებით Phonak Luric-ისგან, რომელიც მხოლოდ საშუალო სიხშირის დაზიანებას ფარავს, Signia Silk X-ს აქვს თავისი აპლიკაცია miniPocket ™ და Signia, რომელთა დახმარებითაც, მისი პარამეტრები დისტანციურად იმართება. 

Signia Styletto X-ასევე ახალი სიტყვაა ტექნოლოგიურ პროგრესში, ზემძლავრი აკუსტიკური მოძრაობის სენსორების მქონე აპარატები, YourSound Xperience ტექნოლოგიის წყალობით, (ორი აპარატის ერთიანი უსადენო კავშირით) ყველაზე მიახლოებულ ბუნებრივ სმენას და გარემოში მის მიმართულებას ადგენს, უზრუნველყოფს ხმების ჰარმონიზაციას ერთდროულად ორივე ყურში. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი აპარატი, რომელსაც მრავალჯერადი სადენიანი და უსადენო Qi დატენვის ფუნქცია აქვს. ლითიუმ-იონის ელემენტების გამოყენებით, მოწყობილობა ჩართვის გარეშე 4 დღეს ძლებს. მისი სრული დატენვა შესაძლებელია 3 საათში, დატენვის შემდეგ, ავტომატური გამორთვის რეჟიმით. 

როგორც ხედავთ, ბრენდები ერთმანეთთან საკმაოდ დიდ კონკურენციაში შედიან, ყოველწლიურად ვითარდებიან და უამრავ სიახლეს გვთავაზობენ. შესაბამისად, არჩევანიც შეგვიძლია თამამად გავაკეთოთ ჩვენივე ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით. 

 

ავტორი: თამთა გირგვლიანი

 

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

სხვა სიახლეები