დედა, როგორც პერსონალური ასისტენტი

A+
A-

ამ ბლოგის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საზოგადობას ვაჩვენო, რამდენად რთულია იყო  დედა, როდესაც შენი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. 

იმისთვის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა წარმატებას მიაღწიოს, მხოლოდ ნიჭიერება არ კმარა. ამასთან ერთად, ისიც არის გასათვალისწინებელი, თუ სად და როგორ გარემოში ცხოვრობ, როგორია საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თუ მისი თანმხლების მიმართ.

ოდესმე, თუ დაფიქრებულხართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე?! 

ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს პერსონალურ ასისტენტს და თავიდან იცილებს ამ პასუხისმგებლობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტებად ძირითადად, ოჯახის წევრები გვევლინებიან. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრები საკუთარ ცხოვრებაზე უარს ამბობენ იმისთვის, რომ თავი ღირსეულ ადამიანებად ვიგრძნოთ, მივიღოთ განათლება, გვქონდეს სამსახური და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ვიქცეთ. 

ჩემ შემთხვევაშიც მსგავსად ხდება. როდესაც რამე მჭირდება, დედა ყოველთვის  გვერდით ჩნდება. სამწუხაროდ, ეს მიღებული პრაქტიკაა და ვინმეს რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ - "აბა რა, ვინ  უნდა მიხედოს, თუ არა ოჯახის წევრმა", რაც არასწორია და მიუღებელი. თუ რატომ, ამის საილუსტრაციოდ ვიტყვი: როდესაც ბავშვი იბადება, ის დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებს თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს აქტივობები. 

ყველას მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირსაც ესაჭიროება თავისუფლება და დამოუკიდებლობა. როგორც ყველას, მასაც სურს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, აღასრულოს საკუთარი ნება.  

ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, როგორც ხდება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ვერ აღიქვამენ "სრულყოფილ" ადამიანად. გამოსავალი რაშია? სწორედ იმაში, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის პირს სახელმწიფომ პირადი ასისტენტის სერვისი შესთავაზოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლობის ხარისხს. 

წარმოგიდგენთ მაგალითებს, რომლებიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა:

  • კლინიკაში შესულს რეგისტრატურაში ვესალმები გოგონებს და ვეუბნები ჩემი საჭიროების შესახებ. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის პასუხობენ ჩემ გვერდზე მდგომ ადამიანს, რომელიც იმ დროს ასისტირებას მიწევს;
  • ბანკში, სადაც გარკვეული მომსახურებისთვის ვარ მისული, მზერით გვერდზე მდგომს მიმართავენ და არა მე;
  • სავაჭრო ცენტრებში, საყიდლებზე შესულს დეტალების დასაზუსტებლად ყოველთვის მარიდებენ თავს;

კიდევ უფრო რთულდება საქმე, როდესაც ფულს გჩუქნიან ქუჩაში, კაფეში და უკვირთ, რომ არ ართმევ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამ ქცევით მე შეიძლება თავი შეურაცხყოფილად გვაგრძნობინონ.

ჩემი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილი უარგყოფს და დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ აღგიქვამს, მას ყოველთვის ურჩევნია შენგან დისტანცირებული იყოს. 

თუ ეს მოცემულობა არ შეიცვლება, კიდევ ბევრი,ათწლეულის განმავლობაში მოგვიწევს ასეთ არასრულფასოვან და უთანასწორო გარემოში ყოფნა, ეს დამოუკიდებულება კი, სიკეთის მომტანი არავისთვისაა. სახელმწიფოსგან ჩვენ გვჭირდება პირადი ასისტენტი და არა მსხვერპლად შეწირული ოჯახის წევრი.                                             

                                                                                                                            

ავტორი: გიორგი ხიზანიშვილი

 

 

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

სხვა სიახლეები

პერსონალური ასისტენტი - ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ

კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ მოწყობილ რეგიონალურ კონსულტაციაში