რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მასთან მიმართებით

A+
A-

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებად იწოდებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც უძღვებიან, ხელმძღვანელობენ და მართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათი წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა შეადგენდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების, ასევე, აივ/შიდსის მქონე პირების ორგანიზაციებსაც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს:

  • მათ ქმნინან იმ მიზნით, რომ ერთობლივად იმოქმედონ, ასევე, გამოხატონ, ხელი შეუწყონ, გაატარონ და/ან დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. შესაბამისად, საჭიროა მათი საზოგადო აღიარება სწორედ ამ კუთხით;
  • ისინი ასაქმებენ, წარმოადგენენ, მოვალეობას აკისრებენ ან კონკრეტულად წარადგენენ/ნიშნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • უმრავლეს შემთხვევაში, არ არიან აფილირებულნი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მოქმედებენ სახელმწიფო უწყებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად, რომელთა ნაწილსაც შეიძლება წარმოადგენდნენ;
  • ეს ორგანიზაციები შეიძლება წარმოადგენდნენ ერთ ან მეტ ჯგუფს, ან აღქმული დარღვევების მიხედვით, ან გახსნილნი იყვნენ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წევრობისთვის;
  • ისინი წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფებს და ასახავენ მათ მრავალფეროვნებას (მაგ.: სქესის, გენდერის, რასის, ასაკის, მიგრანტის/ლტოლვილის სტატუსის და ა.შ. მიხედვით). აღნიშნული ორგანიზაციები შეიძლება მოიცავდეს ურთიერთგადამკვეთ იდენტობებზე დაფუძნებულ ჯგუფებს (მაგ.: შშმ ბავშვები, ქალები ან მკვიდრი მოსახლეობა) და სხვადასხვა დარღვევის მქონე წევრებს;
  • ისინი შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც ცალკეული ორგანიზაციები, კოალიციები, ან ურთიერთგადამკვეთი თუ ქოლგისებური ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთობლივ და კოორდინირებულ წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე საერთაშორისო და კერძო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები  განვასხვაოთ ორგანიზაციებისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე "პირთათვის", რომლებიც მათ (შშმ პირებს) სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ და/ან მათი სახელით ადვოკატირებენ. პრაქტიკაში დანერგვისას, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტიც გამოიწვიოს, როდესაც მსგავსი ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე წინ საკუთარ, კერძო, ინტერესებს აყენებენ.

სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები უნდა ჩართოს ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე არსებულ სამართლებრივ თუ მარეგულირებელ მექანიზმებსა და პროცედურებში. კონსულტაციები უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესის ადრეულ ეტაპზევე და წვლილი შეიტანოს საბოლოო პროდუქტში. ისინი უნდა მოიცავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფართო სპექტრის წარმომადგენელ ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივ და ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ, მოიცავს წვდომას ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღების საჯარო სივრცეები და კვლევის სხვა სფეროები, უნივერსალური დიზაინი, პარტნიორობა, დელეგირებული ძალაუფლება და სამოქალაქო კონტროლი. აღნიშნული ვალდებულება მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალურ ან/და რეგიონულ ორგანიზაციებსაც.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა სისტემატურად და ღიად უნდა მიმართონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს, რომ კონსულტაცია გაიარონ მათთან, და არსებითად და დროულად ჩართონ პროცესში. ეს მოითხოვს წვდომას ყველა რელევანტურ ინფორმაციაზე, მათ შორის, საჯარო უწყებათა ვებგვერდებზე, შესაბამისი ციფრული ფორმატისა და, საჭიროების შემთხვევაში, ადაპტაციის მეშვეობით (მაგ.: ჟესტების ენის თარჯიმნებით უზრუნველყოფა, ადაპტირებული ტექსტები და მარტივი ენა, ბრაილი და ტაქტილური ნიშნებით კომუნიკაცია). ღია კონსულტაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვათა თანასწორად ხელმისაწვდომს ხდის საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მათ შორის, რელევანტური გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის პროცესში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან პირდაპირ დაკავშირებული საკითხების განხილვისას, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ამ პირთა მოსაზრებები და შეხედულებები და პრიორიტეტი მიანიჭონ მათ. სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ხელმძღვანელობენ, ეკისრებათ ვალდებულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს აცნობონ ამ პროცესების შედეგები, მათ შორის, გასაგები ფორმატით წარმოდგენილი და ნათლად განმარტებული მიგნებები, განხილვის პროცესი, გადაწყვეტილებების მოტივაცია, და ახსნა, თუ როგორ და რატომ გაითვალისწინეს მათი მოსაზრებები.

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები და შეიმუშაონ პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ყველა გაიგებს და პატივს სცემს ბავშვების ნებასა და პრიორიტეტებს, ასევე, ყოველთვის გაითვალისწინებს მათ პირად შესაძლებლობებსა და პოტენციალს. ინდივიდუალური ავტონომიურობის უფლების აღიარებასა და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მათ შორის, ბავშვების, როგორც უფლებების მქონე პირთა პატივისცემისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნილებებისა და გამოცდილებების გამოხატვა, რაც აუცილებელია კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.

მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ: ისეთი სემინარების/შეხვედრების ორგანიზება, რომლებზეც საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად მიიწვევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც; ღია მოწვევების გამოქვეყნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ხელშეწყობა კონკრეტულ საკითხებზე ესეების წარდგენაში, ასევე საკუთარი გამოცდილებისა თუ ცხოვრებისეული მოლოდინების გაზიარებაში. ესეები უნდა შეჯამდეს, როგორც ბავშვების წვლილი, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ გამოიყენებოდეს.

გარდა ამისა, მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე (მაგ.: მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმსა და ადამიანის უფლებათა რეგიონულ და უნივერსალურ მექანიზმებში). ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა, მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით, უზრუნველყოფს პროცესის უფრო მეტ ეფექტიანობასა და სახელმწიფო რესურსების თანასწორ გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ამ ადამიანებისა და მათი თემისათვის უკეთეს შედეგებს მოიტანს.

სრულყოფილი და ეფექტიანი მონაწილეობა შეიძლება გახდეს სოციალური ცვლილების მთავარი მექანიზმიც, რომელიც ხელს უწყობს უწყებას და აძლიერებს ინდივიდებს. ყველა ფორმის გადაწყვეტილების მიღების ყველა ფორმატში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩართვა ხელს უწყობს ამ ადამიანთა ადვოკატირებისა და მოლაპარაკების შესაძლებლობების განვითარებას; ასევე, აძლიერებს მათ, რომ უფრო მტკიცედ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, განახორციელონ სურვილები და გაამყარონ თავიანთი ერთიანი და მრავალფეროვანი მოსაზრებები.

მონაწილე სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის რეგისტრაცია არ უნდა მიიჩნიონ კონსულტაციის ფართო პროცესებში მონაწილეობის წინაპირობად. თუმცა, ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დარეგისტრირდნენ და შეძლონ მონაწილეობის უფლებით სარგებლობა 4(3) და 33(3) მუხლების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებს მსგავსი ორგანიზაციების უფასო და მისაწვდომი სარეგისტრაციო სისტემების არსებობას და რეგისტრაციის ხელშეწყობას.

პოლიტიკის შემუშავების ყველა ეტაპზე, მონაწილე სახელმწიფოებმა შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები უნდა გააძლიერონ შესაძლებლობათა განვითარებითა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, ტრენინგით დამოუკიდებელი დაფინანსების შესახებ. ამ სახელმწიფოებმა შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს მხარი უნდა დაუჭირონ საზოგადოებაში სრულყოფილ და ეფექტიან მონაწილეობაში, კერძოდ, დამოუკიდებლად ადვოკატირებისათვის საჭირო კომპეტენციის, ცოდნისა თუ უნარების და უფრო ძლიერი დემოკრატიული მმართველობის პრინციპების განვითარებაში, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, პლურალიზმი და მონაწილეობა. გარდა ამისა, მონაწილე სახელმწიფოებმა მათ დაფინანსების მოპოვებასა და მხარდაჭერის წყაროების გამრავალფეროვნებაში უნდა შეუწყონ ხელი.

