უსინათლო ამომრჩევლისთვის ბიულეტენის სპეციალური ჩარჩო დაიბეჭდა

A+
A-

16 ოქტომბერს ცესკოში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები კოალიციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობის შესაძლებლობები.

შეხვედრამდე, ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა იმის წინაპირობა, საარჩევნო ბიულეტენები უსინათლოებისათვის დაბეჭდილიყო ბრაილის შრიფტით და ცესკოს უარი ეთქვა მანამდე არსებულ შეთანხმებაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა ამომრჩევლის ანონიმურობის დაცვას.

ცესკომ, თავის მხრივ, წარმოადგინა ბიულეტენის დაბეჭდვის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა კოალიციის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღი გადაწყვეტილება ბიულეტენისთვის სპეციალური ჩარჩო-ფორმის დაბეჭდვის შესახებ, რომელიც მათ კოალიციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს.

აღნიშნული მეთოდი უსინათლო ამომრჩეველს მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად (შემყოლის გარეშე) მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შემოხაზოს მისთვის სასურველი კანდიდატი, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მის იდენტიფიცირებას და ხმის მიცემის პროცესის ანონიმურობას. უსინათლო ამომრჩეველთათვის სპეციალური ჩარჩო-ფორმის დაბეჭდვა ბიულეტენებისთვის ხელს შეუწყობს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიულეტენის ჩარჩოთი სარგებლობა შეუძიათ, როგორც ბრაილის შრიფტის მცოდნეებს, ისე იმ უსინათლო პირებს, რომლებიც არ ფლობენ ბრაილს.

უსინათლო ამომრჩეველთა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერისა და გამოყენების ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს უსინათლო ამომრჩევლის მიერ დამოუკიდებლად 

არჩევანის გაკეთებისათვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერასა და მისი გამოყენების წესს. 

2. გარდა ბრაილის შრიფტის მცოდნე უსინათლო ამომრჩეველისა, საარჩევნო  ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენებით არჩევანის გაკეთება შეუძლია იმ უსინათლო ამომრჩეველს, რომელიც ვერ კითხულობს ბრაილს.

მუხლი 2. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერა 

1. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო დამზადებულია მუყაოს სპეციალურ ქაღალდისგან, რომელიც ორად არის დაკეცილი; 

2. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩოს შუაში თავსდება საარჩევნო ბიულეტენი, რომელზეც მითითებული ციფრები ზუსტად ემთხვევა ჩარჩოზე ამოჭრილ 

3. ყოველი წრიული ჭრილის გასწვრივ რელიეფურად (ხელის შეგრძნებით  აღქმისათვის) მითითებული არის ციფრი ბრაილის შრიფტით და ციფრი არაბული, ანუ ბრტყელი შრიფტით.

მუხლი 3. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენება

1. საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ უსინათლო ამომრჩეველს, რეგისტრატორი კომისიის წევრი საარჩევნო ბიულეტენს აწვდის საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ ჩარჩოში ჩადებულ მდგომარეობაში. 

2. უსინათლო ამომრჩეველი დამოუკიდებლად ხაზავს მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერს. 

3. საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ, უსინათლო ამომრჩეველი თავად იღებს ბიულეტენს ჩარჩოდან, კეცავს მას და ჩარჩო/ფორმას უბრუნებს კომისიას.

4. უსინათლო ამომრჩეველს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი აწვდის სპეციალურ კონვერტს. 

5. საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების  ზედამხედველი კომისიის წევრი ეხმარება უსინათლო ამომრჩეველს სპეციალურ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენის საარჩევნო ყუთში განთავსებაში ან უსინათლო ამომრჩეველი თავად ათავსებს სპეციალურ კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს.

მუხლი 4. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვა

1. დამტკიცდეს, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვის ფორმა, დანართის შესაბამისად. 

2. დაევალოს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს  დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ამომრჩეველთა აღრიცხვა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის დოკუმენტის წარდგენა.

3. დაევალოს, ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტს, საარჩევნო  ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვის საბოლოო ანგარიშის ცესკოსთვის წარდგენა.

სხვა სიახლეები

ვიდეორგოლი არჩევნებისთვის

ტრენინგი ტრენერებისთვის