"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი
ამბობენ, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ჰოდა, მეც ვიბრძვი! ვიბრძვი შინ და ვიბრძვი გარეთ! ვიბრძვი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.
დღეს როცა ჩვენი საზოგადოება უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არაერთი პრობლემა კვლავაც მოითხოვს შესწავლას, შეფასებასა და მოგვარებას.
პრობლემა იმგვარი და იმდენია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც არსებობს. ზოგადი საკითხების გადაჭრის პარალელურად, ინდივიდუალური პრობლემების შესწავლა და განხილვაც არის საჭირო. მე, ჩემი ერთი პრობლემის შესახებ მოგახსენებთ, შესაძლოა, ეს სხვებისთვის არც პრობლემას წარმოადგენდეს და არც საინტერესო იყოს, მაგრამ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.
ვარ იურიდიული პირი და საბანკო ანგარიშები TBC ბანკში მაქვს გახსნილი. მყავს ნდობით აღჭურვილი პირი (მამაჩემი), რომელსაც გენერალური მინდობილობა აქვს და ჩემს საბანკო ანგარიშებს ჩემ ნაცვლად აწერს ხელს. მაგრამ ამ ფორმატით მუშაობა, გარკვეულ ბარიერებს მიქმნის. კერძოდ, ბანკში უნდა წავიდე მაშინ, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირი მოიცლის და არა მაშინ, როცა მე მჭირდება. ეს დისკომფორტის მომტანი არა მხოლოდ ჩემთვისაა არამედ, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირისთვისაც, რადგან ჩემ გამო, მან თავისი საქმიანობა უნდა მიატოვოს და ბანკში გამომყვეს.
ძირითადი პრობლემა კი ის არის, რომ TBC ბანკის ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია. სანაცვლოდ, მე მათ ისეთ ხელმოწერას ვთავაზობ, რომლითაც პირადობის მოწმობაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ ხელმოწერის ამგვარ ფორმაზე უარს მეუბნებიან.
დარწმუნებული ვარ, ზემოთ აღნიშნული, საკითხით მხოლოდ მე არ ვარ შეწუხებული. თუ ამ პრობლემას განიხილავენ, შეაფასებენ და მოაგვარებენ, ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ავტორი: ოთო დარბაისელი
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.