„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები“

A+
A-

2012 წლის 30 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი (3 დეკემბერი) მიძღვნილი კონფერენცია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრი – დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო.

აშშ–ს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რიჩარდ ნორლანდი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰაიკინი. შშმ პირთა ორგანზიაციების ლიდერები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  მიმართ არსებული პოლიტიკისა  და  განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამებას; ასევე, სამთავრობო სტრუქტურებთან და  სფეროთი დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით მომავალი თანამშრომლობისა და ხედვების ჩამოყალიბებას.

კონფერენცია გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის სამოქალაქო მოძრაობის ისტორიის მოკლე ვიდეო კოლაჟით (ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს) და პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდა ლიდერი მარიამ მიქიაშვილი იკო იაკობიძესთან, გიორგი ტომარაძესთან და მაია ბოლქვაძესთან ერთად უძღვებოდა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას კოალიციის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე მიესალმა და აღნიშნა, რომ "მითია, როცა ვამბობთ, შშმ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნა სახელმწიფოს ძვირი უჯდება!

ძვირი ჯდება მაშინ, როდესაც ჯერ ვაშენებთ შენობებს და მერე ვახდენთ მათ რეკონსტრუქციას, ჯერ ვყიდულობთ ტრანსპორტს და მერე ვფიქრობთ მათ ადაპტირებაზე, ჯერ ვნერგავთ სერვისებს და მერე ვცილობთ რომ ეს სერვისები ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამიტომ ჩვენი ჩართულობა და ჩვენი ინტერესების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, თავიდანვე უნდა ხდებოდეს. კონფერენციის დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

"სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები, რადგან ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, გპირდებოდით, რომ სამართლიანობა აღდგება, პირველ რიგში, ეს სამართლიანობა თქვენთან მიმართებაში უნდა აღდგეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრირებისთვის, მათ შორის ტრანსპორტში, ქუჩებში, შენობებში.

ეს უნდა მოხდეს არა უპროექტოდ ან გადაკეთებებით, არამედ თავიდანვე. მთელი საზოგადოება და თქვენც წინა ხელისუფლებიდან უსამართლობას განიცდიდით. ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა. ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობიდან გამომდინარე, დახმარება ექნებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს და ეს დახმარება გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება".

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ კანონს შექმნის და მთავრობას წარუდგენს, რაც აღნიშნულ პირთა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო.

"თქვენ გული არ დაგწყდეთ და დაბალი ადამიანებისთვის საქართველოში ტრიბუნაც კი არ არსებობს. ეს ჩემთვის ყოველთვის პრობლემაა. მინდა, მოგესიყვარულოთ და აღვფრთოვანდე თქვენით, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შეგრჩათ უნარი უგუნურ ხელისუფლებას უთხრათ, რომ აქ ვართ და მოგვხედეთო.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ გვაქვს ნება შშმ პირების პრობლემები გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ჩვენს სამინისტროს, ადრე იქ პრიორიტეტი მშენებლობები იყო, ჩვენ კი გავაძლიერეთ სამართალშემოქმედების მიმართულება. ჩვენს შევქმნით ყველა იმ კანონს და წარვუდგენთ მთავრობას, რაც თქვენი უფლებების რელიზაციისთვის არის საჭირო... ჩვენი პოლიტიკა იქნება, რომ ყველა კომპეტენტური ადამიანი მიუხედავად შესაძლებლობისა, დასაქმებული იქნას საჯარო სამსახურში", - განაცხადა წულუკიანმა.

 კონფერენციაზე საქართველოს პერმიერ–მინსიტრი დაპირდა შშმ ლიდერებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს უახლესი შეხვედრა 2012 წლის 25 დეკემბრამდე გაიმართება, რომელსაც თვითონაც დაესწრება.

კონფერენცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ”შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ახორციელებს.

პროექტის შესახებ:

USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების“ მიზანია: გააძლიეროს შშმ პირთა ორანიზაციები თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში, რათა შშმ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს მიეცეთ თავიანთ თემებში მიმდინარე და მომავალი განვითარების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. ასევე, გაზარდოს შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობა სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და განვითარების პროგრამებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით.

სხვა სიახლეები

გარემო და საზოგადოების ცნობიერება, როგორც ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ტ.მ. საბერძნეთის წინააღმდეგ