გარემოს ადაპტირება და ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან - ოთო დარბაისელის ბლოგი

A+
A-

დღეს, როდესაც ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა გვაქვს, რთული არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის წევრთა მდგომარეობის წარმოდგენა.

თავად ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უამრავი მეგობარი. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მაძლევს გავიცნო ახალი ადამიანები, ვესაუბრო საერთო პრობლემებზე, ვანუგეშო და შეძლებისდაგვარად დავეხმარო კიდეც. 

მინდა გიამბოთ ჩემი ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე, ყოფით პრობლემებსა და იმაზე, თუ როგორ წარმომიდგენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების შემსუბუქების გზები. 

არ იქნება სიახლე, თუ ვიტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებას სახლში „გამოკეტილი“ ატარებს. ამას კი,  ბევრი რამ განაპირობებს, შევეცდები სამი ძირითადი მიზეზი გამოვყო:

  1. ოჯახის წევრთა კომპლექსები და მათი ცნობიერების დაბალი დონე, რის გამოც, მიმაჩნია, რომ მათთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ისეთივე აუცილებელია, როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
  2. საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის მიმართ. 
  3. ხელისუფლების არასათანადო მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებისადმი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბარიერებს ადრეული ასაკიდანვე აწყდება. მათი გადალახვის უნარი კი, ხშირად, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გლობალურ პრობლემაზე, რომელიც ყველა ოჯახს აერთიანებს, თუმცა, მის შესახებ იშვიათად თუ საუბრობს ვინმე.

იმ დღიდან, როდესაც ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იბადება, იწყება ეკონომიკური კრიზისიც, რადგან დაბადებისთანავე მისი მკურნალობის, რეაბილიტაციისა და თერაპიის საჭიროება ჩნდება. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსგან გამოყოფილი ხარჯები კი, მხოლოდ ზღვაში წვეთია. ამას ისიც ემატება, რომ ოჯახის ერთი წევრი (ძირითადად, დედა) ხშირად არარეალიზებული რჩება და ისიც ისეთივე „ჩაკეტილი“ ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მისი შვილი. პრაქტიკულად, ოჯახისთვის ისეთი ეკონომიური კრიზისი იწყება, რომლის „დაძლევაც“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიის ხარჯზე ხდება. ჩემი ღრმა რწმენით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომვლელს, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან გარკვეული შემოსავალი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო, რაც პანდუსების მოწყობას გულისხმობს, როგორც საჯარო ისე, კერძო დაწესებულებებში.

სოციალიზაციისკენ გადადგმული ჩემი პირველი ნაბიჯი სკოლა იყო. დამოკიდებულება ყველასთან მეგობრული მქონდა, თუმცა, იმ დროს, სკოლაში არ იყო სპეციალური პედაგოგი და შენობას არ ჰქონდა პანდუსი, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელი იქნებოდა ეტლით დაუბრკოლებლად შესვლა. სკოლაში ჩემ შესაყვანად, მამას 3–4 მეგობრის დახმარება სჭირდებოდა. განსაკუთრებით რთული, ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რომელზედაც არ ვსაუბრობ. თუმცა, განცდა იმისა, რომ შესაძლებელი იყო რაღაც მომენტში კიბეზე ხელიდან გავარდნოდათ ეტლი, დღემდე არ მტოვებს. ასეთივე დაძაბულები იყვნენ ჩემი მეგობრებიც. 

წლების შემდეგ, ოჯახის წევრების დახმარებით, სკოლაში პანდუსი გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, ცენტრალური შესასვლელისგან მოშორებით.

პანდუსების პრობლემა კონკრეტულად ჩემ რაიონში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) ნაწილობრივ მოგვარდა. პანდუსი გაკეთდა საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ჭიშკართან, წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის  ტაძარში, ქალაქის მერიის შესასვლელში. მიუხედავად ამისა, ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის პირობები დღემდე არ არის შექმნილი. არის პანდუსები, რომელთა დახრილობის კოეფიციენტი არ შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს, შესაბამისად, ასეთი პანდუსი პრაქტიკულად გამოუსადეგარია. 

ისეთი დაწესებულება, როგორიც აფთიაქია, აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული, იგივე ეხება ტაძრებსაც. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ - ღვთის შვილებს, ღვთის სახლში შესვლის საშუალება არ გვაქვს.

ასეთ არაადაპტირებულ გარემოში, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით დამოუკიდებლები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთში, ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლადაც კი, სხვისი დახმარება დაგვჭირდება, რაც ძალიან დამთრგუნველია  და  დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა, სიტყვა კომფორტი, ჩვენთვის ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია.

ხშირად მიწევს მგზავრობა კახეთის მუნიციპალიტეტებში და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი უამრავ ტურისტს მასპინძლობს, ტაძრებში, მარნებში, რესტორნებში ნაკლებადაა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა სტუმრობა, რასაც ვერ ვიტყვი სასტუმროებზე. 

გარდა ამისა, სასურველი იქნებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ყველა მუნიციპალიტეტში ერთი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება მაინც გვემსახურებოდეს.

იმედი მაქვს, ზემოთ ჩამოთვლილ, პრობლემებს  ყველა ის ადამიანი გაითვალისწინებს, ვისაც აღნიშნული საკითხების მოგვარება შეუძლია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გავხდეთ ღირსეული ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის საჭიროება თანაბრად იქნება გათვალისწინებული და აღიარებული. 

 

ავტორი: ოთო დარბაისელი

 

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

სხვა სიახლეები

გარემო და საზოგადოების ცნობიერება, როგორც ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ტ.მ. საბერძნეთის წინააღმდეგ