პროფესიული კოლეჯები და ბარიერები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

A+
A-

როდესაც ქვეყანაში უმაღლესი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება, პროფესიული განათლება არის ის ერთადერთი იარაღი, რომლითაც შშმ პირებს რეალური შესაძლებლობა ექმნებათ დასაქმდნენ შრომის ღია ბაზარზე, შეძლონ საკუთარი პიროვნების განვითარება, საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზება.

შშმ პირებისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობის მიუხედავად, სახელმწიფო არ ჩქარობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციითა და საქართველოს კანონით შშმ პირთა უფლებების შესახებ დაკისრებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, როცა რომელიმე სასწავლო პროგრამის შედეგის 50% რეალურ სამუშაო გარემოში მიიღწევა და ის ხორციელდება მესამე (კერძო ფიზიკური, თუ იურიდიული) პირის ფინანსური თანამონაწილეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიღება დამოკიდებული ხდება მესამე პირის თანხმობაზე. მაგალითად, თუ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის თანადამფინანსებელი რომელიმე ღვინის კომპანიაა, მინისტრის ბრძანებით, სწორედ ამ ღვინის კომპანიიის თანხმობაა საჭირო, რომ შშმ პირი აღნიშნულ პროგრამაზე მოხვდეს.

წლიდან წლამდე იცვლება იმ კოლეჯებისა და პროგრამების დასახელება, სადაც სწავლის საშუალება არ ეძლევათ შშმ პირებს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე. 2021 წელს 12-მდე კოლეჯის სხვადასხვა პროგრამებზე იყო შშმ პირთა დაშვება შეზღუდული. 2022 წელს კი, 4 კოლეჯის 9 პროგრამაზე იყო დახურული შშმ პირებისთვის. თუმცა კლების ეს მაჩვენეებლი არ ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს რაოდენობა ისევ არ გაიზრდება. რადგან ბრძანება სრულად აძლევს უფლებას კერძო პირს უარი განაცხადოს შშმ პირის მიღებაზე ამა თუ იმ პროგრამაზე ნებისმიერი დასაბუთების გარეშე.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ის პროგრამები, რომლებზეც შშმ პირებს არ აძლევენ უფლებას დაშვებულ იყვნენ, არ არის დაკავშირებული არანაირ სპეციფიკურ ფიზიკურ მომზადებასთან, ან სპეციფიკურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან. რაც კიდევ უფრო გაუგებას ხდის შშმ პირების გამორიცხავს ამ პროგრამებიდან. მაგალითად, 2022 წელს შშმ პირთა მისაღებ რაოდენობაში ნული ეწერა ისეთ პროგრამებს როგორებიცაა: მებოსტნეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, ბაღის დიზაინი, ვეტერინარია, კულინარია, მებაღეობა, მეხილეობა, სასტუმრო მომსახურება.

ბრძანება თავისი შინაარსით, ისევ კერძო პირების კეთილი ნების პირისპირ ტოვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ სამართლებრივი დაცვის საფუძველს აცლის. ის არ აძლევს საშუალებას შშმ პირებს სხვათა თანასწორად მოახდინონ თავიანთი უფლებების რეალიზება. კოლეჯები თავიანთ პასუხებში თავს სწორედ ამ ბრძანებით იმართლებენ. კერძო პირები კი, რომლებიც უარს აცხადებენ თავიანთი თანადაფინანსებით განხორციელებულ პროგრამებზე შშმ პირები მიიღონ, არსად ფიგურირებენ და პასუხს მათ არავინ სთხოვს. 

სახელმწიფო ავიწყდება, რომ სწორედ მისი მოვალეობაა შშმ პირები დაიცვას მესამე პირთაგან განხორციელებული დისკრიმინაციისგან. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4 მუხლი (ზოგადი ვალდებულებები) წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, ყოველგვარი  დისკრიმინაციის გარეშე. ამის განსახორციელებლად სახელმწიფოს ევალება მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, გააუქმოს ყველა კანონი, ბრზანება, დადგენილება, წესი, რომელიც დისკრიმინაციულია, ან ახალისებს დისკრიმინაციას. ასევე, ევალება მიიღოს ყველა ზომა ნებისმიერი კერძო პირის, ორგანიზაციის ან კერძო საწარმოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

ჩვენ პასუხს სახელმწიფოს ვთხოვთ და მოველით მისგან გონივრულ ვადებში ბრძანების გადახედვას. ვითხოვთ, შშმ პირთათვის უზრუნველყოს ხარისხიანი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც ამას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან ერთად, ითხოვს საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. 

 

ავტორი: ქეთვან ხომერიკი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა სიახლეები