კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ მოწყობილ რეგიონალურ კონსულტაციაში
კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ მოწყობილ რეგიონალურ კონსულტაციაში (CRPD-Consultation Central Asia and Eastern Europe 25 February) დეინსტიტუციონალიზაციის თემასთან დაკავშირებით. კოალიციის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ კომიტეტის ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.
კერძოდ, მან:
(i) აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს დეინსტიტუციონალიზაციის სტატეგია და ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა;
(ii) ხაზი გაუსვა, პერსონალური ასისტენტის სერვისის არარსებობას და აღნიშნა, რომ ეს სერვისი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებისთვის უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება უჯდებოდეს ქვეყანას პერსონალური ასისტენტის, თუ სხვა სერვისის ხარჯები, ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ სერვისზე მეტი ღირს;
(iii) გამოთქვა სურვილი, რომ კომიტეტმა ნათელი მოფინოს საოჯახო ტიპის და სათემო ორგანიზაციის ადგილს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში და აღინიშნოს, რამდენად თავსებადია ის კონვენციის და კომიტეტის ხედვებთან; ასევე, გამოთქვა სურვილი, რომ კომიტეტმა დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკები შემოგვთავაზოს.
25 თებერვლის რეგიონალური კონსულტაციის მიზანი იყო კომიტეტს მოესმინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების ხედვები და კითხვები დამოუკიდებელ ცხოვრებასთან და დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით, შემდგომში დეინსტიტუციონალიზაციის გაიდლაინის შექმნის პროცესში გასათვალისწინებლად.
რეგიონალურ კონსულტაციაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, მონტენეგროს, რუსეთის, ყაზახეთის, ბულგარეთის, მაკედონიის, ყაზახეთის, მოლდოვას, ბელარუსის, კოსოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მოსაზრება გამოთქვა ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელმაც (ENIL). ძირითადი აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
1. დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით სტრატეგიის საჭიროება. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმომადგენელმა მონტენეგროდან ხაზი გაუსვა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არსებობის აუცილებლობას, რომელიც თავისი სერვისებით დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტია იქნება.
2. პერსონალურ ასისტენტის აუცილებლობა. წარმომადგენლებმა სერბეთიდან, უკრაინიდან და ENIL-დან ხაზი გაუსვეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში პერსონალური ასისტენტის სერვისის მნიშვნელობას და განსაკუთრებით, პანდემიის დროს მის უწყვეტ მიწოდებას. ENIL- მა მწვავედ დასვა საკითხი სხვადასხვა ქვეყნებში პერსონალური ასისტენტის სერვისთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, როგორიცაა ამ სერვისის შინაარსის არასრულყოფილი ცოდნა. აქვე ხაზი გაუსვა საჭიროებას მოხდეს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ, კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პერსონალური ასისტენტის სერვისი და რა მნიშვნელობა აქვს მას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
3. პანდემიის დროს სერვისების უწყვეტად მიწოდების აუცილებლობა. მონაწილეებმა მოლდოვიდან, ბელარუსიდან და სომხეთიდან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს როგორც ადამიანის მიერ გამოწვეული კრიზისული სიტუაციების, ისე ბუნებრივი კატაკლიზმებისა და პანდემიების დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების უწყვეტად მიწოდებაზე, რაც რეინსტიტუციონალიზაციის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.
4. საოჯახო და სათემო სერვისები, როგორც ინსტიტუციების ალტერნატივა. აღნიშნული საკითხი სერბეთისა და მოლდოვის წარმომადგენელების მხრიდან გაჟღერდა. განსაკუთრებით მწვავე იყო სერბეთის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მიუღებელია მათი ქვეყნის პოლიტიკა ინსტიტუციების საოჯახო და სათემო ორგანიზაციებით ჩანაცვლების შესახებ, რადგან ეს არ გულისხმობს დამოუკიდებელ ან ოჯახში ცხოვრებას.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობა პოლიტიკის განხორციელებაში. უკრაიანის წარმომადგენლებმა წამოწიეს და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობაზე პოლიტიკის განხორციელების დროს. მათ აღნიშნეს, რომ შშმ პირების გათიშვა ამ პროცესებიდან იწვევს ქვეყნის პოლიტიკის აცდენას კონვენციის მოთხოვნებისგან. განსაკუთრებით, განათლების, დასაქმების, სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით.