Შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელების მნიშვნელობა

A+
A-

დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში თანამშრომლობის მნიშვნელობა სულ უფრო აშკარა ხდება. განსაკუთრებით, იმ ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ადვოკატირება რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც ერთიან და თანამშრომლობით მიდგომას მოითხოვს. 

სტატიაში ვეცდები წარმოვაჩინო ქსელური თანამშრომლობის მნიშვნელობა და სარგებლიანობა იმ ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის,  რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ; შევეხები მიზეზებს, თუ რატომაა ქსელური თანამშრომლობა გადამწყვეტი გლობალური, ეროვნული თუ ლოკალური მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ადვოკატირებისთვის; განვიხილავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული ქსელური მუშაობის გამოცდილებას და საქართველოს ახლადშექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის არსს, მუშაობის პრაქტიკასა და მიზნებს; ბოლოს კი, დასკვნით ნაწილში, შევაჯამებ აქ დასმულ თითოეულ ცენტრალურ საკითხს. 

უპირველესი მიზეზი, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის ქსელური თანამშრომლობა გადამწყვეტია, მრავალფეროვანი გამოცდილების, ცოდნისა და რესურსების გაერთიანებაა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად აწყდებიან უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ყოვლისმომცველ და მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვენ. ქსელში თანამშრომლობით, მის წევრებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ უამრავ ინფორმაციაზე, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკები და გამოიყენონ კოლექტიური ექსპერტიზა სხვადასხვა საქმიანობებში. ქსელური თანამშრომლობა შეზღუდული რესურსების ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები უმეტესწილად, შეზღუდული ბიუჯეტითა და ადამიანური რესურსით მუშაობენ. სხვა თანამოაზრე სუბიექტებთან ძალების გაერთიანებით კი, მათ შეუძლიათ დაზოგონ ბიუჯეტი, გააერთიანონ ფინანსური რესურსები და გააუმჯობესონ მათი გავლენა საზოგადოებაში. ეს კოლაბორაციული მიდგომა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს  განახორციელონ უფრო ამბიციური პროექტები, შესთავაზონ სერვისების უფრო ფართო სპექტრი და ხმა მიაწვდინონ იმაზე დიდ აუდიტორიას, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ. 

არსებითად, ქსელური თანამშრომლობა ინდივიდუალურ ძალისხმევას პოზიტიური ცვლილებების მაშტაბურ კოლექტიურ ძალად გარდაქმნის.

ამას გარდა,  ქსელში თანამშრომლობა ხელს უწყობს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიების გაზიარებას. 

თანამშრომლობის ხელშეწყობით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გაცვალონ წარმატებული მიდგომები და ისწავლონ ერთმანეთის გამოცდილებიდან. ეს არა მხოლოდ აჩქარებს ინოვაციების ტემპს, არამედ უზრუნველყოფს ეფექტური გადაწყვეტილებების გავრცელებას და დანერგვას უფრო ფართოდ, რაც უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის სარგებლის მომტანია. 

მეორე მხრივ, ქსელური თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ადვოკატირებაში.

ერთობლივად, ქსელის წევრებს შეუძლიათ გააძლიერონ გავლენა სახელმწიფო პოლიტიკაზე, კერძო სექტორსა და ფართო საზოგადოებაზე. ერთიანი პოზიცია ზრდის შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხების ხილვადობას, რაც იწვევს ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს უფრო ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება, ხელმისაწვდომი გარემო და გაუმჯობესებული შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რაც შეეხება ლოკალურ თუ რეგიონალურ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობას, რომელიც ხშირად უფლებების დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს, ქსელური მუშაობა საშუალებას აძლევს ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანიზაციებს გააერთიანონ რესურსები, გაიზიარონ წარმატებული სტრატეგიები და ერთობლივად გაუმკლავდნენ იმ საერთო გამოწვევებს, რომლებიც მათ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში არსებობს. ქსელის მხარდაჭერითა და ერთად მუშაობით, ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი გავლენა, რომელიც რეგიონალურ და მუნიციპალურ პოლიტიკებში აისახება, რაც უფრო ინკლუზიურ საცხოვრებელ გარემოს შექმნის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე ადამიანიებისთვის. სხვა მხრივ, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობა უზრუნველყოფს ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას. 

Გარდა ამისა, ქსელში გაერთიანებულ ორგანიზაციებსა და აქტიურ ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ  მდგომარეობას იმ სპეციფიკურ საჭიროებებზე და საკითხებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში აწყდებიან. ეს ლოკალური ცოდნა ფასდაუდებელია სწორი ადვოკატირების წარმოებისას, სხვადასხვა თემში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, რაც ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების საშუალებას იძლევა. 

ეროვნულ საფეხურზე ქსელური თანამშრომლობის ძალა კიდევ უფრო გამოხატულია.

ერთობლივი ძალისხმევა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს საშუალებას აძლევს საერთო საქმის ქვეშ გაერთიანდნენ და თავიანთი კოლექტიური გავლენა გააძლიერონ. ეს ერთიანობა განსაკუთრებით გადამწყვეტია ეროვნული პოლიტიკის შემქმნელებთან, კანონმდებლებთან და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობისას, რათა სახელმწიფოში არსებობდეს გამართული კანონმდებლობა; მუშავდებოდეს და ხორციელდებოდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციაზე დაფუძნებული ეროვნული პოლიტიკა და პროგრამები. ქსელური თანამშრომლობა ეროვნულ დონეზე, ასევე, ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკისა და ადვოკატირების ახალი მიდგომების გაზიარებას. 

