ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ N1

A+
A-

კანონის წინაშე თანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი პრინციპია და აუცილებელია სხვა უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ითვალისწინებს კანონის წინაშე თანასწორობას. გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, კერძოდ, მისი მე-12 მუხლი აღწერს ამ სამოქალაქო უფლებას და აკონკრეტებს იმ ასპექტებს, რომლებზეც, როგორც წესი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მუხლი არ აწესებს დამატებით უფლებებს ამ პირებისთვის, მხოლოდ ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოებმა, რათა უზრუნველყონ შშმ პირთა თანასწორობა კანონის წინაშე. 

ამ მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტმა ხელი შეუწყო ინტერაქციული ფორუმების შექმნას ქმედუნარიანობის საკითხებზე დისკუსიებისათვის. კომიტეტმა მე-12 მუხლის დებულებები განიხილა შემდეგ მხარეებთან ერთად: ექსპერტები; მონაწილე სახელმწიფოები; შშმ პირთა, არასამთავრობო და ხელშეკრულების მონიტორინგის ორგანოები; ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები და გაეროს სააგენტოები. შედეგად, მან მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო დამატებითი განმარტება და გზამკვლევის მომზადება ზოგადი კომენტარის სახით.