კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტში, 2013 წლის 11 ივნისს, იურიდიული კომიტეტის მიერ, გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირების ჩაგდება, მიგვაჩნია, არაპოზიტიურ მოვლენად. აღსანიშნავია, რომ „კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები, არ ესწრებოდნენ 11 ივნისის შეხვედრებს კომიტეტებში, რადგან ჩვენთვის წინასწარ არ იყო ცნობილი, თუ იურიდიული კომიტეტი კონვენციის რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, ხოლო არასამთავრობო სექტორიდან დამსწრე 3-4 წარმომადგენელმა, მათი გამოუცდელობის გამო, სრულფასოვნად ვერ განახორციელეს უფლებების დაცვა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციისთვის ის მიზეზი, რომლის მიხედვითაც განიმარტა კონვენციის არგასვლა - ის, რომ კონვენცია იწვევს საკანონმდებლო ცვლილებებს და ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მას თან უნდა ახლდეს, სერიოზული შენიშვნაა, მაგრამ არა გადაულახავი და ეს არ უნდა გამხდარიყო კონვენციის რატიპიცირების შეჩერებისათვის საკმარისი.
სწორედ ამიტომ, 2013 წლის 12 ივნისს როდესაც სოლიდარობის აქციის მსვლელობისას ეს ფაქტი გახდა ჩვენთვის ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაციების:
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ ლიდერებმა მოვახერხეთ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელებთან; ერთ-ერთი შეხვედრა ისედაც დაგეგმილი იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის მიერ, რომელსაც ესწრებოდა, პოლონეთის დელეგაცია, პოლონეთის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით.
გვინდა ვაუწყოთ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია გაეროს 2006 წლის შშმ პირთ უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირებით - აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის მიუხედავად კონვენციის რატიფიცირების საკითხი ბიუროზე გაიტანა.
საკითხი მოიცავს გადაწყვეტის ორ გზას: კონვენციის რატიფიცირება და შემდგომ, მისი იმპლემენტაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება და მეორე - კონვენციის კანონ-პროექტი დაუბრუნდეს მთავრობას და შესაბამის სამინისტროებს დაევალოს მკაცრად მითითებულ, უმოკლეს ვადებში, მოახდინონ მისი პარლამენტში დაბრუნება საკანონმდებლო ინიციატივების ძირითად პაკეტთან ერთად (რომლის გაკეთებაც ბოლო მინიმუმ სამი წლის მანძილზეც შეიძლებოდა პოლიტიკური ნება, რომ არსებულიყო). ჩვენთვის, ორივე ვარიანტი მისაღებია, თუკი პროცესი არ გაჭიანურდება .
„უმოკლეს ვადაში“ კი 2013 წლის 1 სექტემბერი იგულისმხება. სხვა შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, კიდევ უფრო მეტად გავშალოთ ადვოკატირების და ლობირების პროცესი, რათა გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირებამ შშმ პირთათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის საკითხი, განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.