სხვადასხვა რეგიონებში ერთი და იმავე დაბრკოლებების შემთხვევაში, წარმატებული სტრატეგიების გაცვლამ შესაძლოა, დააჩქაროს პროგრესი და გააუმჯობესოს ადვოკატირების ინიციატივების საერთო ეფექტურობა. ეროვნულ დონეზე კოორდინირებით, ქსელის წევრებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ სისტემურ ცვლილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა.

რაც შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ მრავალი გამოწვევის გლობალურ ბუნებას, რომელიც საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას მოითხოვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელებს შეუძლიათ ერთობლივად იმუშაონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რათა გავლენა იქონიონ გლობალურ პოლიტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა  და მათ კეთილდღეობას. ეს ერთობლივი მიდგომა გადამწყვეტია ტრანსნაციონალური საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის აღსრულება და მონიტორინგი, მისაწვდომობის სტანდარტები და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება.

გარდა ამისა, საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს სოლიდარობას სხვადასხვა ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებსა და ქსელებს შორის. ეს ურთიერთდაკავშირება შესაძლებლობას იძლევა გაზიარდეს ცოდნები, გამოცდილებები, და ხედვები გლობალურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხების უფრო სრულყოფილ გაგებას. 

ყოველივე ზემოთქმულის   პრაქტიკული დადასტურება "ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმია" (European Disability Forum (EDF)), რომელიც ევროპის მაშტაბით მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელური გაერთიანებაა. EDF ფლატფორმაა, რომელიც ევროპის ქვეყნების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნულ ქოლგა ორგანიზაციებს მოიცავს და ადვოკატირების საქმიანობას ეწევა, რათა გავლენა იქონიოს პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე ევროკავშირის დონეზე. ის მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საჭიროებები პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში იყოს გათვალისწინებული, როგორიცაა მისაწვდომობა, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინკლუზია. 

"ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმი" სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერს მის წევრ ორგანიზაციებს, რათა გააძლიეროს მათი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში ეროვნულ დონეზე. მხარდაჭერა მოიცავს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას, ტრენინგების ორგანიზებას და წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

"ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობს და ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებას. ეს მოიცავს საკომუნიკაციო კამპანიებს, ღონისძიებებსა და ინიციატივებს, რათა ხაზი გაუსვას ძირითად საკითხებს და ხელი შეუწყოს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებას. ის ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროპული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების თვალყურის დევნებას და მისი სრული განხორციელების ადვოკატირებას. "ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმი" თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრთან, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ეროვნულ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი პოლიტიკასა და პრაქტიკაში. 

რაც შეეხება საქართველოში ქსელური გაერთიანების საჭიროებას, ბოლო წლებში, უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა ერთიანი ფლატფორმის არსებობის საჭიროება.

შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა მშობელთა ახალი ორგანიზაციები, გაჩნდნენ სერვისის ახალი განმახორციელებლები, გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავეთა რაოდენობა და სხვადასხვა აქტორებმა ჩამოაყალიბეს  თავიანთი მიმართულებებით ქოლგა ორგანიზაციები. ამ ყველაფერს კოვიდ 19-ის პანდემია დაემატა და გამოიკვეთა საერთო საკომუნიკაციო სივრცის შექმნის აუცილებლობა, რის შედეგადაც,  გასულ წელს, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი შეიქმნა. 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქსელის დაფუძნებას წინ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი აქტივობები უძღვოდა. არაერთი შეხვედრა, დისკუსია, მოლაპარაკება გაიმართა ქსელის სტრუქტურის, უფლებამოსილების, სამართლებრივი ფორმისა და მართვა-გამგეობის შესახებ. 

დღესდღეობით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელში 150-მდე ორგანიზაცია და დამოუკიდებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთა შორისაც, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალთა, მშობელთა ორგანიზაციები, ასევე, სერვისის განმახორციელებლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული აქტორები, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა  რეგიონიდან. 

ქსელის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა. აქედან გამომდინარე, იგი თანამშრომლობს, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან, ასევე, უფლებადაცვით ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხსენებული პლატფორმა შექმნილია სოლიდარობის, თანასწორობისა და  ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებით. 

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის მართვა-გამგეობას ახორციელებს ყველა შემავალი აქტორი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, მშობელთა, სერვისის მიმწოდებელთა ორგანიზაციების ჩართულობით, რომელთა შორისაც უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციებია. ქსელს გააჩნია ყრილობა და ცხრა წევრიანი გამგეობა, რომლებიც ყრილობის მიერაა არჩეული. გამგეობაში შედიან სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, მშობელთა და სერვისის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების უმრავლესობის პრინციპი. 

მიუხედავად საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის არსებობის მოკლე პერიოდისა, იგი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, გამოსაყოფია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის აღსრულებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული 2024-2026 წლების ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და რეკომენდაციების მიწოდება. 

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ქსელური თანამშრომლობა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ შეუცვლელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მშობელთა, სერვისის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტიური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

ერთობლივი მუშაობის კოლექტიური ძალა საშუალებას აძლევს ქსელის წევრებს გადალახონ გამოწვევები, გამოიყენონ რესურსები, გაიზიარონ ცოდნა და გააძლიერონ თავიანთი გავლენა პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.

ქსელური მუშაობა აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის ფორუმის თუ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, მათ შეუძლიათ შექმნან უფრო ინკლუზიური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც საბოლოო, ჯამში ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებას.

 

ავტორი: დავით ბიბილეიშვილი

 

სხვა სიახლეები