არჩევნების პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია "ქორთიარდ მერიოტში"
2013 წლის 31 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ არჩევნების პროექტების ფინალური პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროექტის ფარგლებში ჩატარებული მედია კონკურსის შედეგებიც გახდა ცნობილი.
მედია კონკურსი არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობისა და თემის გაშუქებას ისახავდა მიზნად. საუკეთსო სიუჟეტის ნომინაციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა გაიმარჯვა, საუკეთესო სტატიის ავტორი კი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი გახდა.
ღონისძიებას დაესწრნენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების, IFES-ისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები, შშმ პირთა მხარდამჭერები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტის შესახებ:
პროექტი - მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით – განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი: ცენტრალურ საარჩევნო კომისია (ცესკო).
მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა და მათი გააქტიურება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად.
პროექტის ფარგლებში, პირველად არჩევნების ისტორიაში, მოხდა შშმ ამომრჩევლის საარჩევნო საჭიროებების კვლევა და საარჩევნო უბნებზე 93 ადაპტირებული კაბინის დადგმა, საზოგადოებრივი საინფორმაციო და სოლიდარობის კამპანიების ორგანიზება.
არჩევნების დღეს კი თბილისში, რუსთავში, გორსა და ახალციხეში ეტლით მოსარგებლე პირებისათვის იმუშავეს პორტატული პანდუსებითა და ლიფტიანი მიკროავტობუსებით აღჭურვილმა მობილურმა ჯგუფებმა, რომელბიც გადაადგილების პრობლემის მქონე ამომრჩეველს მოემსახრნენ და უზრუნველყვეს მათი უბანზე დამოუკიდებლად მისვლა და არჩევნებში მონაწილეობა.
ჩატარდა 20–ზე მეტი ტრენინგი და სემინარი, რომელშიც მონაწილეობა 200–ზე მეტმა პირმა მიიღო, მომზადდა რეკომენდაციები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შშმ პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის. ასევე, მუდმივი პანდუსებით მოხდა 15 საარჩევნო უბნის ადაპტირება, რომლებიც იმავდროულად საგანმანათლებლო დაწესებულებეს წარმოადგენენ.