საქართველოს კანონი ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის სავალდებულო ექსპერტიზის (შემდგომ – ექსპერტიზა) ჩატარების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
მუხლი 2
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფსიქიატრი – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი;
ბ) ფსიქოლოგი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია;
გ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;
დ) ოკუპაციური თერაპევტი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ოკუპაციური თერაპევტის კვალიფიკაცია;
ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი – პირი, რომლის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობის საკითხი განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ვ) ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
ზ) დადებითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
თ) უარყოფითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.