შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეფასება
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", პარტნიორ ორგანიზაციებთან "უნისონი" (სომხეთი) და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ასოციაცია" (მოლდოვა) ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: "მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის".
სამი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის ძირითადი მიზანია სომხეთში, მოდლოვასა და საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ხარისხის შესწავლა, ამ ქვეყნებში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორისო დონეზე. ამის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის დონის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შემუშავდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მიღებით დაადასტურა მზაობა გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება, ეროვნული კანონებითა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დონე მნიშვნელოვნად დაბალია. მოცემული დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს არსებული საკანანმდებლო ჩარჩოს გადახედვას, გაუმჯობესებასა და ეფექტურ განხორციელებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოცდილებების გათვალისწინებას მათი უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების კონვენცია მნიშვნელოვანი ჩარჩოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მდგრადობის შესანარჩუნებლად. 2013 წელს რატიფიცირების თარიღიდან (ძალაში შევიდა 2014 წელს) საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეროვნული კანონების კონვენციასთან ჰარმონიზაციისთვის. ამის ერთ- ერთი დასტური საქართველოს კანონია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც 2020 წელს მიიღეს.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული რაოდენობრივი გამოკითხვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ სრულყოფილი ცოდნა საერთაშორისო თუ საქართველოში არსებულ სამართლებრივ დოკუმენტებზე და მათი გამოყენების მექანიზმებსა და მონიტორინგზე. მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და რა ვალდებულებები აკისრია სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით, თუმცა, აღნიშნული ცოდნა საჭიროებს გაუმჯობესებას და ფაქტებზე დაყრდნობას. უმთავრეს პრობლემას კი, ინფორმაციაზე მისაწვდომობა წარმოადგენს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან ჩატარებული ფოკუს- ჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯერ კიდევ ძალიან დაბალი და არაეფექტურია, რადგან მათ არ მოიაზრებენ საკითხის ექსპერტებად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ხარვეზებია კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესებში. ფოკუს-ჯგუფის დისკუსიაზე გაჟღერებული მოსაზრებების მიხედვით, სხვადასხვა სერვისებისა თუ მისაწვდომობის სტანდარტების მონიტორინგის სისტემა არ არის გამართული. ამასთანავე, სხვადასხვა მიმართულებით ერთიანი სამოქმედო გეგმები და სტარატეგიები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეებზე საჭიროებს შემუშავებასა ან გაუმჯობესებას. სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მიდგომა ზოგიერთ შემთხვევაში, კვლავ ეყრდნობა ძველ მიდგომებს და საჭიროებს ცვლილებას.
წინამდებარე ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ გააუმჯობესოს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის შიგნით კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისთვის აუცილებელი სტრუქტურის შემუშავებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსპექტივიდან საჭირო ქმედებებს არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და კონვენციის იმპლემენტაციის გასაუმჯობესებლად.