შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები
მოცემული პუბლიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ეხება.
2019 წელს, მაგისტრატურაზე სწავლის დროს, სანოტარო ბიუროში სავალდებულო სტაჟირება გავიარე, რა დროსაც, საფუძვლიანად შევისწავლე სანოტარო საქმიანობის ის დეტალები, რომლებთანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორც მოქალაქეებს აქვთ შეხება. გარდა ამისა, დავაზუსტე საკითხები, რომლებიც იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იქნება საინტერესო, რომლებიც სანოტარო საქმიანობას მოისურვებენ.
ყველა სახის სანოტარო მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, ხშირად ირღვეოდა, რადგან "ნოტარიატის შესახებ კანონის" ძველი რედაქციის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სანოტარო მომსახურების მიღებისას აუცილებლად ესაჭიროებოდათ მინიმუმ ორი მოწმე.
2018 წელს, კანონში შესული ცვლილების შედეგად, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირისთვის სანოტარო მოქმედების შესრულების დროს, მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ არის.
კანონში შესული ამ ცვლილების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სანოტარო მომსახურების მიღებისას ბარიერებს კვლავ აწყდებიან, რადგან ნოტარიუსები მოწმის დასწრებას კვლავაც იმპერატიულ ნორმად აღიქვამენ. ამასთან დაკავშირებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში" ფარგლებში, გადავწყვიტეთ გაგვეგო რამდენად სისტემური სახე ჰქონდა ნოტარიუსების მიერ არსებული კანონმდებლობის უგულვებელყოფას შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში.
მთელი საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო ხაზზე 75 მოქმედ ნოტარიუსს მარტივი კითხვით დავუკავშირდით: "წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირს სურს მინდობილობის გაკეთება. დასჭირდება მას მოწმის მოყვანა?" კითხვის მიზანი იყო თბილისსა და რეგიონებში გვენახა და აგვერიცხა ის ნოტარიუსები, რომლებთანაც უსინათლო პირები ზედმეტი ბარიერების გარეშე შეძლებდნენ სანოტარო მომსახურების მიღებას. თუმცა, როგორც თბილისში, ისევე, რეგიონებში, ნოტარიუსების უმრავლესობის პასუხი უფრო თავის არიდებისკენ იყო მიმართული. დიდმა ნაწილმა უბრალოდ უარი განაცხადა მოწმის გარეშე მომსახურების გაწევაზე. ზოგმა, ვიდეოჩანაწერისთვის ტექნიკური უზრუნველყოფის არ არსებობა მოიმიზეზა. სხვებმა განაცხადეს, რომ კანონით, მოწმის გარეშე არ შეეძლოთ მინდობილობის გაცემა ან უბრალოდ, დროის არ ქონა მოიმიზეზეს.
უარის შემდეგ, ნოტარიუსებს კონკრეტულ მუხლზე ვუთითებდით, რის საფუძველზეც, მათ ვალდებულება აქვთ უსინათლო პირს მოწმის გარეშე მომსახურებოდნენ. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტზე მითითების შემდეგაც კი, მხოლოდ ერთი ნოტარიუსის დათანხმება შევძელით.
დასახელებული ბარიერის აღმოსაფხვრელად, სასურველია ნოტარიუსებთან ტრენინგების ჩატარება და მათი ცნობიერების ამაღლება, როგორც საკანონმდებლო ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ სრულად ინფორმირებულნი თავიანთი უფლებების შესახებ, რათა ამ და სხვა შემთხვევებში, თავად შეძლონ მითითების გაცემა თავიანთი საკითხის გადასაწყვეტად. გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე, საქართველოს კანონში "სანოტარო მოქმედებების შესახებ", უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, ნოტარიუსების ანგარიშვალდებულება გაიზრდება. უნდა არსებობდეს რეალური მექანიზმი ნოტარიუსთა პალატის დონეზე, რათა პალატას მეტი ბერკეტი გააჩნდეს ნოტარიუსების მიმართ გარკვეული სანქციების ამოქმედებისთვის.
ცალკე აღსანიშნავია, რომ სანოტარო მომსახურების მიღების დროს, ბარიერებს მხოლოდ უსინათლო პირები არ აწყდებიან. ფიზიკური ბარიერები განსაკუთრებით თვალში საცემი და პრობლემატურია ეტლით მოსარგებლეების მიმართ, რადგან სანოტარო ბიუროების უმრავლესობა მათთვის სრულიად მიუწვდომელია.
მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე დატანილია ინფორმაცია იმის თაობაზე არის თუ არა ხელმისაწვდომი სანოტარო ბიურო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, შესაძლოა, ადაპტირებულად მონიშნული ბიუროც არ იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმალების შესაბამისად მოწყობილი და შეუძლებელი იყოს მასში დამოუკიდებლად შეღწევა, ან ეტლით გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია, მისაწვდომობის მონიტორინგის ჩატარება სპეციალისტების მიერ.
ავტორი: ანა ხაჭაპურიძე
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.