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს შეეძლოთ მარტივი და უფასო რეგისტრაცია, ასევე, სახსრების მოპოვება შემდეგი მხარეებისაგან: ეროვნული და საერთაშორისო დონორები, მათ შორის, კერძო პირები და კომპანიები; საჯარო და კერძო ფონდები; სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო, რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა კონსულტაციებისთვის შესაბამისი სახსრები გამოყონ, მათ შორის, შემდეგი გზებით:

  • თანხების პირდაპირი გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისათვის, მესამე მხარის ჩართვის გარეშე;
  • რესურსების გამოყოფისას, პრიორიტეტის მინიჭება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებების ადვოკატირებაზე ამახვილებენ ყურადღებას;
  • მონიტორინგის მექანიზმის, ასევე, კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავების, განვითარებისა და იმპლემენტაციის პროცესში სრულყოფილი და ეფექტიანი მონაწილეობის მიზნით, სპეციალური სახსრების გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების ორგანიზაციებისთვის;
  • სახსრების თანაბარი განაწილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს შორის, მდგრადი ინსტიტუციური დაფინანსების ჩათვლით, და არა მხოლოდ პროექტებზე დაფუძნებული დაფინანსებით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ავტონომიურობა ადვოკატირების დღის წესრიგის განსაზღვრის კუთხით, მიუხედავად მიღებული დაფინანსებისა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მუშაობის დაფინანსებისა და მათ მიერ
  • განხორციელებული პროექტების დაფინანსების გამიჯვნა;
  • დაფინანსების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, თვითადვოკატირებისა და/ან იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, იმ კანონების გამო, რომლებიც მათი წევრების სამართლებრივ ქმედუნარიანობას არ აღიარებს და აბრკოლებს ამ ორგანიზაციათა რეგისტრაციას;
  • დაფინანსებისათვის განცხადების წარდგენის პროცესის მიღება და იმპლემენტაცია მისაწვდომ ფორმატებში.

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს საკუთარი აქტივობების მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსებზე წვდომა აქვთ და თავიდან უნდა აირიდონ სიტუაცია, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაციები მხოლოდ გარე წყაროებზე იქნებიან დამოკიდებულნი და, ამდენად, შეეზღუდებათ ქმედითი ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შესაძლებლობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს, რომლებიც მხარდაჭერას იღებენ სახელმწიფო და კერძო ფინანსური რესურსებიდან, რასაც წევრობის გადასახადიც ემატება, უკეთესად შეუძლიათ უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობა პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში, რადგან ისინი ამ პირებს მხარს უჭერენ და ქმნიან და ამუშავებენ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე ორიენტირებულ სოციალურ აქტივობებს.

მონაწილე სახელმწიფოებმა, სამართლებრივად აღიარებული ფორმალური მექანიზმის მეშვეობით (მაგ.: ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული ნდობის ფონდები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისათვის სათანადო და საკმარისი დაფინანსება უნდა უზრუნველყონ.

სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ სახელმწიფო რესურსები, რომლებიც მოხმარდება ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას; ასევე, უზრუნველყონ ამ ორგანიზაციების წვდომა სახელმწიფო დაფინანსებაზე, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლების, მემკვიდრეობის გადასახადის გაუქმებისა და ეროვნული ლატარეის მეშვეობით.

მონაწილე სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წვდომას უცხოურ დაფინანსებაზე და გაამარტივონ ეს პროცესი, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების დახმარების ფარგლებში, ისე რეგიონულ დონეზე და ადამიანის უფლებათა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანასწორად.

 

 

სხვა სიახლეები