ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ N6

A+
A-

წინამდებარე ზოგადი კომენტარის მიზანია, განმარტოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულება დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით, რომელსაც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-5 მუხლი.

კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წევრი სახელმწიფოების კანონები და პოლიტიკა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს ჯერ კიდევ დახმარებისა და/ან სამედიცინო მოდელების კუთხით უდგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები კონვენციას არ შეესაბამება. მსგავსი პარადიგმების მუდმივი გამოყენება ხელს უშლის შშმ პირთა აღიარებას უფლებების სრულყოფილ სუბიექტებად და უფლებების მქონეებად. გარდა ამისა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები ჯერჯერობით არასაკმარისად ცდილობენ დამოკიდებულებითი ბარიერების გადალახვას შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ. ამის მაგალითია მყარად შენარჩუნებული და დამამცირებელი სტერეოტიპები, სტიგმა და წინასწარი განწყობები შშმ პირთა მიმართ და მათი აღქმა საზოგადოების ტვირთად. საპასუხოდ, აუცილებელია, შშმ პირებმა, წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით, წამყვანი როლი შეასრულონ სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმების შემუშავებაში.

ანტიდისკრიმინაციული კანონებისა და ადამიანის უფლებათა ჩარჩოების გაფართოებას ბევრ წევრ სახელმწიფოში შედეგად მოჰყვა შშმ პირთა უფლებების გაფართოებული დაცვა. მიუხედავად ამისა, ეს კანონები და მარეგულირებელი ჩარჩოები ხშირად არასრულყოფილი და არაეფექტიანია, ან მიუთითებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელის არასათანადო გააზრებაზე. ბევრი ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა ხელს უწყობს შშმ პირთა გამორიცხვის, იზოლაციის, დისკრიმინაციისა და მათ მიმართ ძალადობის შენარჩუნებას. ხშირ შემთხვევაში, აღიარებული არ არის მრავალგვარი და ინტერსექციური ჩაგვრა, ან ჩაგვრა ასოცირების ფორმით; ასევე ის, რომ გონივრული მისადაგების არარსებობა დისკრიმინაციაა; არ არსებობს სამართლებრივი რეაგირებისა და ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმები. მსგავსი კანონები და პოლიტიკური მიდგომები, როგორც წესი, არ ითვლება შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციად, რადგან ისინი მართლდება შშმ პირთა დაცვის, მათზე ზრუნვის ან მათი საუკეთესო ინტერესების მოტივით.