ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართვის მოწმობის მიღების დროს აწყდებიან

A+
A-

პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის" ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები სხვადასხვა ფორუმებსა და ჯგუფებში მუდმივად ვიკვლევთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტებს.

სწორედ ასეთი მოკვლევის დროს, აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც მართვის მოწმობის გამოცდის პროცედურებთან დაკავშირებით, მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. კერძოდ, მას სურდა, საკუთარი ადაპტირებული ავტომობილით ჩაებარებინა გამოცდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კატეგორიული უარი განუცხადეს.

გამოცდაზე გასვლამდე, ქალს სერვისცენტრის მოძიებაც ესაჭიროებოდა, რომელიც მანქანის ადაპტირებას უზრუნველყოფდა. ზოგადად, მართვის მოწმობის აღების წესთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია, რამაც მიგვანიშნა, რომ ეს გამოწვევა საკმაოდ აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისთვის.

პირველ რიგში, იმ კომპანიის მოძიება დავიწყეთ, რომელიც ავტომობილის ადაპტირებას სრული სტანდარტების დაცვით განახორციელებდა. მომსახურების სააგენტოსთან ერთ კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მივაღწიეთ შედეგს და გადაწყდა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე ე.წ. გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენება მოხდებოდა. 

ყველასთვის გასაგები რომ გახდეს, აქვე განვმარტავ, "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2006 წლის კონვენციის" თანახმად, "გონივრული მისადაგება" – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას. მსგავსი ჩანაწერი ადგილობრივ კანონმდებლობაშიც არსებობს, კერძოდ, 2020 წლის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში.

მეორე საქმე, რომელიც გვინდა განვიხილოთ, ახალგაზრდა მამაკაცის მომართვას ეხება. მას სამედიცინო ცნობის ე.წ. ფსიქოს აღებაში სურდა დახმარება. იმის გამო, რომ მამაკაცს სამედიცინო ცნობაში ბავშვთა ცერებრული  დამბლა ეწერა, რამდენიმე დაწესებულებამ კატეგორიული უარი გამოუცხადა აღნიშნული ცნობის გაცემაზე.

თუმცა, არ არსებობს არანაირი კვლევა ან რაიმე დამადასტურებული არგუმენტი იმისა, რომ ბავშვთა ცერებრული დამბლის დიაგნოზის მქონე პირები, მანქანის მართვის დროს, რაიმე დამატებით საშიშროებას ქმნიან. მითუმეტეს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, საკმაოდ განსხვავებული საჭიროებები აქვთ და არ შეიძლება მათი ერთ პრიზმაში განხილვა.

საკითხის მოვკლევა იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან დავიწყე, რომლებმაც უარი თქვეს ცნობის გაცემაზე. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცნობა კომისიური წესით ჩატარებული შეფასების შემდეგ უნდა გაიცეს, არცერთ სამედიცინო დაწესებულებას არ მოუხდენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ზემოთ აღნიშნული, წესით შეფასება და მხოლოდ დიაგნოზის წაკითხვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. გამოდის, რომ  საკითხის სიღრმისეულად მოკვლევის დროს,  სისტემურ პრობლემას ვეჯახებით, რადგან არ არსებობს არცერთი ნორმატიული აქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერების გათვალისწინებით, არეგულირებს/დეტალურად განსაზღვრავს შშმ პირის შეფასების კრიტერიუმებს.

დაახლოებით, ორ კვირიანი ძებნისა და მოლაპარაკების შემდეგ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო დაგვთანხმდა, ზემოთ აღნიშნული, პირის შეფასებაზე და შედეგად, მან შეძლო მართვის მოწმობისთვის საჭირო სამედიცინო ცნობის მიღება.

რატომ გადავწყვიტეთ საზოგადოებისათვის ამ ორი შემთხვევის შესახებ გვეამბო? ალბათ, იმიტომ, რომ მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციითა და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უამრავი უფლებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახელმწიფოში არსებული დილეტანტური მიდგომების გამო, მაინც განუწყვეტლივ აწყდებიან ბარიერებს. ეს კი, დამატებით ძალისხმევას საჭიროებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტების კეთილ ნებაზე დამოკიდებულებს ტოვებს. 

ასეთ დროს, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს რჩება, უფლებადაცვით ორგანიზაციებთან კონტაქტია. სწორად ასეთი ორგანიზაციების დამსახურებაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს არაერთი სერვისი და შესაძლებლობა გააჩნია. თუმცა, ცხადია, მოსაპოვებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

 

ავტორი: დეა ერემაშვილი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები