კომიტეტის მიერ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შესახებ წარმოებული გამოძიება

A+
A-

წინამდებარე გამოძიების კვლევის საგანს წარმოადგენს თუ რა ზეგავლენა იქონია სახელმწიფო მხარის მიერ შემუშავებულმა კანონმდებლობამ, პოლიტიკამ და ზომებმა, 2010 წლიდან მოყოლებული წინამდებარე ანგარიშის შედგენის მომენტამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა თუ მათ მიერ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თემში ინტეგრაციის უფლებით სარგებლობაზე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი), ცხოვრების ადეკვატური სტანდარტისა და სოციალური დაცვის უფლებაზე (მუხ. 28) და შრომისა და დასაქმების უფლებაზე (მუხ. 27). 

 

2012 წლის დასაწყისიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტში დაიწყო შემოსვლა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მხარის მიერ მის ტერიტორიაზე გატარებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმები სავარაუდოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენდა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ინფორმაცია მიუთითებდა იმაზე, რომ სოცუზრუნველყოფის რეფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა სოციალური შემწეობები, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით დაცულ რამდენიმე უფლებასთან. მას შემდეგ კომიტეტში არაერთი ინფორმაცია შემოვიდა სხვადასხვა წყაროდან.

 

2013 წლის აპრილში კომიტეტმა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რამდენიმე ორგანიზაციის ოფიციალური მოთხოვნა, რომელშიც საუბარი იყო კონვენციის დებულებების სავარაუდოდ სერიოზულ სისტემურ დარღვევებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ კომიტეტს დაეწყო მოთხოვნაში წამოჭრილი საკითხების გამოძიება.

 

2013 წლის აპრილში, მე-9 სესიის დროს, კომიტეტმა გადაწყვიტა დაერეგისტრირებინა მოთხოვნა და კომიტეტის პროტოკოლის 82(2) წესის შესაბამისად, მოეთხოვა სახელმწიფო მხარისგან კომენტარების წარდგენა. 2013 წლის 20 აგვისტოს და 2014 წლის 28 მარტს სახელმწიფო მხარემ კომენტარები წარადგინა.

 

2014 წლის აპრილში, მე-11 სესიის დროს, კომიტეტმა შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია კონვენციის ფაკულტატიური ოქმის მე-6 მუხლისა და კომიტეტის პროტოკოლის 84-ე წესის შესაბამისად და დაადგინა კონვენციაში გაწერილი უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ არსებული ინფორმაციის სანდოობა. კომიტეტმა დაიწყო გამოძიება და მომხმსენებლად დანიშნა თავისი ორი წევრი. გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მხარეს ეცნობა 2014 წლის 29 მაისს. 

 

კომიტეტის პროტოკოლის 84(4) წესის შესაბამისად და სახელმწიფო მხარესთან კონსულტაციების შედეგად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე გადაევადებინა სახელმწიფო მხარის მიერ კონვენციის 35-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი პირველადი ანგარიშის განხილვა.