თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში
ეს კვლევა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს არბაითერსამარიტერ-ბუნდი და არ ასახავს ევროკავშირის მოსაზრებას.
2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ, შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება გახდა.
გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით, წლების მიხედვით გაწერილი იყო კონკრეტული აქტივობები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ მთავრობებს შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის მხარდასაჭერად უნდა განეხორციელებინათ. აღნიშნული გეგმა ადგილობრივ მთავრობებს ავალებდა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების შექმნას, ადგილობრივი შშმპ თემის აქტიური ჩართულობით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის ეს მექანიზმი ხელს უწყობდა გაეროს კონვენციის 33.11 მუხლის შესრულებას.
მოცემული კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ მთავრობებში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის შესწავლა. კვლევა განხორციელდა პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” თანამშრომლობით. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენს საბჭოების ეფექტურობაზე; ასევე, საბჭოების მუშაობის პროცესში აღმოცენებული გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზება.
განმახორციელებელი ორგანიზაციები:
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC)
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)