ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ N4

A+
A-

ისტორიულად დახმარების მიმღებად მიჩნეული შშმ პირები ახლა საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიარებულნი არიან, როგორც უფლების მქონენი. მათ აქვთ განათლების უფლება - დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე. კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989), მსოფლიო დეკლარაცია „განათლება ყველასათვის“ (1990), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები (1993), სალამანკას დეკლარაცია და სამოქმედო ჩარჩო (1994) - ყველა მათგანი მოიცავს ზომებს, რომლებიც ემსახურება შშმ პირთა განათლების უფლების გაგებასა და ცნობიერების გაზრდას.

ინკლუზია განათლების უფლების მიღწევის გასაღებია. მისი აღიარების პროცესი გაძლიერდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და დაცულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით - პირველი სამართლებრივად სავალდებულო ინსტრუმენტით, რომელიც მოიცავს მითითებას ხარისხიანი ინკლუზიური განათლების კონცეფციაზე. მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი ასევე ადასტურებს ინკლუზიური, ხარისხიანი და სამართლიანი განათლების მნიშვნელობას. ინკლუზიური განათლება უმთავრესია ყველა მსმენელის, მათ შორის, შშმ პირების მაღალხარისხიანი განათლების, ასევე, ინკლუზიური, მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების განვითარებისათვის. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში, რომელიც შეეხება შშმ პირთა განათლების უფლების თემატურ სწავლებას, აღნიშნულია, რომ მხოლოდ ინკლუზიურ განათლებას შეუძლია უზრუნველყოს შშმ პირთა ხარისხიანი განათლება და სოციალური განვითარება, ასევე, უნივერსალობის გარანტია და დისკრიმინაციის დაუშვებლობა განათლების უფლებაში.1