კოალიცია და ნეიროგანვითარების ცენტრი აგრძელებენ ტრენინგებს
კოალიცია და ნეიროგანვითარების ცენტრი აგრძელებენ ტრენინგებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე ეტლის მორგების შესახებ რეაბილიტაციის სპეციალისტებისათვის, ოკუპაციური თერაპევტებისთვის, ფიზიკური თერაპევტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ასევე შშმ პირთა ორგანიზაციების თანამშრომლებისა და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის.
ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დღემდე ჩატარდა ეტლის ბაზისური მორგების ოთხი 5-დღიანი ტრენინგი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეების ნაწილმა ასევე გაიარა ეტლის შუალედური მორგების მომსახურების ტრენინგები.
აღნიშნულ ტრენინგებს დაესწრო 50-მდე ადამიანი თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, რომელთა უმრავლესობას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ გაწიოს ეტლის მორგების მომსახურება ბაზისურ და შუალედურ დონეზე.
ტრენინგის მეთოდოლოგია მთლიანად ეფუძნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებსა და მათ მიერ რეკომენდებულ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებსა და ვიზუალურ სასწავლო მასალას. სატრენინგო კურსის მიზანია ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც სავარძელ-ეტლის მომხმარებლებს (ან პოტენციურ მომხმარებლებს) გაუწევენ ეტლის მორგების მომსახურებას, მათი საჭიროებებისა და მდგომარეობის შესაბამისად, რაშიც იგულისხმება: ეტლით მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; ისეთი ეტლის შერჩევა/მომზადება, რომელიც ხელს უწყობს აღმართულ პოზაში ჯდომას და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას; სწორი პოზისთვის საჭირო დამატებითი დამხმარე საშუალებები/დამჭერების დამზადება/მორგებას; მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით დასაჯდომი და საზურგე ბალიშის დამზადება/მორგებას; ეტლით სარგებლობის უნარ-ჩვევების სწავლებას და ა.შ.
ტრენინგებს უძღვებიან ქართველი სპეციალისტები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და სერთიფიცირება ამერიკელი ექსპერტის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების ერთერთი ავტორის, ჯემი ნუნის, მიერ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გაიდლაინების მიხედვით, ეტლით უზრუნველყოფის მომსახურებაში სამი დონეა: ბაზისური, შუალედური და მაღალი მორგების, რომელთა სპეციფიკა განსხვავდება ეტლით მოსარგებლის საჭიროებების მიხედვით.
ბაზისური დონის ტრენინგის წარმატებით დასასრულებლად და შემდეგი დონის ტრენინგებზე გადასასვლელად მონაწილეებმა წარმატებით უნდა გაიარონ ტრენინგის არა მარტო თეორიული ნაწილი “საკლასო ოთახში”, არამედ დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ ეტლით მოსარგებლეებთან და მიაწოდონ მათ ხარისხიანი მომსახურება (ტრენერების ზედამხედველობითა და მხარდაჭერით).
სავარძელ-ეტლი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი დამხმარე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს პირის მობილურობასა და დამოუკიდებლობას, რაც ადამიანის უფლებების დაცვის და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის წინაპირობაა და ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გახდნენ საზოგადოების უფრო პროდუქტიული წევრები. ბევრი ადამიანისთვის, შესაბამისი, კარგად აწყობილი და მორგებული სავარძელ-ეტლი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი საზოგადოებაში ჩართულობისკენ.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მომზადდეს ეტლით უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდების კუთხით, რათა საქართველოში მცხოვრებმა ეტლით მოსარგებლეებმა მიიღონ მათზე მორგებული ეტლი და დამხმარე საშუალებები. კოალიცია და ნეიროგანვითარების ცენტრი აგრძელებენ აღნიშნული ტრენინგების ჩატარებას და ასევე, მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა აღნიშნული სერვისი გათვალისწინებული იყოს მექანიკური ეტლებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაუჩერულ პროგრამაში.
ტრენინგები ტარდება პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ემორის უნივერსიტეტი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.