შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცესები გამარტივდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
სპეციალურმა კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცესები გაამარტივა. კერძოდ, შეიქმნა მობილური ჯგუფები და ადაპტირებული საარჩევნო კაბინები. მობილური ჯგუფები ამომრჩევლებს დაეხმარებიან საარჩევნო უბანზე მისვლაში, ადაპტირებული საარჩევნო კაბინები კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს იქნება მორგებული.
ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებში და საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისთვის გაკეთდა პანდუსები: 73 ოლქში - 108 პანდუსი.
სპეციალურმა კომისიამ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე გადაამოწმა 8 523 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველიც და განსაზღვრა მათი ინდივიდუალური საჭიროებები. შედეგად, დაფიქსირდა სულ 4792 უსინათლო, 1829 სმენადაქვეითებული და 1902 ეტლით მოსარგებლე ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობამ ბინაზე საარჩევნო ყუთის მიტანა მოითხოვა.
დღევანდელ ღონისძიებაზე, სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს. კერძოდ, კომისია აპირებს 39 მუდმივი პანდუსის შექმნას, საარჩევნო პროცედურების შესახებ მომზადებული რგოლის გავრცლებას სურდოთარგმანის თანხლებით, 18 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატების სურდოთარგმანის თანხლებით გადაცემას, საარჩევნო კოდექსის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვას და ა.შ.
შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის(IFES) ინიციატივით ჩატარდა. სამუშაო ჯგუფში კი, შემდეგი ორგანიზაციები შედიოდნენ: IFES, სახალხო დამცველის ოფისი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“, საქართველოს ყრუთა კავშირი, საქართველოს უსინათლოთა კავშირი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო „იმედი“.